ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა" - ნიკა გვარამია

"მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა" - ნიკა გვარამია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ამის შესახებ გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ დადებულ ახალ დასკვნაზე ისაუბრა. გვარამია მიმართავს სახალხო დამცველს თავისი ეგიდით შექმნას პარიტეტული კომისია, რომელშიც დაცვის მხარის მიერ წარდგენილი 8 ექიმი უნდა შევიდეს.

"მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და კიდევ უფრო დამძიმდა. არანაირი გამოხმაურება ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯზე, რომ მიხეილ სააკაშვილი მზადაა შეწყვიტოს შიმშილობა იმ პირობებში, როდესაც იქნება შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციისთვის შესაბამის კლინიკაში გადაყვანილი, არ ყოფილა. მიხეილ სააკაშვილისთვის გლდანის ციხეში შიმშილობის შეწყვეტა უფრო საფრთხის შემცველია, ვიდრე შიმშილობის გაგრძელება. ჩვენ გვაქვს ახალი დასკვნა, რომელიც მძიმეა. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის კონდიცია ძალიან მძიმეა, მაგრამ მთავარი არის მისი სამართლებრივი სტატუსი. ის იმყოფება უწყვეტი წამების ქვეშ, არ ხდება რეალურად მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა და რეალურად ხდება მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, ვერ აღებს ფანჯარას, ვერ აქრობს შუქს იმიტომ, რომ ნებისმიერ ასეთ ვითარებაში იწყება სააკაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური შტურმი, არა მხოლოდ გინება, მუქარები - ახლა შემოვალთ და გაგისწორდებით! შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს არც სძინავს და იმყოფება წამების ორი ფორმის ქვეშ - მუდმივი ხმაურის და ანთებული შუქის პირობებში. საერთაშორისო კონვენციებით ეს წამების ძალიან მძიმე ფორმად ითვლება, როდესაც ადამიანს დაძინების საშუალებას არ აძლევენ.

მიხეილ სააკაშვილისთვის ყოველი საათი არის წამების საათი და ყოველი წუთი ატარებს სასიცოცხლო მნიშვნელობას, ამიტომ ჩვენ მივმართავთ სახალხო დამცველს კონსილიუმი პარიტეტულ საწყისებზე შეიქმნას მისი ეგიდით: გიორგი ბერულავა- ექსპერტი ფსიქიატრი, კახაბერ ბერაძე - ექსპერტი ფსიქოლოგი, ოთარ თოიძე - ექსპერტი ნევროლოგი, პროფესორი, ლალი ჯავაშვილი - ექსპერტი ენდოკრინოლოგი, პროფესორი; მარინე აბაშიძე - ექსპერტი ჰემატოლოგი, ტრანსფუზიოლოგი, პროფესორი; ლევან ბესელია - ექსპერტი გადაუდებელ მედიცინაში, ანესთეზიოლოგ- რეანიმატოლოგი; მარიამ ჯიშკარიანი - შემთხვევის სუპერვაიზორი და ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ცენტრი ემპათიას“ ხელმძღვანელი და ნიკა ყიფშიძე, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი - ეს 8 ადამიანი, ვისაც ეკუთვნის დასკვნა, ვითხოვთ ამ დასკვნის გათვალისწინებას სახალხო დამცველის მხრიდან და პარიტეტულ კომისიაში ამ 8 ადამიანის შეყვანას.

ასევე მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს, თვითონ წარმოადგინონ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილ კომისიაში ასევე 8 წევრი. ვენდობით სრულად კონსილიუმის იმ შემადგენლობას, რომელიც დღეს აღარ მოქმედებს. ასევე შესაძლებელია, სახალხო დამცველმაც შეიყვანოს თავისი წარმომადგენლები ამ კომისიაში, თუ ამას საჭიროდ ჩათვლით“, - განაცხადა გვარამიამ.

ადვოკატი სახალხო დამცველს მიმართავს, რომ ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილთან დაუყოვნებლივ შევიდეს და აამოქმედოს წამების საწინააღმდეგო ნაციონალური მექანიზმი.

„დაოქმდეს საკუთრივ მიხეილ სააკაშვილის ჩვენება წამებასთან დაკავშირებით, ასევე მოხდეს იმ პირობების და შესაძლებლობების, ასევე წამების იმ ფორმების ინსპექტირება, რომლის ქვეშაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება“, - განაცხადა გვარამიამ.