"ქართული ოცნების” წევრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სამოქალაქო და სასჯელაღსრულების კლინიკის ექიმები უნდა შეჯერდნენ და უცნაურია, როდესაც ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკოსები უფრო აქტიურობენ.
როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, სასიცოცხლო პარამეტრები და კვლევების პასუხები თვლადია და ამაზე ინტერპრეტაციების გაკეთება შეუძლებელია.
"მინიმუმ უცნაური ვითარებაა, როდესაც პოლიტიკოსები უფრო აქტიურები არიან ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ვიდრე ექიმები და ბევრად უფრო მაღალ მოთხოვნებს აყენებენ. მეორე მოცემულობაა ის, რომ ყველაზე გადამწყვეტი მგონია, რომ სამოქალაქო სექტორის და სასჯელაღსრულების ექიმები უნდა დასხდნენ და შეჯერდნენ პოზიციებზე. საბედნიეროდ, როგორ სასიცოცხლო პარამეტრები, ასევე ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული ტესტების პასუხები არის თვლადი და რაოდენობრივი. აქ ორმაგ ინტერპრეტაციას ვერ გააკეთებ. ეს მგონია სწორი გზა, რომ ჯანმრთელობაზე იზრუნონ ექიმებმა და არა პოლიტიკოსებმა”,- განაცხადა სერგეენკომ.
ამასთან, სერგეენკომ უპასუხა კითხვას მოშიმშილე დეპუტატებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მათ შიმშილობა უნდა შეწყვიტონ და ექიმებს შესაძლებლობა მისცენ, რომ პოზიციები შეაჯერონ.
"პოლიტიკური საკითხები გვერდზე უნდა გადაიდოს და ექიმები უნდა შეჯერდნენ", - განაცხადა სერგეენკომ.
მისივე თქმით, პოლიტიკოსებს, ვინც სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, მოლოდინი აქვთ, რომ ამით პოლიტიკური პროცესები გააქტიურდება.
“ის პოლიტიკოსები, რომლებიც სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ, უფრო პოლიტიკურ შემადგენელს უყურებენ და მოლოდინი აქვთ, რომ ამ გადაყვანით პოლიტიკური პროცესები გააქტიურდება. რატომ ითხოვენ სამოქალაქო დაწესებულებას?! - ორად ორი კრიტერიუმი დარჩა - ელექტრომაგნიტური რეზონანსი და კატერიზაციის ლაბორატორია არ არის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. უამრავ კლინიკაში არ არის ეს ორი და თუ საჭირო გახდა, ბევრჯერაა ეს გზა გავლილი, როგორ გადაიყვანონ და ჩაიტარონ კვლევა”, - განაცხადა სერგეენკომ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 46-ე დღეა შიმშილობს. მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა გუშინ დაიწყეს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა - დავით კირკიტაძემ, აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა და აბდულა ისმაილოვმა. მანამდე პარლამენტში შიმშილობა "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დაიწყო, რომელიც უკვე მე-13 დღეა შიმშილობს.