ავტორი:

"ვაპროტესტებ იმას, რის გამოც ჩემს პრეზიდენტს ასამართლებენ" - ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულის დის აქცია-პერფომანსი საქალაქო სასამართლოსთან

"ვაპროტესტებ იმას, რის გამოც ჩემს პრეზიდენტს ასამართლებენ" - ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულის დის აქცია-პერფომანსი საქალაქო სასამართლოსთან

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ცააძის დამ, ირინა ცააძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქცია-პერფორმანსი გამართა. მან სასამართლოში პიჯაკი, ყვავილების გვირგვინი, შამპუნი, ტუალეტის ქაღალდი და ჭურჭლის სარეცხი საშუალება მიიტანა, რომელიც მისივე თქმით, იმ ბრალდების სიმბოლოა, რასაც სააკაშვილს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ედავებიან.

ცააძემ ასევე სასამართლოსთან ე.წ. გალია დადგა, რომელშიც საქმის მოსამართლის ბადრი კოჭლამაზაშვილის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და თეა წულუკიანის ფოტოებია გაკრული.

"ვაპროტესტებ იმას, რის გამოც ჩემს პრეზიდენტს ასამართლებენ, რომელმაც შეგვიქმნა სახელმწიფო. ამ თაიგულის, ამ ტუალეტის ქაღალდის, "ფეირის" გამო ასამართლებენ. პირადად ვარ დასწრებული სასამართლოს, სადაც 3 საათი ლაპარაკობდნენ, როგორ იყიდეს "ფეირი". ამ თაიგულს ამათ ვუტოვებ, ისინი დასამარებული არიან, ეს სასამართლო არ არის, ეს არის ქურდების დაწესებულება“, - განაცხადა ცააძემ.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოში თანხების გაფლანგვის საქმეზე სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის გარეშე მიმდინარეობს, რადგან პენიტენციურმა სამსახურმა მის სასამართლოში გადაყვანაზე კვლავ უარი თქვა.