ავტორი:

"ჩემი გული ორად არის გაყოფილი" - რას ჰყვება "ბიარიცის მეფედ" წოდებული, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მორაგბე, ქართული ფესვებით

"ჩემი გული ორად არის გაყოფილი" - რას ჰყვება "ბიარიცის მეფედ" წოდებული, საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მორაგბე, ქართული ფესვებით

როგორც ცნობილია, საქართველოს ნაკრებმა რაგბში ნოემბრის ტესტების პირველი მატჩი გამართა. ქართველი "ბორჯღალოსნების" მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონობისთვის მზადებაში მყოფი საფრანგეთის ნაკრები იყო. სამწუხაროდ, ფრანგ მორაგბეებთან ბრძოლაში ჩვენი გუნდი, ანგარიშით: 41-15, დამარცხდა...

ფრანგულ გაზეთ Ouest-France-ში გამოქვეყნდა ინტერვიუ დიმიტრი იაშვილთან - რაგბში საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ნახევარმცველთან, ამჟამად კი France Televisions-ის სპორტულ კონსულტანტთან, რომელიც ჟურნალისტ ევიენ რენუს ესაუბრება. სტატიაში, სათაური: "ქართველები - მედგარი, ძლიერი, წინააღმდეგობის გამწევი მოთამაშეებია", დიმიტრი იაშვილი ამბობს, რომ საქართველო - საფრანგეთის ნაკრებების შეხვედრისას მისი გული ორად იყოფა...

გთავაზობთ ამონარიდებს ვრცელი ინტერვიუდან:

- საიდან იწყება თქვენი "ქართული ფესვები“?

- მე საფრანგეთში დავიბადე, მაგრამ თავს ქართველად მივიჩნევ. ბაბუაჩემი მამის მხრიდან - კარლო იაშვილი კავკასიურ ქვეყანაში - საქართველოშია დაბადებულ - გაზრდილი. იგი მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირის წითელი არმიის რიგებში გერმანელ ფაშისტებს ებრძოდა, ტყვედ ჩავარდა, გაიქცა და საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობას შეუერთდა, კვლავ გერმანელებთან საბრძოლველად...

- რა ადგილი აქვს დაკავებული ქართულ კულტურას თქვენს ცხოვრებაში?

- ვფიქრობ, ქართველობა ხასიათში მაქვს (იცინის) და იმაშიც, თუ როგორვ ვუყურებ ცხოვრებას. ჩემი ბაბუა და ბებია ხშირად მიყვებოდნენ ბევრ ისტორიას შორეულ, ზღაპრულ სამშობლოზე - საქართველოზე, მაგრამ ვიდრე საკუთარი თვალით არ ნახავ, მანამ ბოლომდე ვერ გაიგებ... სამი წლის წინათ მე და ჩემი ორი ძმა საქართველოში წავედით და სამშობლო მოვინახულეთ, ავტომობილით მოვიარეთ. მომეჩვენა, რომ საქართველოში თითქოსდა ყველაფერი ნაცნობი იყო, თითქოსდა იქ უკვე ნამყოფი ვიყავი... უცნაური გრძნობა დამეუფლა. იცით, ყველაფერს სიტყვებით ვერ გადმოსცემ... ეს ჩემს ცხოვრებაში ძალზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო.

- და რატომ იყო საქართველოში ჩასვლა თქვენთვის მნიშვნელოვანი?

- ჩვენს ცხოვრებაში მემკვიდრეობითობა დიდ როლს ასრულებს. ვიყავით მშობლიურ მთიან სოფელში, მოვინახულეთ სახლი, სადაც მეოცე საუკუნის დასაწყისში ბაბუაჩვენი დაიბადა...

- თქვენი შეხედულებით, რაში გამოიხატება ქართული კულტურა? რით ჰგავს ან განსხვავდება სხვა კულტურებისგან?

- ქართული კულტურა დაფუძნებულია კაცთმოყვარეობაზე, სიკეთეზე, ადამიანისადმი პატივისცემასა და დახმარებაზე. ქართულ კულტურა მოიცავს ყოფა-ცხოვრების ადათ-წესებს, უფლისადმი რწმენას, სიმღერებს, სტუმარ-მასპინძლობას, ეროვნულ სამზარეულოს, ღვინის დამზადებას... სხვათა შორის, არის დედამიწაზე ადგილი, რომელიც საქართველოს ჰგავს... მე 20 წელია ოჯახით ბასკეთის ქვეყანაში (საფრანგეთის ნაწილში) ვცხოვრობ.

- თქვენი აზრით, რატომ არის საქართველოში რაგბი ესოდენ პოპულარული?

- ქართველები მედგარი და შეუპოვარი, წინააღმდეგობის გამწევი ხალხია. ქვეყანა ისეთ რეგიონში - კავკასიაში - მდებარეობს, ისეთ ქვეყნებს ემეზობლება, მაგალითად, რუსეთს, რომლისგანაც სულ ზეწოლას განიცდის, მაგრამ უძლებს. ქართველთა წინააღმდეგობა იგრძნობა მათ კულტურასა და ტრადიციებში, სპორტში. სწორედ ამიტომ ქართველ მორაგბეებს თამაშის სპეციფიკური მანერა აქვთ. ისინი მებრძოლები არიან, მათ თამაშში ძლიერება იგრძნობა. ქართველი მორაგბეები გაბედული და ღირსეული სპორტსმენები არიან. ქართულმა რაგბმა აღმავალი გზით სვლა 2003 წლიდან დაიწყო, როცა ნაკრებმა პირველად მიიღო მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატში.

თუმცა, რა თქმა უნდა, საფრანგეთის ნაკრებს უფრო მეტი გამოცდილება აქვს. მესმის, რომ ფრანგული რაგბი უფრო მაღალი დონისაა. მესმის, რომ საქართველოს ნაკრები ამჟამად განახლების პროცესშია, ახალი თაობის ძიებაში... წყარო

  • ცოტა რამ დიმიტრი იაშვილის ბიოგრაფიიდან

საფრანგეთის რაგბის ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ცხრა ნომერი, ქართული წარმომავლობის ფრანგი რაგბისტი დიმიტრი იაშვილი, 1980 წლის 19 სექტემბერს დაიბადა, საფრანგეთის ქალაქ ბრივ-ლა-გაიარდში. მორაგბე იყო მისი მამაც, მიშელ (მიხეილ) იაშვილი, რომელსაც 47 შეხვედრა აქვს ჩატარებული საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის გუნდის კაპიტანიც იყო და 1968 წელს "დიდი მუზარადის“ გამარჯვებულიც გახდა.

მიშელ იაშვილს სამი ვაჟი ჰყავს და სამივე რაგბს თამაშობდა.

დიმიტრი იაშვილმა საკლუბო კარიერა "ბრივის“ ახალგაზრდულ შემადგენლობაში დაიწყო; 19 წლის იყო, როცა პარიზის უნივერსიტეტში ჩაირიცხა და თამაში უნივერსიტეტის გუნდში გააგრძელა; 2001/2002 წლის სეზონზე ინგლისურ კლუბ „გლოსტერში“ გამოდიოდა და გუნდთან ერთად ინგლისის ჩემპიონობაც მოიპოვა; 2002 წელს კარიერა გააგრძელა საფრანგეთის "ბიარრიც ოლიმპიკში", რომლის შემადგენლობაში გახდა საფრანგეთის ორგზის ჩემპიონი - 2005, 2006; ჰაინეკენის თასის ორგზის ფინალისტი - 2006, 2010; ევროპის გამოწვევის თასის მფლობელი (2012).

დიმიტრი იაშვილი "ბიარიცის" ღირსებას 12 წელი იცავდა (2002-2014 წწ.) და 289 შეხვედრაში 3053 ქულის მოპოვება შეძლო. ის ბასკური კლუბის ყველა დროის საუკეთესო მექულეა. მისი თამაში გამოირჩეოდა დახვეწილი ტექნიკით, ზუსტი გადაცემითა და დარტყმით. მას ფრანგული რაგბის სამყაროში "ბიარიცის მეფესაც" კი უწოდებენ.

ეროვნული ნაკრების მაისური დიმიტრი იაშვილმა 2002 წელს მოირგო (2002-2012). ნაკრებში ჩატარებულ 60 მატჩში მან თავის გუნდს 373 ქულა მოუტანა. ის გახლავთ მსოფლიო ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (2011); ევროპის ჩემპიონი (2004, 2006–07, 2010); ორგზის "დიდი მუზარადის" მფლობელი (2004, 2010).

2014 წელს დიმიტრი იაშვილი, როგორც მოთამაშე, გამოეთხოვა პროფესიულ სპორტს და მუშაობა დაიწყო სპორტულ კომენტატორად.

დიმიტრი იაშვილი დაქორწინებულია. ჰყავს ვაჟი - ლუკასი და ქალიშვილი - ჟიუსტინი.

მოამზადა სიმონ კილაძემ