ავტორი:

"როცა ვისმენთ განცხადებებს, რომ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ კერძო კლინიკაში, აჩენს კითხვებს, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ეს" - გიორგი კახიანი

"როცა ვისმენთ განცხადებებს, რომ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ კერძო კლინიკაში, აჩენს კითხვებს, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ეს" - გიორგი კახიანი

"ქართული ოცნების” წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, დაწესებულება, სადაც მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, სრულად უზრუნველყოფს მის რეაბილიტაციას და ამ ფონზე სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა აჩენს კითხვებს, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ეს.

როგორც კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში სააკაშვილის უსაფრთხოება დაცულია და აქედან გამომდინარე, “შიმშილობის გაგრძელება გაუგებარია”.

"პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ ის, რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო, რომელიც მოუწოდებს მას, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. რაც შეეხება იმას, რამდენად უსაფრთხოდ მოხდება მისი შიმშილობის შემდეგი მკურნალობა და რამდენად იქნება ეს შედეგიანი, პენიტენციური დაწესებულება ამბობს, რომ ის დაწესებულება, სადაც სააკაშვილი იმყოფება, არის სრულიად მობილიზებული იმისთვის, რომ შიმშილობის შემდეგ მისი რეაბილიტაცია მოხდეს. პენიტენციურ დაწესებულებას შეუძლია შესაბამისი მომსახურება გაუწიოს.

როდესაც ამ ფონზე ვისმენთ განცხადებებს, რომ ის უნდა გადაიყვანონ კერძო კლინიკაში, აჩენს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ეს, მაშინ როდესაც სააკაშვილის რეაბილიტაცია სავსებით შესაძლებელია იმ დაწესებულებაში, სადაც იმყოფება. აჩენენ კითხვებს, თითქოს ეს გადაყვანა ემსახურება სხვა მიზნებს და შესაძლოა, ამას მოყვეს გარკვეული პროვოკაციები. იმავდროულად სახელმწიფო უწყებები ამბობენ, რომ სააკაშვილის უსაფრთხოება ნაკლებად იქნება დაცული კერძო კლინიკაში, ვიდრე ის ამჟამად იმყოფება. ამ დაწესებულებაში მისი უსაფრთხოება სრულადაა დაცული. ამ ფონზე შიმშილობის გაგრძელება გაუგებარია ”,- განაცხადაკახიანმა.

რაც შეეხება იმას, რომ გუშინ შიმშილობა გამოაცხადა პარლამენტის 9 ოპოზიციონერმა წევრმა, კახიანი ამბობს, რომ მათი მოთხოვნა “გამართლებული არაა”, თუმცა შიმშილობა “პოლიტიკური აქტია და მათ ამის უფლება აქვთ”.

კახიანმა ასევე უპასუხა კითხვას გიორგი კვირიკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ “პატიმარ სააკაშვილის ღირსების შემლახველი ვიდეოკადრების მოხვედრა ღია საეთერო სივრცეში დამაზიანებელია ქვეყნისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც”. კახიანის თქმით, ვიდეო კადრების გავრცელება მოსაწონი არაა, თუმცა სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებები, დაცულია.

“მის მიმართ არის მცდელობა, რომ უფლებები რაც პატიმარს აქვს, დაცული იყოს და ეს უფლებები დაცულია. რაც შეეხება გავრცელებულ კადრებს, ვერავისთვის იქნებოდა მოსაწონი და ბუნებრივია, არც ჩემთვისაა მოსაწონი. სასურველი იქნებოდა ამას სხვა ფორმა ჰქონოდა, მაგრამ უფლებების თვალსაზრისით, როდესაც მის მიმართ არაერთხელ იყო თხოვნა, რომ დამორჩილებოდა ადმინისტრაციის თანამშრომლების მოთხოვნებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებს არ ჰქონდათ სხვა გამოსავალი და იმოქმედეს ისე, როგორც ცნობილია. მთლიანობაში, ვფიქრობ, პატიმრის უფლებები დაცულია და სახელმწიფომ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ყველა ამ უფლების თვალსაზრისით თანასწორი იყოს, იქნება ეს პრეზიდენტი თუ სხვა მსჯავრდებული”,- განაცხადა კახიანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 46-ე დღეა. ამასთან, პარლამენტში შიმშილობა გუშინ გამოაცხადეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა: დავით კირკიტაძემ, აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა, აბდულა ისმაილოვმა. მანამდე პარლამენტში შიმშილობა "დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დაიწყო, რომელიც უკვე მე-13 დღეა შიმშილობს. გარდა პარლამენტის დეპუტატებისა, შიმშილობა გამოაცხადა "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ, რომელიც პარტიის ოფისში შიმშილობს. ყველა მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს.