ავტორი:

"აქ ცუდი არაფერი მომხდარა... საღამოს თითქმის 80% ქართველები ვესწრებოდით" - ნინო ჩხეიძე კონცერტებს რუსეთში მართავს

"აქ ცუდი არაფერი მომხდარა... საღამოს თითქმის 80% ქართველები ვესწრებოდით" - ნინო ჩხეიძე კონცერტებს რუსეთში მართავს

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნინო ჩხეიძე რუსეთშია და რამდენიმე რესტორანში კონცერტებს მართავს. მომღერალი სოციალურ ქსელში ყოველთვის აქტიურობს, თუმცა ამჯერად რუსეთში გამართული საკონცერტო ტურნეს შესახებ არაფერს წერს.

მომღერალს ოფიციალურ გვერდზე 29 ოქტომბრის შემდეგ არაფერი გამოუქვეყნებია. როგორც აფიშებიდან ჩანს, ტურნე საკმაოდ ხანგრძლივია, მაგალითად, ეკატერინბურგში 29 ოქტომბრიდან დაიწყო და 12 ნოემბერის ჩათვლით გრძელდება.

ანონსში ვკითხულობთ:

"მზიანი საქართველოს მარგალიტი", - ასე უწოდებენ ულამაზეს მომღერალს ნინო ჩხეიძეს. საიდუმლო არ არის, რომ ქართველები ძალიან ლამაზად მღერიან, ამიტომ პოპულარულ ქართველ მომღერალს აქვს წარმოუდგენლად ხავერდოვანი ხმა და, მეტიც, მიმზიდველი გარეგნობა და კეთილგანწყობილი ხასიათი. მუსიკალური სამყაროს სპეციალისტები გამოარჩევენ, ეროვნული სიმღერების შესრულების მის ნიჭსა და თავისებურ მანერას. ნინოს მომხიბვლელმა ღიმილმა კი საქართველოს საზღვრებს მიღმა უამრავი ადამიანის გული მოინადირა. ცეცხლოვანი ქართული სიმღერა და ცეკვა გულგრილს არავის დატოვებს. არ გამოტოვოთ ეს უნიკალური კონცერტი!“ - წერია ანონსში.

ნინო ჩხეიძესთან დაკავშირებას ორი დღის განმავლობაში ვცდილობდით, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, მომღერალი 29 ოქტომბრიდან მოყოლებული მედიასთან აღარ ურთიერთობს.

13 ნოემბერს მოსკოვის ერთ-ერთ რესტორან "მცხეთაში“ მომღერალმა მორიგი კონცერტი გამართა.

როგორც კადრებიდან ჩანს, სცენაზე, სადაც მომღერლები გამოდიან, ერთიანი საქართველოს რუკაა დამონტაჟებული.

ერთ-ერთ ვიდეოში ნინო ჩხეიძე სცენაზე აპლოდისმენტებით აჰყავთ და "ბრავო მეტეხის“ ერთ-ერთი წევრი ეკითხება, ამდენ ქვეყანაშია ნამყოფი და ასეთი დახვედრა სადმე თუ უნახავს.

"მე ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენი შეხვედრა შედგა. დიდი მადლობა ასეთი სითბოსთვის და სიყვარულისთვის, რასაც ჩემს მიმართ გამოხატავთ. "ბრავო მეტეხის“ ბიჭებს თბილისიდან ვიცნობდი, მაგრამ ახლო მეგობრები არ ვყოფილვართ. როდესაც გაიგეს, რომ მოსკოვში ჩამოვდიოდი, ისე გვერდში დამიდგნენ, დიდი სიყვარული და პატივისცემა თქვენ, ასეთი კაცობისა და გვერდში დგომისთვის", - განაცხადა პასუხად ჩხეიძემ.

საღამოს, რომელიც რესტორან "მცხეთაში“ გაიმართა, უამრავი ქართველი დაესწრო, მათ შორის ჩვენი რესპონდენტი ხათუნა ლოლაძე, რომელიც პროფესიით ბავშვთა პედიატრ - კარდიოლოგია.

ხათუნამ AMBEBI.GE-სთან საღამოზე ისაუბრა:

- რესტორან "მცხეთაში" ძალიან სასიამოვნო საღამო შედგა. ნინოს რუსებისთვის არ უმღერია, ქართველებისთვის იმღერა. საღამოს თითქმის 80% ქართველები ვესწრებოდით, საერთოდ, ხშირად ვესწრები ქართველი მომღერლების კონცერტებს.

აქ ცუდი არაფერი მომხდარა. ნინომ მოსკოვში მცხოვრები ქართველებისთვის და ქართული სიმღერის მოყვარული ხალხისთვის იმღერა. ერთი სიტყვა რუსული არ უთქვამს, მოგვეფერა ქართველებს.