"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები მეტრო "ავლაბრიდან" ბარათაშვილის დაღმართის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. ადგილზე შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა.
ისინი თბილისის ორივე სანაპიროზე საავტომობილო გზას გადაკეტავენ. აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვთ პლაკატები წარწერით: "თავისუფლება მიშას". "არ მოკლა“.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. ამასთან, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია განმარტავს, დღევანდელი აქტივობა ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალია, რომ საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე უფრო და უფრო მწვავდება.
როგორც ნიკა მელიამ მსვლელობის დაწყებამდე განაცხადა, ყოველდღიური ბრძოლა შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
"დღეს სახელმწიფო არის, როგორც არასდროს, ოკუპირებული. რეალურად, რეჟიმი, რომელიც მართავს სახელმწიფოს, არის სახელმწიფო ინტერესებისთვის ძირგამომთხრელი რეჟიმი." - აღნიშნა მელიამ.
მან მოსახლეობას ყოველდღიურად საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები არის ახლა ყველაზე ძლიერი იარაღი საზოგადოების ხელში.
"ამ რეჟიმის წინააღმდეგ ყოველდღიური ბრძოლა არის საჭირო, რომელიც აუცილებლად გამოიტანს შედეგს. ის, რასაც დღეს ჩვენ ვადევნებთ თვალყურს, რაც დღეს მორიგჯერ ვიხილეთ, რომ დატყვევებულ ადამიანს, მიხეილ სააკაშვილს, არ ეძლევა უფლება, რომ თუნდაც უსამართლო სასამართლოთი ისარგებლოს, ამის უფლებაც კი არ ეძლევა და მიზეზად პროპაგანდისტულად სხვადასხვა საფუძვლებს მოიფიქრებენ და დაუდებენ სარჩულად, რომ თითქოს სადღაც ეფემერულად 400-500 კერძო ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ჩაიხერგება თურმე გზები და მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების ზრუნვიდან გამომდინარე, ციხეში დამწყვდეული ადამიანი არ მიჰყავთ უკვე მეორეჯერ უსამართლო სასამართლოშიც კი. მათ უნდათ, რომ ამ რუსულ ყაიდაზე მორგებული პროპაგანდით ასაზრდოოს საზოგადოება. ხალხო, საქართველოს მოქალაქე ქუჩაში ყოველდღიურად! საპროტესტო აქციები არის ახლა ყველაზე ძლიერი იარაღი საზოგადოების ხელში.
ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ დღეს იმაზე ანაზღაურებადი სამსახური, როგორიც არის სამოქალაქო, გულწრფელ, მართალ საპროტესტო მოძრაობაში მონაწილეობა, ამ ქვეყანაში არ მოიძებნება. ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახური, დიახაც, არის ის სამსახური, რომელიც ქვეყნის განვითარებას ემსახურება", - განაცხადა მელიამ.