ავტორი:

"პოლიციას აქვს უფლება იმოქმედოს კანონის შესაბამისად" - რას აცხადებს შს მინისტრის მოადგილე და რატომ არის მობილიზებული სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები?

"პოლიციას აქვს უფლება იმოქმედოს კანონის შესაბამისად" - რას აცხადებს შს მინისტრის მოადგილე და რატომ არის მობილიზებული სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები?

"თუკი ხელოვნურად ხდება გზის გადაკვეტვა და განზრახ დაბრკოლებების შექმნა, ასევე გამოყენებულია ავტომობილები და სხვა საშუალებები გზის ჩახერგვისთვის, პოლიციას აქვს უფლება იმოქმედოს კანონის შესაბამისად, ეს არის პირდაპირ კანონში განსაზღვრული, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წელს არის მიღებული" - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ალექასანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც "ნაციონალური მოძრაობის" აქციას გამოეხმაურა.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით დაინახეს, რომ ისინი ხელოვნურად გეგმავენ გზის გადაკეტვას.

"ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ "ნაციონალური მოძრაობის" განცხადება, რომ ხელოვნურად გეგმავენ გზის გადაკეტვას და განზრახ დაბრკოლებების შექმნას ტრანსპორტისთვის. თუკი მონაწილეები არღვევენ კანონის მოთხოვნებს, პოლიციას აქვს უფლებამოსილება გამოიყენოს შესაბამისი მექანიზმები და სწორედ ამის თაობაზე იყო საუბარი, როცა შსს- მ გაავრცელა განცხადება. იმ შემთხვევაში, თუკი "ნაციონალური მოძრაობა" არ დაარღვევს კანონს და არ გასცდება შეკრებისა და მანიფესტაციის დაშვებულ იმ ფარგლებს, რაც არის განსაზღვრული კანონით, ბუნებრივია, მათ ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პირს, აქვთ უფლება შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობის. კანონში პირდაპირ ჩაწერილია, რომ თუკი ხელოვნურად ხდება გზის გადაკვეტვა და განზრახ დაბრკოლებების შექმნა, ასევე გამოყენებულია ავტომობილები და სხვა საშუალებები გზის ჩახერგვისთვის, პოლიციას აქვს უფლება იმოქმედოს კანონის შესაბამისად, ეს არის პირდაპირ კანონში განსაზღვრული, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წელს არის მიღებული", - განაცხადა დარახველიძემ.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც "ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ, ავტობუსებით სპეციალური დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული.

რიყის პარკის ტერიტორიაზე 10-მდე ე.წ. ყვითელი ავტობუსი გადაადგილდება, რომელსაც სავარაუდოდ, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები გადაჰყავს. ადგილზეა ასევე წყლის ჭავლის მანქანებიც.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მეტრო "ავლაბრის" მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყეს.