ავტორი:

"ვლაპარაკობთ ხელისუფლებაზე, რომელსაც აკისრია ვალდებულება, დაიცვას ქვეყანა, ამ დროს კი ამბობს, - ერთი პატიმრის დაცვას ვერ ვახერხებო!" - რატომ არ გადაჰყავთ სააკაშვილი კერძო კლინიკაში?

"ვლაპარაკობთ ხელისუფლებაზე, რომელსაც აკისრია ვალდებულება, დაიცვას ქვეყანა, ამ დროს კი ამბობს, - ერთი პატიმრის დაცვას ვერ ვახერხებო!" - რატომ არ გადაჰყავთ სააკაშვილი კერძო კლინიკაში?

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის გამოგზავნილ წერილში საქართველოს მთავრობას დაავალა, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის სათანადო მკურნალობა უზრუნველყოს და 24 ნოემბრამდე ევროპულ სასამართლოს მომჩივნის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე მიაწოდოს ინფორმაცია. ამასობაში, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, ოპოზიცია დაჟინებით მოითხოვს მის გადაყვანას მე-18 სამედიცინო დაწესებულებიდან მულტიპროფილურ კლინიკაში, ვინაიდან თვლის, რომ მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა ციხის საავადმყოფოში ვერ მოხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოპოზიცია პერმანენტული აქციებით იმუქრება, გაჯიუტებული ხელისუფლება, თავის მხრივ, მულტიპროფილურ კლინიკაში სააკაშვილის გადაყვანაზე უარს იმით ხსნის, რომ ამაში რაღაც უსაფრთხოების რისკები არსებობს. არადა, ვითარება ყოველდღიურად რთულდება - პერმანენტული საპროტესტო აქციები, დეპუტატების შიმშილობა, მწვავე კრიტიკა დასავალეთიდან - პროცესების დეესკალაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა ექსპრეზიდენტის გადაყვანა კერძო კლინიკაში, თუმცა გაჯიუტებული ხელისუფლება ამაზე ისევ კატეგორიულ უარს ამბობს.

"სააკაშვილის მიმართ მრავალნაირი დამოკიდებულება შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ იმაზე, რაც არის დემოკრატიული სახელმწიფოს ანაბანა. მიუხედავად იმისა, ადამიანი დამნაშავეა თუ არა, არის სტანდარტები, რომლებიც სახელმწიფომ მასთან დაკავშირებით უნდა დაიცვას. მე არ მომისმენია ლოგიკური ახსნა იმისა, რატომ არ შეიძლება მისი გადაყვანა სხვა საავადმყოფოში, მაშინ, როცა ასეთი პრეცედენტები არსებობს, ისევე, როგორც არ მესმის და არ ესმით არც ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რატომ არ შეიძლება, ადამიანი ესწრებოდეს თავის სასამართლო პროცესებს? ძალიან მარტივ რაღაცებზე ვლაპარაკობთ. არგუმენტი, რომ იქ შეიძლება რაღაც მოხდეს, გაუგებარი და მიუღებელია. ჩვენ ვლაპარაკობთ სახელმწიფოზე, ხელისუფლებაზე, რომელსაც აკისრია ვალდებულება, დაიცვას ქვეყანა, დაგვიცვას ჩვენ და ამ დროს ხელისუფლება ამბობს, ერთი პატიმრის დაცვას ვერ ვახერხებო! ისეთი ალოგიკურია ეს ყველაფერი, რომ ძალიან ძნელია რაციონალური კომენტარის გაკეთება.ისევ და ისევ ვამბობ, რომ ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ ყველაფერზე, მაგრამ არა - სახელმწიფოს ინტერესებზე. თუ სახელმწიფო ინტერესები დროულად არ გავიხსენეთ, მაშინ კოლაფსის, კატასტროფის წინაშე დავდგებით. რით განსხვავდება დემოკრატიული ქვეყანა ავტორიტარულისგან? როდესაც მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა, კაცობრიობამ გაასამართლა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი რეჟიმი - ფაშიზმი. ის, რომ ჩატარდა ნიურნბერგის პროცესი, იყო დასავლეთის ყველაზე დიდი გამარჯვება და სწორედ იმ სტანდარტის დამკვიდრება, რომ მტერსაც კი, რომელმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინა, ისე არ უნდა მოექცე, როგორც ის იქცეოდა ან იმაზე უარესად", - ამბობს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი თენგიზ ფხალაძე.

"აქ მნიშვნელოვანია ის, რომ სააკაშვილის გადაყვანას ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და ელექტორატიც თვლის არა როგორც სააკაშვილისთვის აუცილებელ პირობად, არამედ პოლიტიკურ აქტად", - ამბობს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე. მისივე თქმით, სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანა არ არის ოპოზიციის ერთადერთი მოთხოვნა, იქ არის რიგგარეშე არჩევნებისა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნაც და ხელისუფლება ამ დათმობაზე არ წავა.

"რაღაც პუნქტებს ცალკე თუ ავიღებთ, მაშინ სააკაშვილის კერძო კლინიკაში არგადაყვანა გაუგებარია, მაგრამ კომპლექსურად თუ შევხედავთ, ნახეთ, რა ხდება: სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანა ისევე, როგორც მისი სასამართლოზე მიყვანა და ა.შ. არ არის მხოლოდ კერძო, დანარჩენ პოლიტიკურ გარემოზე მოწყვეტილი თემა. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ სააკაშვილის გადაყვანას ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და ელექტორატიც მიიჩნევს არა როგორც სააკაშვილისთვის აუცილებელ პირობად, არამედ პოლიტიკურ აქტად. როგორც კი ხელისუფლება ამ ნაბიჯს გადადგამს, ოპოზიცია თავის მომხრეებს და ნეიტრალურად განწყობილ საზოგადოებასაც დაუწყებს იმაზე ლაპარაკს, რომ ხელისუფლებას ჩვენ "მივაწექით“, საპროტესტო აქციებმა შედეგი გამოიღო, ხელისუფლებამ უკან დაიხია და პირველი რაუნდი მოვიგეთ, ახლა მთავარია უფრო ძლიერად "მივაწვეთ“, რათა რიგგარეშე არჩევნები მივიღოთო.

აი, სად მივდივართ საბოლოო ჯამში. ხელისუფლება კიდევ, თავის მომხრეებს და ნეიტრალურ ამომრჩეველს ვერ აუხსნის და დააჯერებს, რომ ეს სხვაგვარად იყო, აქ ეს პრობლემაა. ამით პროცესი კი არ ჩაწყნარდება, უფრო რადიკალური გახდება, ამიტომაც ოპოზიციის ამ მოთხოვნაზე ხელისუფლება არ წავა. მეორე მხარეა ის, რომ სტრასბურგმა არ მოითხოვა სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანა, არამედ, მოითხოვა შესაბამისი მკურნალობა. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ იქ არის შესაბამისი მკურნალობა, ოპოზიცია ამბობს, რომ "რეზბალნიცაში“ არ არის შესაბამისი სამედიცინო აჭურვილობა. ამასთანავე, სააკაშვილის ჯანმრთელობა პირდაპირ არის მიბმული ხელისუფლებაზე. ღმერთმა დაიფაროს და, მას თუ რამე მოუვიდა, ციხის საავადმყოფოში იქნება ეს, თუ კერძო კლინიკაში, ყველაფერზე პასუხისმგებელია ხელისუფლება. იმის კვლევას აღარავინ დაიწყებს, არასწორი მკურნალობის გამო მოხდა ეს, კლინიკის ბრალი იყო, თუ სხვა. ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, როგორც ციხის საავადმყოფოში, ისე მულტიპროფილურ კლინიკაში ექსპრეზიდენტის უსაფრთხოებაზე.

ლაპარაკი იმაზე, რომ კლინიკაში თუ გადაიყვანთ, ჩვენ აქციებს აღარ მოვაწყობთ, შეიძლება ამას გულწრფელად ამბობდნენ ოპოზიციის ლიდერები, მაგრამ რამდენად გააკონტროლებენ იმ მასას, ვინც საპროტესტო აქციებში მონაწილეობს? განა ყველა მათ დაუჯერებს და უსაფრთხოების თვალსაზრისით, სხვა ვიღაცეები არ ჩაერთვებიან ამაში? ამიტომაც ურჩევნია ხელისუფლებას, რომ ციხის საავადმყოფოში ჰყავდეს. თუ ვინმეა დაინტერესებული სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველყოფით, პირველ რიგში, ეს არის ხელისუფლება".

ირღვევა თუ არა ბრალდებულის უფლებები მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესებზე დასწრების საშუალებას არ აძლევენ, პოლიტოლოგი ამბობს, რომ ესეც ექსპრეზიდენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება.

ვახტანგ ძაბირაძე ოპოზიციის შეცდომებზე ლაპარაკობს და მიაჩნია, რომ ის იმეორებს იმავეს, რაც ამ 30 წლის განმავლობაში გვინახავს და რასაც შედეგი არასდროს მოუტანია.

იგი არ გამორიცხავს, რომ ამ ბრძოლაში ორივე მხარე - ხელისუფლებაც და ოპოზიციაც რაღაც ეტაპამდე დასუსტდება და მერე გამოგვეცხადება ვიღაც სააკაშვილისნაირი, ან ივანიშვილისნაირი, რომელიც გამზადებულ ნიადაგზე მოვა და აიღებს ძალაუფლებას, სხვის ნაოფლარს ჩაიდებს ჯიბეში.

ექსპერტი გია ხუხაშვილის თქმით, ისევ ტრადიციად ქცეულ მანკიერ წრეზე ვტრიალებთ. რაც მთავარია, ამ დაპირისპირების გრადუსი ყოველ შემდეგ ციკლში უფრო იზრდება და რისკებიც, შესაბამისად, მეტად საფრთხის შემცველი ხდება.

"მგელი მოდის! - საზოგადოების ამგვარად დაშინების პრინციპი შეიცვალა და სააკაშვილი უკვე ფიზიკურად დაბრუნდა ქართულ პოლიტიკურ ბაზარზე და ახლა ყველაფერი ვითარდება მის გარშემო. შეიძლება ითქვას, რომ დღეს, ფაქტობრივად, 2 პატიმარი განსაზღვრავს დღის წესრიგს: ერთი - გისოსებს მიღმიდან, მეორე - შუშის სასახლიდან. ამ დროს ჩვენი მოსახლეობის პრობლემები უყურადღებოდ არის დარჩენილი. ამაზე არავინ ლაპარაკობს, არავის აინტერესებს. ყოველდღიურად 50-ზე მეტი კაცი გვეღუპება "კოვიდისგან", რომელთაც შეეძლოთ ეცოცხლათ, მაგრამ ეს პრობლემა თითქოს არც არსებობს, თითქოს არც ის არის ჩვენი პრობლემა, თუ როგორ იზრდება ტარიფები და ძვირდება სამომხმარებლო კალათა... აღარავინ ლაპარაკობს იმაზე, რომ ამ არჩევნებში ქურდული სამყარო იყო აქტიურად ჩართული და, ბუნებრივია, ამაში ქართველ საზოგადოებას თავისი ფასის გადახდა მოუწევს კრიმინალთა ყელყელაობის შედეგად მოტანილი ზიანით... ამ ყველაფერზე ლაპარაკის ნაცვლად, ჩვენი დღე იწყება ერთი პატიმრის განცხადებით და სრულდება მისი ადვოკატებისა თუ ექიმის კომენტარებით. ეს არის ვითარება, რომელიც დიდწილად ხელისუფლებასაც აწყობს, რადგან მიიჩნევს, რომ სააკაშვილის შესახებ კითხვებზე მას აქვს პასუხები და ეს პოლემიკა მისთვის მომგებიანია. მათთვის გაცილებით არაკომფორტული იქნებოდა იმ პრობლემებზე კითხვების დასმა, რომლებიც რეალურად აწუხებს საზოგადოების უდიდეს ნაწილს. მაგალითად, პანდემიის შესახებ, რომლის საწინააღმდეგოდ, ფაქტობრივად, არაფერი კეთდება, მხოლოდ კომენტარებს აკეთებენ, ხელისუფლება კომენტატორად იქცა და ჩვენც შევეჩვიეთ ამ ფაქტობრივ გენოციდს...

დღეს პოლიტიკური სპექტრი სახელმწიფოებრივი დღის წესრიგით კი არ ცხოვრობს, არამედ წმინდად პოლიტიკური ინტერესებით, რის უკანაც სახელმწიფო საერთოდ არ ჩანს. ორმხრივ შულერულ თამაშს ვადევნებთ თვალს, რომელშიც ყველა საკუთარ გამორჩენაზე ფიქრობს. ვინ მოიგებს, აზრი დიდად არა აქვს. ასე თუ გაგრძელდა, სახელმწიფო ნებისმიერ შემთხვევაში წაგებული დარჩება. მარტივი გამოსავალი ამ ვითარებიდან არ ჩანს. ერთი მხარე სააკაშვილის ჯანმრთელობის გართულებით რევოლუციური პროცესის ინიცირებას ცდილობს, მეორე მხარე კი ელოდება, რომ მისი ოპონენტები დაუშვებენ შეცდომებს, რის მერეც გაუსწორდება მათ", - აცხადებს გია ხუხაშვილი.