ავტორი:

"ოპოზიციის შემოთავაზება იყო, სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაგვეყვანა, მეორე დღეს კი ითქვა, თითქოს იქ გადაყვანას და შემდეგ ოსებისთვის გადაცემას ვაპირებდით" - კახა კუჭავა

"ოპოზიციის შემოთავაზება იყო, სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაგვეყვანა, მეორე დღეს კი ითქვა, თითქოს იქ გადაყვანას და შემდეგ ოსებისთვის გადაცემას ვაპირებდით" - კახა კუჭავა

"უშუალოდ ოპოზიციური პარტიების შემოთავაზება იყო, გადაგვეყვანა თუნდაც გორის ჰოსპიტალში, ხოლო მეორე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს “ქართული ოცნება“ გორის ჰოსპიტალში გადაყვანას და ოსებზე გადაცემას აპირებდა" - აღნიშნული განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

როგორც კუჭავამ აღნიშნა, ის, რაც ნამდვილად ადარდებს, არის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კიდევ 9 დეპუტატი დაემატა. კუჭავას ინფორმაციით, პარლამენტის აპარატი გაფრთხილებულია და მოშიმშილე დეპუტატები ყველა საჭიროებით იქნებიან უზრუნველყოფილი.

"პირველ რიგში, შექმნილი მდგომარეობა საჭიროებს სწორ ანალიზსა და სწორ პასუხებს. სამწუხაროა განცხადებები, რაც ბოლო დღეებში, მათ შორის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისგან გვესმის: - ერთი დღე იყო ძალიან მძიმედ, ცუდად, ვერ დადიოდა, რამდენიმე საათში კარგად გახდა, რადგან სასამართლოზე უნდოდა მონაწილეობის მიღება... სად არის სიმართლე ვეღარ გავიგე! ეს არის რეალური ტრაგედია. ტრაგედიაა, რომ ხდება ფაქტებით მანიპულირება! საერთოდ დაკარგულია გულწრფელობა. ჩემთან მოდიან, დახმარებას მთხოვენ. როცა მოსული იყო რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, მთხოვეს გადაყვანაზე პარლამენტის მხრიდან მეშუამდგომლა - თანახმა იყვნენ გორის ჰოსპიტალზეც. მეორე დღეს ოპოზიციური სპექტრი გამოდის და ამბობს, რომ გორში აპირებენ გადაყვანას და ოსებზე გადაცემასო. თან პრობლემის გადაჭრისთვის ვითომ გზებს გვთავაზობენ და ამავე დროს, ამავე საკითხებით მანიპულირებას ცდილობენ“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, არა პოლიტიკოსების, არამედ ექიმების შესაფასებელია, სამედიცინო მომსახურების თვალსაზრისით არსებობს თუ არა რაიმე დანაკლისი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში და შესაბამისად, არსებობს თუ არა მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის საჭიროება.