ავტორი:

შატილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ბრალდებულები - ტურისტული კომპანიის დირექტორი და მიკროავტობუსის მესაკუთრე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

შატილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ბრალდებულები - ტურისტული კომპანიის დირექტორი და მიკროავტობუსის მესაკუთრე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2020 წლის 23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარი საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად 17 პირის გარდაცვალების და მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულები - ტურისტული კომპანიის დირექტორი და მიკროავტობუსის მესაკუთრე დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 23 აგვისტოს ტურისტული სააგენტოს - შპს „ჩიფ თრეველ ჯორჯიას“ მიერ ორგანიზებული ტურისტული მარშრუტით, შატილიდან თბილისში დაბრუნებისას, სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობის მიზეზით, მიკროავტობუსი შატილის გზაზე 60 მეტრის სიღრმის ხევში ჩავარდა, რის შედეგადაც 17 პირი გარდაიცვალა, მათ შორის მიკროავტობუსის მძღოლი, ხოლო სამმა მოქალაქემ სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2020 წლის 23 თებერვალს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით წარედგინათ.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მიკროავტობუსის მესაკუთრე სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში (ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვება, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია) და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

ტურისტული კომპანიის დირექტორი სასამართლოს მიერ დამნაშავედ იქნა ცნობილი 220' მუხლის მეორე ნაწილით (გულგრილობა, სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია) და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.