ბათუმში, რურუას ქუჩაზე ხუთსართულიან კორპუსში ერთ-ერთი ბინის კედელი ჩამოინგრა.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ისინი აცხადებენ, კორპუსში 75 ოჯახი ცხოვრობს და მთავრობას დახმარებას სთხოვენ.
"როგორც კი კედელი ჩამოინგრა, კორპუსიდან გამოვედით ყველა და არ ვაპირებთ უკან დაბრუნებას, საცხოვრებლად საშიშია. მერიამ თავის დროზეც იცოდა, რომ ავარიულ შენობაში ვცხოვრობდით. ახლა მოვიდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები და ეცნობიან მომხდარს",- აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ამასთან. მომხდარის შესახებ განცხადებას ავრცელებს ბათუმის მერია:
"რურუას ქუჩის #1ა-ში დაფიქსირდა საცხოვრებელი შენობის ერთ-ერთი კუთხის დაზიანების ფაქტი.მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, დაიწყო 72 ოჯახის ალტერნატიულ ფართში გადაყვანის პროცესი.უკვე დაიგეგმა საექსპერტო პროცედურები, რომელსაც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს. მოხდება შენობის მდგრადობის შესწავლა, რის შემდეგაც მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.2022 წლიდან დაგეგმილია ავარიული სახლების პროგრამის ამოქმედება, რომლის ბიუჯეტი 80 მილიონ ლარს შეადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.