ავტორი:

5 ბესტსელერი, რომელიც ნოემბერში უნდა წაიკითხო

5 ბესტსელერი, რომელიც ნოემბერში უნდა წაიკითხო

არცერთი თვე წელიწადში ისე არ განდომებს წიგნების კითხვას, როგორც წვიმიანი ნოემბერი. როცა ფანჯრებს მიღმა ცუდი ამინდია, რა შეიძლება იყოს სახლში ყოფნასა და საინტერესო რომანთან განმარტოებაზე უფრო სასიამოვნო?

ჩვენ შემოდგომის სეზონზე საკითხავი საუკეთესო ლიტერატურა შეგირჩიეთ:

გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი

ამა ბონზუ - აფრიკული ფესვების მქონე ბრიტანელი რეჟისორი - თავისი ბოლო წარმოდგენის პრემიერისთვის ემზადება და ღელვისგან გული უსკდება. ასე იწყება 12 ქალის ცხოვრების ამსახველი რომანი-პანო. ამამ, რადიკალმა ფემინისტმა, უნდა გადალახოს უამრავი წინაღობა და უკომპრომისოდ იაროს თავისი ოცნებებისკენ მიმავალ გზებზე. ეს ოცნებები იმდენად კონკრეტული და მკაფიოა, რომ მამაკაცსაც კი ამ ნიშნით ირჩევს დროებით პარტნიორად - ზუსტად იცის, როგორი შვილი უნდა გააჩინოს. და ეს, ალბათ, ერთადერთი კომპრომისია შემოქმედის პირად ცხოვრებაში. ამ პოლიფონიურ რომანში, ამა ბონზუს გარდა, 19 წლის იაზის, 93 წლის ჰეტისა და კიდევ 9 ქალის ამბებია მოთხრობილი.... ეს გულის ამაჩუყებელია, შთამაგონებელი, დამთრგუნველი და ზოგჯერ შემაძრწუნებელი ამბები ისეთივე ნამდვილია, როგორიც მილიონობით სხვა ქალის ცხოვრება, რომელზეც არავის დაუწერია. ეს წიგნი მათზეც არის.

ყველგან ხანძრის კერებია

პატარა ქალაქ შეიკერ-ჰაიტსში ყველაფერი დაგეგმილია – აქაურების ყოველდღიური ცხოვრებაც კი. მათი კეთილდღეობა გარანტირებულია – მშვიდი უბნები, პრესტიჟული სკოლები, საუკეთესო განათლება, სპორტი, ულიმიტო დაზღვევა! ელენა რიჩარდსონი კი შეიკერ-ჰაიტსის იდეალური განსხეულებაა – 4 შვილის დედა და წარმატებული იურისტის მეუღლე ცხოვრებით კმაყოფილია, ის წესებს სიამოვნებით იცავს და დასახულ გეგმას პუნქტობრივად ასრულებს. სამსახურშიც გაუმართლა და მისი დიდი, ლამაზი სახლის წინ გაზონიც სულ გაკრეჭილია. მაგრამ ერთ მშვენიერ საღამოს შეიკერში გამოჩნდება ქაოსური მია უორენი – იდუმალი ხელოვანი და მარტოხელა დედა, რომელიც თინეიჯერ ქალიშვილთან, პერლთან, ერთად ჩამოდის და რიჩარდსონებისგან სახლს ქირაობს. საიდუმლო წარსულის მიამ და პერლმა შესაძლოა ამ ქალაქის საათივით აწყობილი ცხოვრება თავდაყირა დააყენონ. „ყველგან ხანძრის კერებია“ მოგვითხრობს საიდუმლოების წონაზე, ხელოვნებისა თუ იდენტობის ბუნებაზე, დედობის ძალასა და იმ საფრთხეზე, რომელიც ახლავს რწმენას, რომ წესებით ცხოვრება კატასტროფას აგარიდებს. გადაღებულია სერიალი, რომელიც ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს მასშტაბით.

დღიური

მეორე მსოფლიო ომიდან ახლახან დაბრუნებული ნოა კოლჰუნი სამხრეთში საკუთარ პლანტაციას უვლის. მას გრძელი დღეები წლების წინანდელი თავგადასავლის გახსენებაში გაჰყავს - იმის მიუხედავად, რომ ამ ამბიდან 14 წელი გავიდა, ნოას არ ტოვებს საყვარელი ქალის სახე. ელის დაკარგვის შემდეგ ნოა მხოლოდ მოგონებებით აგრძელებს ცხოვრებას მანამ, სანამ ელი მოულოდნელად არ დაუბრუნდება მშობლიურ ქალაქს. „დღიური“ ნიკოლა სპარქსის პირველი და ყველაზე სახელგანთქმული რომანია. წიგნი 1996 წელს გამოიცა და დღესაც მსოფლიო ბესტსელერების სიაშია. ENTERTAINMENT WEEKLY-ს გამოკითხვაში სპარქსი მკითხველების საყვარელ მწერლად დასახელდა.

ქარიშხლის ფრთებზე

წიგნის ავტორმა საფო მგელაძემ ლიტერატურული მოღვაწეობა ჯერ პოეზიით დაიწყო და მოგვიანებით, ბელეტრისტიკაშიც სცადა ბედი. ქართული პრესის ფურცლებზე ის ფსევდონიმებით ჩნდებოდა. მისი ოფიციალური სახელი საფო გიგინეიშვილი იყო. მისი წიგნი „ლიანა ლორდია“ ახალგაზრდების საყვარელ წიგნად იქცა. საფომ სამი საინტერესო რომანი დაწერა: „ლიანა ლორდია“, „ქარიშხლის ფრთებზე“ და „გზა და გზა“. რომანის „ქარიშხლის ფრთები“ პერსონაჟები რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან. რომანის მთავარი გმირი, მაგდა, რევოლუციონერი ქალია, რომელიც საფოს მიერ შემოთავაზებული ახალი ტიპის ქალი-პერსონაჟის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა.

ამერიკანა

ქართველებს ბასკებსა და კორსიკელებს გვამსგავსებენ. საკმარისია, ჩვენ შორის ამა თუ იმ მსგავსებაზე ჩამოვარდეს სიტყვა, უცნაურად გავხალისდებით ხოლმე. არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს, როგორც ჩანს, მარტოობის ერებსაც ეშინიათ. ერსაც სჭირდება რწმენა, რომ ვიღაც ჰგავს. ჰოდა, წარმოიდგენდით ოდესმე, რომ ქართველები და ნიგერიელებიც ვგავართ ერთმანეთს? წარმოიდგენდით, რომ სადღაც, აფრიკის კონტინენტზე ადამიანები ზუსტად ჩვენსავით ცდილობენ თავი დააღწიონ ჩარჩოებს ან შეინარჩუნონ ჩარჩოები, რომლებიც თავად დაუდგენიათ, როგორც ჩვენ? წარმოიდგენდით, რომ ნიგერიაში, იქ, სადაც რწმენა მეტ სიჭრელეს იტანს, სინამდვილეში, ღმერთი ჩვენსავით სწამთ? შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა სურთ სამშობლოდან გადახვეწილ ახალგაზრდა გულდაკოდილ ნიგერიელებსა და სხვა აფრიკელებს? მათ სურთ გაჯანსაღებული იხილონ თავიანთი მიწა. რასიზმი რასისტების გარეშე წარმოგიდგენიათ? რა შეიძლება აწუხებდეს ახალგაზრდა ნიგერიელ ქალს? რა უნდა ტანჯავდეს ნიგერიელ მამაკაცს? ყველა განსაცდელის წამალს რა ჰქვია, იცით? – სუფთა გული, იგბოს ენაზე, ობიოჩა.