ავტორი:

23 -დღიანი კომის შემდეგ 40 - წლიან განდეგილობაში - კენ სმიტი: "კარგია ასე ცხოვრება, ყველას უნდა, მაგრამ ვერავინ ბედავს“

23 -დღიანი კომის შემდეგ 40 - წლიან განდეგილობაში - კენ სმიტი: "კარგია ასე ცხოვრება, ყველას უნდა, მაგრამ ვერავინ ბედავს“

კენ სმიტი დიდი ხნის განმავლობაში გაურბოდა ჩვეულებრივ ცხოვრებას და თითქმის 40 წელია შოტლანდიის მაღალმთიანეთში განდეგილად ცხოვრობს. კენი საკუთარი ხელით აშენებულ ხის ქოხში ცხოვრობს, რომელიც ყველაზე ახლო მდებარე გზატკეცილიდან 2 საათის სავალზეა. მას სახლში არც ელექტროენერგია აქვს და არც წყალგაყვანილობა:

"კარგია ასე ცხოვრება, ყველას უნდა, მაგრამ ვერავინ ბედავს“, - ამბობს ის, თუმცა ბევრისთვის თევზაობა, ხის ტოტების შეგროვება და ძველ სააბაზანოში ტანსაცმლის ხელით რეცხვა იდეალური ცხოვრების წესი სულაც არაა, მითუმეტეს 74 წლის ასაკში.

კენი 15 წლიდან მუშაობდა და სხვადასხვა ადგილებში სახანძრო სადგურებს აშენებდა. მისი ცხოვრება 26 წლის ასაკში შეიცვალა, როცა ის ქუჩაში ბანდამ სცემა. მას თავის ტვინში გაჟონვა დაუფიქსირდა და 23 დღის განმავლობაში უგონოდ, კომაში იყო...

"არავის ეგონა რომ სიარულს და ლაპარაკს ისევ შევძლებდი, მაგრამ მაინც გამოვმჯობინდი. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ ჩემებურად უნდა მეცხოვრა“.

სმიტმა მოგზაურობა დაიწყო და უმიზნოდ ხეტიალობდა კანადისა და ალასკის სასაზღვრო ტერიტორიებზე. როცა ის სახლში დაბრუნდა, ორივე მშობელი გარდაცვლილი დახვდა, რამაც ახალგაზრდა კაცი შოკში ჩააგდო - "დიდი დრო დამჭირდა მომხდარის გასააზრებლად, ვერაფერს ვგრძნობდი.“

კენ სმიტმა მას შემდეგ გადაწყვიტა, ბრიტანეთში ყველაზე უკაცრიელი ადგილი მოეძებნა და საბოლოოდ შოტლანდიის მაღალმთიანეთში მოხვდა - "ასობით დაუსახებელი და უკაცრიელი კილომეტრი მიწა იყო ჩემს გარშემო. ვიფიქრე, რომ სწორედ აქ მინდოდა საცხოვრებლად დარჩენა". ეს ის მომენტი იყო, როცა მან მუდმივი ხეტიალი შეწყვიტა და თავისი ქოხის შენებას შეუდგა.

4 დეკადა გავიდა, რაც ქოხში ცეცხლი გიზგიზებს, თუმცა არაა ელექტროგაყვანილობა, გაზი, წყალგაყვანილობა და არც სატელეფონო კავშირია.

მას თავისი ხელით მოჰყავს ბოსტნეული, ტყეში კენკრასაც აგროვებს, მაგრამ მისი საკვების ძირითად წყაროს მაინც თევზეული წარმოადგენს:

"თუ დამოუკიდებლად ცხოვრება გინდა, თევზაობის სწავლა გჭირდება“, - ამბობს 74 წლის განდეგილი.

2019 წლიდან კენისთვის განდეგილად ცხოვრება პრობლემური გახდა. მას გულის შეტევა ჰქონდა და საავადმყოფომდე ის ვერტმფრენით გადააფრინეს, სადაც 7 კვირა მკურნალობდნენ. საავადმყოფოს თანამშრომლები ეცადნენ დაერწმუნებინათ, ცივილიზაციას დაბრუნებოდა, მაგრამ კენი ცივ უარზე იყო და მაინც თავის სანუკვარ ქოხს დაუბრუნდა.

კენი ამბობს, რომ ის მომავალზე საერთოდ არ ღელავს:

"დედამიწაზე სამუდამოდ არავინ ვიქნებით. ბევრნაირი ინციდენტი გადამხდენია თავს, მაგრამ ყველაფერს გავუმკლავდი. ალბათ, ერთ დღესაც, რაიმე ისეთი შემემთხვევა, რაც შემიწირავს, მაგრამ განა ყველა ასე არაა?! მე მაინც, მინდა, მჯეროდეს, რომ 102 წელს მივატან“.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა