ავტორი:

რა არის ბუსტერი? -  ყველა კითხვაზე პასუხი სპეციალისტისგან

რა არის ბუსტერი? -  ყველა კითხვაზე პასუხი სპეციალისტისგან

ყველასთვის ცნობილია, 2 -ჯერ აცრილი ადამიანები უკვე ე.წ. ბუსტერს იკეთებენ, ბუსტერი ვაქცინის დამატებითი დოზაა, რომელიც პირველი ორი დოზის მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ კეთდება. ვაქცინის პირველი ორი დოზა ჩვენს იმუნურ სისტემას დაავადების საწინააღმდეგო საპასუხო რეაქციის გამომუშავებაში ეხმარება და „კოვიდ-19“-თან გასამკლავებლად ორგანიზმის მზადყოფნას უზრუნველყოფს, ბუსტერი კი პირველი ორი დოზის შედეგად კორონავირუსის წინააღმდეგ გამომუშავებული იმუნიტეტის შენარჩუნებაში გვეხმარება და იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენს ორგანიზმში ვირუსი მოხვდება, კიდევ უფრო მეტად დაგვიცავს. ბუსტერის მიღება შეუძლია 18 წლის ზემოთ ასაკის ორჯერ აცრილ პირს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა ბუსტერ დოზაზე არსებულ ყველა კითხვას პასუხი გასცა.

- ქალბატონო ხათუნა, რა არის ბუსტერ დოზა და რატომ არის აუცილებელი მისი გაკეთება?

- „კოვიდ-19“-ის ბუსტერ ვაქცინა არის ვაქცინის დამატებითი დოზა, რომელიც კეთდება ვაქცინაციის პირველადი კომპლექსის დასრულებიდან გარკვეული დროის განმავლობაში, რათა გააძლიეროს იმუნური დაცვა. როგორც წესი, ბუსტერი კეთდება მას შემდეგ, რაც იმუნიტეტი პირველადი ვაქცინაციის შემდგომ ბუნებრივად ქვეითდება. ბუსტერის მიზანია, უზრუნველყოს იმუნიტეტის უფრო ხანგრძლივი შენარჩუნება.

- რა გზა უნდა გავიაროთ, რომ ბუსტერით ავიცრათ?

- ბუსტერ აცრის მიღების მიზნით გაითვალისწინეთ, რომ საქართველოში კოვიდის ბუსტერ ვაქცინა უტარდება 18-59 წლის ასაკის ნებისმიერ პირს, რომელთა ვაქცინაციის პირველადი კომპლექსის გაკეთებებიდან გასულია 6 თვე, 60 და მეტი ასაკის ნებისმიერ სრულად აცრილს: ა) „სინოფარმით“ ან „სინოვაკით“ აცრის შემთხვევაში 3 თვის შემდგომ, ბ) AstraZeneca და Pfizer–BioNTech ვაქცინის გამოყენებისას - 6 თვის შემდეგ.თუ თქვენ აკმაყოფილებთ აღწერილ მოთხოვნებს - ეწვიეთ ვებგვერდს: https://booking.moh.gov.ge/, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაქცინის დასახელება და მიჰყევით ინსტრუქციას. ასევე, წინასწარი დაჯავშნის გარეშე შეგიძლიათ მიმართოთ კოვიდიმუნიზაციის ცენტრებს და ჩაიტაროთ ვაქცინაცია.

- სრულად ვაქცინირებული და კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის არის თუ არა საჭირო ბუსტერი და რამდენ ხანშია ამის გაკეთება შესაძლებელი?

- „კოვიდ“-19-ის ლაბორატორიული დადასტურებიდან ერთი თვის თავზე ვაქცინაციის ჩატარება დაშვებულია ჩვენს ქვეყანაში. ვაქცინაციის ჩატარება აცრის ან გადატანის სტატუსისგან დამოუკიდებლად - პირადი გადაწყვეტილებაა და ჯანმრთელობის რისკებს არ მოიცავს.

- ხშირად აწუხებთ ეს კითხვა საზოგადოებაში, არის თუ არა ბუსტერ დოზა უსაფრთხო?

- „კოვიდ-19“-ის ვაქცინაცია, მ.შ. ბუსტერი - უსაფრთხოა.

- რომელი ვაქცინითაა შესაძლებელი ბუსტერის მიღება?

- „კოვიდ -19“-ის ბუსტერ ვაქცინა შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერი ხელმისაწვდომი ვაქცინით. გამონაკლისს წარმოადგენენ AstraZeneca წარმოების ვაქცინით აცრილი პირები, რომელთა ბუსტერ ვაქცინაციისთვის შესაძლებელია გამოყენებული იყოს Pfizer–BioNTech ვაქცინა.

- თუ ადამიანი აიცრა და მერე უცებ კორონა გადაიტანა, რამდენ ხანშია რეკომენდებული აცრის ხელმეორედ გაკეთება და ეთვლება თუ არა მას პირველი გაკეთებული დოზა ამ შემთხვევაში?

- „კოვიდ-19“-ის ლაბორატორიული დადასტურებიდან ერთი თვის თავზე შეიძლება გაგრძელდეს ვაქცინაციის კურსი. პირველი დოზა არ „იკარგება“.

- არის თუ არა მიზანშეწონილი სხვადასხვა ვაქცინის გაკეთება?

- პირველადი ვაქცინაციის სერია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებული ვაქცინებისთვის ორ ინექციას მოიცავს, რეკომენდებულია ჩატარდეს ერთი და იგივე ვაქცინით. იშვიათ შემთხვევებში, ობიექტური მიზეზების არსებობისას, შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ვაქცინებით აცრა. ბუსტერის შემთხვევაში - მოქმედი ბრძანების მიხედვით, არჩევანი შეგიძლიათ ნებისმიერ ვაქცინაზე შეაჩეროთ.

- თუ ადამიანი ერთხელ აიცრა, მაგრამ დაწესებულ ვადაში მეორე ვაქცინა არ გაიკეთა, ამ შემთხვევაში ეთვლება თუ არა პირველი აცრა?

- ვაქცინის პირველ და მეორე დოზას შორის არსებობს 1 დაწესებული და 1 რეკომენდებული ინტერვალი. დაწესებული ინტერვალი შეეხება 2 ინექციას შორის მინიმალურ პერიოდს - რაც მწარმოებლის მიერაა განსაზღვრული და მას მკაცრად უნდა მისდიოს ამცრელმაც და ასაცრელმაც. ასევე, მწარმოებლის მიერაა განსაზღვრული რეკომენდებული ინტერვალი პირველ და მე-2 დოზას შორის, რომლის განმავლობაშიც ოპტიმალურია მე-2 დოზის მიღება. თუ ამ ოპტიმალურ პერიოდში ვერ ხერხდება ვაქცინის მე-2 დოზის მიღება, მაშინ ის უნდა გაკეთდეს - პირველივე შესაძლებლობისას, ოპტიმალური პერიოდის გავლის შემდგომ.

- ბუსტერი მხოლოდ „ფაიზერს“ აქვს თუ სხვა ვაქცინირებულებსაც აქვთ ბუსტერის გაკეთების შესაძლებლობა?

- ნებისმიერი ვაქცინით აცრილს შეიძლება ჩაუტარდეს ბუსტერ იმუნიზაცია - ჩვენს ქვეყანაში ასეთი წესია.

- უნდა გაიკეთოს თუ არა ბუსტერი 60 წელს გადაცილებულმა ადამიანმა?

- 60 წელს გადაცილებული ადამიანების პირველადი და ბუსტერ ვაქცინაცია „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ - უპირველესი პრიორიტეტია.

- რა შემთხვევაში არ შეიძლება ადამიანის აცრა ბუსტერით?

-„ კოვიდ-19“-ის ვაქცინაციის აბსოლუტური უკუჩვენება არ არსებობს. შესაძლოა, მოხდეს დროებითი გადავადება, მაგ. მწვავე დაავადების ან ქრონიკული დაავადების გამწვავების დროს. თუ რაიმე თანმხლები დაავადების ან მდგომარეობის გამო ადამიანს უჭირს, მიიღოს გადაწყვეტილება ვაქცინაციის სასარგებლოდ ან ჭოჭმანობს ვაქცინათა სახეობების შერჩევისას - პირველადი ან ბუსტერ დოზით ვაქცინაციის დროს, ჯობს მიმართოს სპეციალისტს, რომელიც დაეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

- რამდენად უსაფრთხოა მოძრავ პუნქტებში ვაქცინაცია?

- მოძრავი ვაქცინაციის პუნქტები იმგვარადვეა აღჭურვილი, როგორც სტაციონარული. გათვალისწინებულია იმუნიზაციის ჩატარების წესები და, შესაბამისად, უსაფრთხოა.

- იქნებ გვითხრათ ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის 60 წელს გადაცილებული რამდენი ადამიანია აცრილი?

- 60 და მეტი წლის ადამიანებში 600 000-მდე აცრაა ჩატარებული, სრულად აცრილია 282 000-მდე პირი, ზოგმა ბუსტერ იმუნიზაციაც ჩაიტარა.

- ხშირად შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებს, კლინიკაში აცრაზე უარს ეუბნებიან, შაქრის მაღალი მაჩვენებლის გამო, რა შემთხვევაში არ უნდა აიცრას დიაბეტიანი ადამიანი?

- დიაბეტიანი ადამიანების აცრა - საჭირო და მნიშვნელოვანია. შაქრის მაღალი მაჩვენებელი, თუ ის არ ითხოვს გადაუდებელ დახმარებას - „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის უკუჩვენება არაა. ასეთ ადამიანებს უნდა მიეცეთ რეკომენდაცია - ძირითადი დაავადების (ამ შემთხვევაში - დიაბეტის) მართვის მიზნით მიმართონ ექიმს და მტკიცედ მისდიონ მიღებულ რეკომენდაციებს და არ თქვან უარი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე.