ავტორი:

"სამჯერ აცრის 71%-იანი მაჩვენებლის შემდეგ აქ ერთი პაციენტია გარდაცვლილი... ადამიანურ ცხოვრებას დავუბრუნდით" - რას ჰყვება ისრაელში მოღვაწე ქართველი ექიმი?

"სამჯერ აცრის 71%-იანი მაჩვენებლის შემდეგ აქ ერთი პაციენტია გარდაცვლილი... ადამიანურ ცხოვრებას დავუბრუნდით" - რას ჰყვება ისრაელში მოღვაწე ქართველი ექიმი?

როგორც ცნობილი იყო, ისრაელი არ ღებულობდა "ფაიზერის მიერ წარმოებულ კოვიდის წამალს და არც ღონისძიებებში ჩართულა... თუმცა 13 ნოემბერს ისრაელმა გადაწყვეტილება შეცვალა. 14 ნოემბერს კი ცნობილი გახდა მეორე სიახლე, ისრაელი 5-დან 11 წლამდე ბავშვების აცრას დაუშვებს.

ისრაელიდან რეკანატის სახელობის გენეტიკის ცენტრის ექიმი-ლაბორანტი ნატო კიკაჩეიშვილი გვესაუბრება:

- ისრაელში თითქმის ყველა კოვიდშეზღუდვა მოხსნილია. მხოლოდ დახურულ სივრცეში, განსაკუთრებით საავადმყოფოებსა და სავაჭრო ცენტრებში რჩება ნიღბის ტარება სავალდებულო. ქორწილების და სხვა თავშეყრის ადგილებში, კოვიდპასპორტის პასპორტის წარდგენის პირობებში ნიღბის ტარება საჭირო აღარ არის. ახლახანს ისრაელში ჩატარდა 92 ათასი ტესტირება და მხოლოდ 600 ახალი შემთხვევა იყო. გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, პაციენტი სამწუხაროდ აუცრელი იყო. 600 ახალი შემთხვევიდან 60 პროცენტი ერთიდან 19 წლამდე მოზარდები არიან. ყველაზე ცოტა შემთხვევა 60 წელს ზემოთ არის, 5 პროცენტია და ისინიც აუცრელები.

- როგორია ისრაელის უახლესი სტატისტიკა?

- დღესდღეისობით ისრაელს ყავს 156 მძიმე ავადმყოფი, აქედან 100 აპარატზე.

- ბუსტერით ისრაელის რამდენი პროცენტი აიცრა?

- ბუსტერით უკვე აცრილია ისრაელის მოსახლეობის 71%. პირველი დოზა აქვს მოსახლეობის 90%-ს გაკეთებული, მეორე დოზა- 81 პროცენტს და ბუსტერი როგორც მოგახსენეთ - 71%-ს. რასაკვირველია აცრებმა ძალიან გაამართლა! წელიწადნახევრის განმავლობაში სულ კორონა-ლაბორატორიებში ვმორიგეობდი. დამხმარე ძალას სხვადასხვა ლაბორატორიებიდან გვიწვევდნენ. მორიგეობა კვირაში ორჯერ-სამჯერ მიწევდა, ახლა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში თუ დამიძახებენ. ნოემბერში თითქმის არ მქონია გამოძახება. ღმერთის წყალობით ისრაელი ადამიანურ ცხოვრებას დაუბრუნდა.

ისრაელმა დადო დასკვნა, რომ ბუსტერს მოქმედების ვადა აქვს ცხრიდან ათ თვემდე. თუმცა ვარაუდობენ, რომ შეიძლება ერთ წლამდეც გახანგრძლივდეს. დადგინდა, რომ ბუსტერული ვაქცინა განსხვავდება პირველი და ორი ვაქცინისგან გამომუშავებული ანტისხეულების რაოდენობით და ხარისხით. ამიტომ მესამე აცრა გაცილებით უფრო დიდხანს იწვევს იმუნიტეტს.

- საქართველოს მოსახლეობას ბუსტერს ურჩევდით?

- აუცილებლად! ისრაელში ერთი ადამიანისთვისაც კი საომარი მოქმედებები შეუძლიათ დაიწყონ და ასეთი სახელმწიფო რამე საშიშროების შემცველს არაფრით დაუშვებდა! მეტიც, პირველი არ იქნებოდა, რომელმაც ორმაგი გადაიხადა როგორც კი "ფაიზერმა" ვაქცინის არსებობის შესახებ გამოაცხადა. ისრაელში 71%-იანი სამჯერ აცრის შემდეგ ერთადერთი ადამიანია გარდაცვლილი და თუ ჩავუღრმავდებით, მას აუცილებლად თანმხვედრი, მძიმე დაავადება ექნებოდა...

საქართველო დღეს საერთოდ სხვა კონტინენტზეა... ხან მთავრობის, ხან ოპოზიციის მითითებით მრავალათასიანი აქციები იმართება, როცა ინფიცირების ამდენი შემთხვევებია და გარდაცვლილთა კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელი... შარშან საქართველოში, ზამთარში გრიპის შემთხვევები თითქმის არ იყო, რადგან მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მეტნაკლებად იზოლაციაში იყო. იცავდნენ დისტანციის, ნიღბის ტარების წესებს და წელს ვფიქრობ, მძიმე ზამთარი იქნება თუ გრიპის შემთხვევებიც მოიმატებს...

- ისრაელში როგორი ვითარებაა ბავშვებში აცრის შესახებ...

- ახლახან გამოქვეყნდა შნაიდერის ბავშვთა სამედიცინო ცენტრის პროფესორის, ბაქტერიოლოგიის, ალერგოლოგიის და იმუნოლოგიის დოქტორის დასკვნა. მისი მტკიცებით, ბავშვებში, ვინც კოვიდი გადაიტანა და საავადმყოფოში მოხვდა, მათ აღენიშნებათ მულტისისტემური ანთება, პოსტკოვიდური სინდრომი, კარდიომიპათია...

ცხრიდან ერთი პაციენტი ხვდება კლინიკაში. სულ მილიონნახევარი ბავშვი დაავადდა და აქედან ოთხასი იყო ჰოსპიტალიზირებული. პირველი შტამით ბავშვები საერთოდ არ დაავადებულან, მხოლოდ დელტას გავრცელების შემდეგ მოხდა ბავშვების დაინფიცირება. მილიონნახევარ ბავშვში 150 ბავშვს განუვითარდა პოსტკოვიდური გართულებები. მრავალი მიმართულების ანთებები გამოიკვეთა, მაგრამ ყველაზე რთული მიოკარდიტია...

ისრაელში 6 600 აცრილი ბავშვიდან მხოლოდ ერთს განუვითარდა მიოკარდიტი. ამით იმის თქმა მინდა, რომ მომდევნო კვირიდან ჯანდაცვის სამინისტროს ისრაელში 5-დან თერთთმეტ წლამდე ბავშვებისთვის აცრა დაუშვა. განსხვავება მხოლოდ ის იქნება, რომ თუ მოზრდილებში ვაქცინაცია პირველსა და მეორე დოზას შორის სამი კვირა იყო, ბავშვებში ეს დრო სამი თვე იქნება. უკვე შეუკვეთეს "ფაიზერს" დოზების რაოდენობა, ისრაელში ამ ასაკის ბავშვების ასაცრელად.

- რატომ მივიდნენ ამ გადაწყვეტილებამდე?

- განათლების სამინისტრომ ჩაატარა საგანგებო სხდომა, რომელიც ეძღვნებოდა ბავშვთა ფსიქოემოციური ფონის გაუარესებას... იზოლაციებმა - სკოლების, ბაღების, უნივერსიტეტების დაკეტვამ ბავშვების ასოციალიზაცია გამოიწვია. მკვეთრად მოიმატა აგრესიამ, პედაგოგები სკოლებს ვეღარ ცნობენ, სრული დაუმორჩილებლობაა. ამის მიზეზად ვირუსი ხასიათდება... ბავშვებში აცრის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ მათი ჯანმრთელობის გაუარესების და პოსტკოვიდური სინდრომის გართულების გამო კი არ ხდება, არამედ ფსიქოემოციური ფონის დასამშვიდებლად. ასე აპირებენ თაობა გადაარჩინონ. საოცრად მშვიდი ბავშვები დღეს რადიკალურად აგრესიულები არიან. ფიზიკური ჯანმრთელობა აუცილებელია, მაგრამ რა აზრი აქვს, თუ ბავშვის ფსიქიკა მოშლილია და მასთან კომუნიკაცია აღარ შეიძლება?!

- ისრაელი რატომ არ ღებულობს "ფაიზერის" მიერ წარმოებულ კოვიდის წამალს და რატომ არ ჩაერთო ღონისძიებებში?

- "ფაიზერის" მიერ წარმოებული წამალმა უკვე გაიარა მესამე ეტაპი და რეზულტატობა დადგინდა - 89%. ეს 89 % არის სიკვდილიანობის დაქვეითების და არა განკურნების. ბრიტანულმა ფარმაკოლოგიურმა კომპანიამ წარმოებაში ჩაუშვა ეს წამალი და 70-80 ქვეყანა უკვე დათანხმდა წამლის მიღებას. ისრაელმა თავი შეიკავა მხოლოდ იმიტომ, რომ აღნიშნული წამლის გამოცდა 2021 წლის ზაფხულში მიმდინარეობდა. იმ დროს დაავადებულთა რაოდენობამ ისრაელში იმ დონეზე დაიწია, რომ მოხალისეთა რაოდენობაც კი ვერ შეგროვდა... გარდა ამისა ისრაელი სამი მიმართულებით აწარმოებს მისივე წარმოების წამალზე მუშაობას. სამ დიდ ქალაქში მიმდინარეობს მუშაობა - ხაიფაში, თელ-ავივში, იერუსალიმში სხვადასხვა პრეპარატებზე მუშაობენ...

დადგინდა, რომ ეს პრეპარატი, რომელიც "ფაიზერმა" გამოუშვა და წარმოებაში ჩაუშვა, დაავადებიდან პირველი ოთხი დღის განმავლობაში უნდა იქნეს მიღებული. ისრაელში, ისინი ვინც წინააღმდეგები არიან ვაქცინის გაკეთების ( მორწმუნეთა გარკვეული კატეგორია ორთოდოქსებისა) წამალს მითუმეტეს არ მიიღებენ... ისრაელმა ძალიან დიდი თანხა ჩადო ვაქცინაციაში და ურჩევნიათ სრული იმუნიზაციისთვის ვაქცინირებული ჰყავდეთ მოსახლეობა, ვიდრე წამლის საჭიროებამდე მივიდეს საქმე. თან უახლოეს მომავალში ისრაელი თავის წამალს აწარმოებს. ამიტომაც ისრაელი ჯერჯერობით თავს იკავებს სხვა ქვეყნების პრეპარატების შემოღებისგან და უპირატესობას ვაქცინას აძლევს!

თუმცა 13 ნოემბერს პრემიერმინისტრმა ბენეტმა ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციის შემდეგ კომპანია "ფაიზერს"შეუკვეთა საკმაოდ დიდი რაოდენობით კოვიდსაწინააღმდეგო წამალი"Paxlovidi". როგორც კი ის მიიღებს FDA ის ლიცენზიას. პრეპარატი სიკვდილიანობის და ჰოსპიტალიზაციის რისკს წევს 89 პროცენტამდე.