ავტორი:

"თავიდან 2 ქვევრი დავდე, შემდეგ ურმის თვალი მომცა მეზობელმა..." - ფოტოგრაფი, რომელმაც არაფრისგან ულამაზესი ეზო შექმნა

"თავიდან 2 ქვევრი დავდე, შემდეგ ურმის თვალი მომცა მეზობელმა..." - ფოტოგრაფი, რომელმაც არაფრისგან ულამაზესი ეზო შექმნა

ლაშა ზუბიაშვილი ფოტოგრაფია, ცხოვრობს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში. როგორც გვეუბნება, ორი პერსონალური გამოფენა აქვს მოწყობილი და რამდენიმე ფოტოკონკურსის გამარჯვებულია. თუმცა ახლა მისი მკითხველისთვის წარდგენა საკუთარი ხელით გალამაზებული და გაფერადებული ეზოს გამო გვიწევს. ეზო, რომელიც მნახველის მოწონებას იმსახურებს.

ლაშა ზუბიაშვილი:

- დავიბადე და გავიზარდე სოფელ მეტეხში, ახლაც აქ ვცხოვრობ. 34 წლის ვარ. ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი, ისე, რომ აქაურობას ვერ ვტოვებ... მეტეხში 3000 ადამიანი მაინც ცხოვრობს, არ არის პატარა და მჭიდროდ დასახლებული ადგილია. მართლა ძალიან ლამაზი სოფელი გვაქვს, სადაც XIII საუკუნის ტაძარია. უკვე წლების ტრადიციაა, რომ ჩვენი სოფლიდან დედაქალაქში ალილოს დღესასწაულზე, შობას კამეჩები მიჰყავთ ხოლმე.

მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი

დიდი სახლი გაქვს. ეზოც დიდია, მაგრამ მისი რაღაც ნაწილის გალამაზება ჩემი ხელით გადავწყვიტე. ამისკენ იმ 45 წლის შინდის ხეებმა მიბიძგა, რომელიც სახლის წინ არის დარგული. ისინი პაპამ დარგო. პაპა არ მახსოვს, პატარა ვიყავი, რომ გარდაიცვალა.

- ისტორიული შინდები ყოფილა...

- კი, თან კარგად ისხამს, წელს ნახევარი ტონა დავკრიფეთ. ისეთი დიდები და მაღლებია, რომ ორსართულიანი სახლის სიმაღლეა... მოკლედ, ამ ადგილს ვუყურებდი ბავშვობიდან და ერთხელაც მომინდა, მოდი, მივხედავ-მეთქი. ჯერ 2 ქვევრი დავდე, მერე ურმის თვალი მომცა მეზობელმა, მდინარის ნაპირიდან ნელ-ნელა ქვები ამოვიტანე და ბილიკები გავაკეთე. დავაწყვე დოქები, ბალახი (კოინდარი) დავთესე. ამასობაში ჩიტების სახლი მაჩუქეს. ამან იმისკენ მიბიძგა, რომ მეტი ჩიტის სახლი დამეკიდა. ამისთვის სპეციალურად ნახაზი გავაკეთე და მამაჩემს ვთხოვე, ისინი დაემზადებინა. მოკლედ, ჩიტის 8 სახლი მამამ გააკეთა, ასეთი რაღაცები ეხერხებ... წელს 4 სახლში უკვე დაბინავდნენ ლამაზი ჩიტები, ბარტყებიც დაჩიკეს და უკვე გაფრინდნენ. ფერადები და ლამაზი იყვნენ. აქაურობას უპრობლემოდ მოერგნენ.

- ჩიტებისთვის "სასტუმროები" გაგიკეთებიათ...

- კი... ისე მომწონდა, აქ რომ იყვნენ, ჰამაკში ვწვებოდი და ვუყურებდი. ამ ადგილზე ფერადი განათებაც დავაყენე ძველებურ სტილში, დეკორატიული ნათურაა. დავამატე ჰამაკებიც, სადაც სტუმრებსაც შეუძლიათ მოისვენონ.

- ღობეც დაგიხატავს...

- ხატვა მეხერხება და ღობეც მოვხატე - ყვავილები, მზე, უცებ რაც მოვიდა... გავაფერადე... მაქვს ქოთნის მცენარეები, გრუნტში ნაკლები. ხეების გამო ეზოში ჩრდილია და გახარება უჭირს. არადა, უამრავი ყვავილი დავთესე, ამოვიდა, მაგრამ უმზეობის გამო ვერ აყვავდა.

ამ ადგილზე შუა სიცხეში რომ წამოწვე, კარგად გრილა, სიცხეს ვერ იგრძნობ. სტუმარი ვინც მოდის, ჩვენი ეზო ყველას მოსწონს. აქაურობის ასე მოწყობაში, ხომ ვამბობ, შინდები დამეხმარა და იდეაც ამან მომცა. ადრე აქ არავინ დაჯდებოდა. მხოლოდ ხეები იყო და მორჩა. ახლა სტუმარი რომ მოდის, აქ ჰამაკში ჯდება და ისვენებს. მეზობლებსაც მოსწონთ. ზოგმა, ჩემსავით ქვევრები მოიტანა და ეზოში დააწყო.

- საოჯახო სასტუმროს გახსნაც ხომ არ გინდა?

- მაგაზეც ვიფიქრე, მაგრამ ამაში პანდემია მიშლის ხელს. არადა, ჩვენი ღვინოც გვაქვს, ეზოში ჩინური და ალადასტური მოგვყავს. სურვილი მაქვს, რომ საბოლოოდ საოჯახო სასტუმრომდე მივიდეთ. აქვე ახლო-მახლო არსად არ არის ასეთი სასტუმრო.

- მოკლედ, გიყვარს შენი სოფელი, შენი ეზოკარი ისე, რომ მის საკუთარი ხელით გალამაზებაზე მუდმივად ზრუნავ, ხომ?

- კი, ყოველ წელს ახალ რაღაცას ვამატებ. ჩვენებიც უვლიან, მამა, დედა, დაოჯახებული ძმა მყავს. ახლა გადაწყვეტილი მაქვს, ეზოში ყველა ხე გავანათო ღამის განათებით.

- საკუთარი ხელით, მონდომებით და არც ისე დიდი თანხით შეგვიძლია ჩვენი გარემო მოვაწყოთ გავაფერადოთ, გავალამაზოთ...

_ კი, ფული არაფერში დამიხარჯავს, მარტო კოინდარი ვიყიდე. ყველამ უნდა მიხედოს თავის კუთხეს, ადგილს, სადაც ცხოვობს სოფელშიც და ქალაქშიც. აივნები შეღებონ, ქოთნებში ყვავილები დაკიდონ, გაახარონ, გაამწვანონ, ამას მარტო მონდომება, შრომა უნდა და ყველაფრი შეიცვლება... ეს ყველას შეუძლია, არ არის რთული, მერე დასხდნენ იქ და დაისვენონ, იმ ყველაფრით თვითონ ისიამოვნონ.