ავტორი:

"მე არ მეშინია, კარგად უნდა გამოვიდე..." - 10 წლის ნიკოლოზი, ულამაზესი ხმით და დიდი გეგმებით, საბავშვო "ევროვიზიისთვის" ემზადება

"მე არ მეშინია, კარგად უნდა გამოვიდე..." - 10 წლის ნიკოლოზი, ულამაზესი ხმით და დიდი გეგმებით,  საბავშვო "ევროვიზიისთვის" ემზადება

ნიკოლოზ ქაჯაია საქართველოს სახელით საბავშვო "ევროვიზიაზე" წარსდგება სიმღერით - "დავაგროვოთ ღიმილები“. მე-19 საბავშვო ევროვიზია პარიზში 19 დეკემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას 19 ქვეყანა მიიღებს.

ნიკოლოზს პარიზში გამგზავრებამდე "პირველი არხის“ პოპულარული საბავშვო პროექტის "რანინა“ არც ისე მარტივი ეტაპების გადალახვა მოუხდა. ის ამ სეზონის გამარჯვებულია.

ნიკოლოზი, დედასთან - ლიკა გუმბარიძესთან ერთად, ambebi.ge -ს სტუმარია, რომელიც საკუთარ თავზე, პოპულარულ შოუში გამარჯვებასა და "ევროვიზიის" კონკურსის წინ საკუთარ განწყობაზე გვესაუბრება.

- ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ვიტყვი, რომ "რანინა“ ძალიან კარგი პროექტია. დიდი გამოცდილება მივიღე და სახალისო იყო ასეთ კონკურსში მონაწილეობა. ბევრი ბავშვი გავიცანი, რომლებიც ერთმანეთს ვგულშემატკივრობდით და ახლაც ვურთიერთობთ. კონკურენცია ჩვენს შორის არ იყო.

მადლობა მინდა, გადავუხადო მასწავლებლებს მანანა მორჩილაძეს, ნინო ჩაჩავას, ქეთი ჯავახიშვილს და "რანინას“ ხელმძღვანელს, ლანა ქუთათელაძეს.

- როდესაც მიხვედი კონკურსში, ელოდი, რომ გაიმარჯვებდი?

- ასეთი მოლოდინი არ მქონდა, რადგან ჯერ იმაში არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ათეულში მოვხვდებოდი, მაგრამ მერე ნახევარფინალში რომ გავედი, საკუთარ თავში მეტად დავრწმუნდი... ამ კონკურსში გამოცდილების მისაღებად მივედი და ეს იყო ჩემთვის მთავარი. გამოცდილებასთან ერთად, მივიღე სიამოვნება და ახლა უკვე მზად ვარ, რომ "ევროვიზიაზე" წავიდე.

ლიკა გუმბარიძე:

- კი, მისთვის მინიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ გამოცდილება მიეღო. გამარჯვებაზე არც ფიქრობდა. ეს ნიკოლოზისთვის პირველი კონკურსი იყო. არ გვიფიქრია, რომ ყველაფერი ასე წარმატებულად დამთავრდებდა და პირველ ადგილს დაიკავებდა.

დედასთან ერთად

ნიკოლოზი:

- დიახ, კონკურსი პირველი იყო, ისე ტელევიზიების სხვადასხვა შოუში რამდენჯერმე კი გამოვსულვარ ჯგუფურად და ვოკალის აკადემიიდან სხვა ბავშვებთან ერთად, მონაწილეობა მიმიღია.

- რას მიხვდი, რა არის კონკურსის მოსაგებად საჭირო?

- პირველ რიგში, თავდაჭერა, მერე უნდა გჯეროდეს შენი თავის და ბევრი უნდა იშრომო.

- პირველად როდის იმღერე აუდიტორიის წინაშე და ტაში როდის დაგიკრეს?

- სამი წლის ვიყავი. წვეულება იყო, სცენაზე ბევრი ადამიანი მღეროდა და მომინდა, მეც მემღერა. "იავნანა“ ვიმღერე, სიტყვები კარგად არ ვიცოდი და ჩემებურად "გავაფერადე“ , ანუ რაღაცები მოვიგონე.

ლიკა:

- ისე მოეწონათ და მაშინ მივხვდით, რომ ნიკოლოზისგან რაღაც შეიძლებოდა, გამოსულიყო. იმპროვიზაციის უნარი მაშინ გამოავლინა.

ნიკოლოზი:

- ერთხელ კიდევ ბებოსთან ერთად ვიყავი, რაღაც კონცერტი იყო, ბავშვები "მეფე ლომის“ სიმღერებს მღეროდნენ და მეც ავყევი...

მუსიკის პედაგოგებთან ერთად

ლიკა:

- მერე მივიყვანეთ მუსიკალურ სტუდიაში და ასე ნელ-ნელა სხვადასხვა სტუდიებში განვითარდა.

- სიმღერა რას ნიშნავს შენთვის?

ნიკოლოზი:

- როცა ვმღერი, ეს ბედნიერს მხდის, ენერგია მემატება, მიყვარს, მსიამოვნებს, თითქოს ახალი ადამიანი ვხდები. მახალისებს...

- "ევროვიზიაზე“ წარსადგენი სიმღერა მოგწონს?

- კი, გიგა კუხიანიძემ დაწერა, რომელიც მარიკა დავითაიასთან ერთად შევისწავლე და დავამუშავე. რეჟისორმა ზაზა ორაშვილმა კი კარგი კლიპი გადაიღო .

***

10 წლის ნიკოლოზ ქაჯაია პირველი ექსპერიმენტული სკოლის მეხუთეკლასელია, კარგი მოსწავლეა. როგორც ამბობს, უყვარს სწავლა, განსაკუთრებით ჰუმანიტარული საგნები, კარგად ფლობს უცხო ენებს - გერმანულს, ინგლისურს, რუსულს. გარდა იმისა, რომ სიმღერას მის ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია, დადის ევგენი მიქელაძის სამუსიკო სკოლაში და ფორტეპიანოსაც ეუფლება, ხატავს, ძერწავს და ამ მიმართულებითაც შედეგები აქვს. უყვარს კომპიტერული თამაშები და ეზოში თანატოლებთან თამაშიც.

ლიკა:

- ცოტა სუბიექტურად გამომივა, მაგრამ მართლა ასეა - განსხვავებულია, თავისი სამყარო, შეხედულება აქვს საკითხებზე, თავის თავში დაჯერებულია, როცა მღერის და სცენაზე დგას, გეგონება, სრულყოფილი, ჩამოყალიბებული ადამიანია, თავის უნარების და მონაცემების ბოლომდე წარმოჩენა შეუძლია, მობილიზებულია, რა დავალებასაც აძლევენ, ყველაფერს ბოლომდე მაქსიმალურად ითვალისწინებს და მაყურებლამდე მიაქვს და რაც მთავარია, სიმღერიდან სიამოვნებას იღებს და ეს მაყურებელსაც გადაეცემა. იმიტომ, რომ თვითონ განიცდის ამას. მაყურებელთან მართალია და არ თამაშობს. შრომა უყვარს, ენერგიულია და ამას სხვებიც აღნიშნავენ.

ნიკოლოზი:

- ახლა ონლაინსწავლებაზე ვარ, დღის განმავლობაში ბევრი რამის კეთება მიწევს, სულ გადარბენაზე ვარ. მოკლედ, ისეთი დატვირთული ვარ, რომ ვიდრე ერთი ადგილიდან მეორეზე მივალ, მანქანაში ვჭამ ხოლმე.

- ამდენს რომ შრომობ, ამიტომაც დაგიფასდა და სამომავლოდ მეტად დაგიფასდება.

- რომ არ მეშრომა, ამ კონკურსზე ბოლომდე ვერ გავიდოდი... ბევრ ადამიანს კი ვუყვარდი, მაგრამ ერთი წლის წინ ქუჩაში არავინ მიცობდა. მინდა, მივმართო მკითხველს, მაყურებელს, მსმენელს, ჩემს ვიდეოს ვინც შეხედავს, დამიმესიჯოს. მათი დახმარება ახლა მნიშვნელოვანია, ეს მხოლოდ ჩემი საქმე არ არის, ქვეყანა უნდა წარმოვადგინო. ამიტომ დამიჭირონ მხარი. მადლიერი ვარ იმ ადამიანების, ვისაც ვუყვარვარ, მოვეწონე, მხარი აქამდე დამიჭირა. ყველაფერი მე და მაყურებელმა ერთად უნდა გადავლახოთ.

- როგორი განწყობა გაქვს დიდი და საპასუხისმგებლო კონკურსის წინ, რომელსაც "ევროვიზია“ ჰქვია...

- არ მესმის, ვერ ვხდები, ადამიანებს რატომ ეშინით ასეთი პუბლიკის წინაშე გამოსვლის, მგონი, რცხვენიათ, რომ რამე კარგად არ გამოუვიდეთ? მე არ მეშინია, კარგად უნდა გამოვიდე და დიდი შანსია, რომ მოვიგო. მთავარია ქართველებმა და საქართველომ მომცეს ხმა. მეგობრები, კლასელები მეუბნებიან, - შენ მოიგებო! ამ ხნის განმავლობაში ვინც მგულშემატკივრობდა, ყველას დიდი მადლობა!

ლიკა:

- ძალიან კარგი სიმღერა მომზადდა, მაღალი დონის, ნიკოლოზიც თავის მაქსიმუმს გააკეთებს, მაგრამ მნიშვნელოვანია თითიოწული ქართველის ძალისხმევა და და თითოეულის წვლილის შეტანა ამ საქმეში, რომელსაც ჩვენი ქვეყნის კულტურის წარმოჩენა ჰქვია და შესაძლებლობების მსოფლიო ასპარზზე გატანა. ამიტომ მსმენელს, მაყურებელს ვთხოვთ, ამ საქმეში საკუთარი მხარდაჭერით წვლილი შეიტანოს. საქართველომ უნდა გაიმარჯვოს! საქართველო არის სიმღერის ქვეყანა და ამიტომ მნიშვნელოვანია ამის შესახებ იცოდეს მთელმა ქვეყანამ.

  • ambebi.ge ნიკოლოზს წარმატებას უსურვებს