ავტორი:

"ბავშვმა ყურში ჩამჩურჩულა, არ ინერვიულო, მა, ყველაფერი კარგად იქნებაო, აქეთ დამამშვიდა ელენემ" - რას ჰყვება სანდრო კაკულია შვილისთვის დასმულ დიაგნოზზე

"ბავშვმა ყურში ჩამჩურჩულა, არ ინერვიულო, მა, ყველაფერი კარგად იქნებაო, აქეთ დამამშვიდა ელენემ" - რას ჰყვება სანდრო კაკულია შვილისთვის დასმულ დიაგნოზზე

14 ნოემბერს მსოფლიოში დიაბეტის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნა. ტელეკომპანია "ფორმულაზე“ გადაცემა "ჩატს" მსახიობი სანდრო კაკულია სტუმრობდა.

როგორც აღმოჩნდა, ეს თემა წლების წინ პირადად მას შეეხო, როდესაც მის 6 წლის გოგონას პირველი ტიპის დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს. ელენე ახლა 12 წლისაა და მამას სჯერა, რომ მის სრულწლოვანებამდე დაამტკიცებენ წამალს, რომელიც მინიმუმ გოგონას ინსულინზე დამოკიდებულებას მოუხსნის...

სანდრო კაკულია:

"ყველაფერი ერთ წამში იცვლება, მთელი სამყარო, როდესაც ექიმი შემოდის და გატყობინებს, რომ თქვენ შვილს აქვს პირველი ტიპის დიაბეტი. ეს არის ქრონიკული დაავადება და მთელი ცხოვრება ინსულინდამოკიდებული უნდა იყოს, რადგან ჯერ წამალი არ არის გამოგონებული. ელენე 6 წლის იყო მისი დიაგნოზის შესახებ რომ გავიგეთ. ერთ ჩვეულებრივ დღეს, ბავშვი რუტინულ ანალიზზე მივიყვანეთ. იმავე საღამოს, 9 საათზე, ექიმმა სახლში დაგვირეკა, შეშფოთებული ხმა ჰქონდა, - სასწრაფოდ მოიყვანეთ ბავშვი, ერთ-ერთი ანალიზი ძალიან არ მომწონსო.

მახსოვს, ბილეთი მქონდა აღებული და ორ საათში სახლიდან უნდა გავსულიყავი, ჰოლანდიაში მივფრინავდი. ელენეს პირველივე ჯერზე შაქარი 500 აღმოაჩნდა, ამ დროს თავად ვერ გრძნობდა. ეგრევე რეანიმაციაში შეიყვანეს. როდესაც გვითხრეს უნდა დავტოვოთო, ძალიან მინდოდა ნახვა და პანიკა ავტეხე. გადასხმაზე იყო ბავშვი შეერთებული, მე კიდევ გარეთ ვიდექი, ვტიროდი, ვაკაკუნებდი, ჩემი შვილი მანახეთ-მეთქი. ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ დროებით ბავშვი გამომიყვანეს. რომ არ მენახა, არ ვიცი რა მეგონა. ჩავიხუტე და ტირილი დავიწყე, პირველად ექვსი წლის განმავლობაში, ხუთასიანი შაქრით, ბავშვმა ყურში ჩამჩურჩულა, არ ინერვიულო, მა, ყველაფერი კარგად იქნებაო, აქეთ დამამშვიდა ელენემ. ეს რომ მითხრა, მივხვდი რამდენად ძლიერია თვითონ. ათი დღე დაგვტოვეს საავადმყოფოში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი პროფესიონალები გვყავს, პირველი ღამე რომ გათენდა, პალატაში მე, ელენე და ჩემი მეუღლე ვიყავით, ექიმი რომ შემოვიდა. მშვიდი, ცივი სახით, რაღაც ფურცელი ეკავა ხელში, ჩვენ ამ დროს სერიოზულ პანიკაში ვართ, არც გვსმენია დიაბეტის შესახებ. გვეუბნება, თქვენ შვილს პირველი ტიპის დიაბეტის დიაგნოზი დაუდგინდა, ინსულინდამოკიდებულია. პირველი რაც ვკითხეთ, როგორ და როდის მორჩებოდა და რა უნდა გაგვეკეთებინა ამისთვის, ამ ქალმა იმავენაირად მშვიდი, წყნარი სახით გვითხრა, - არასოდეს, ეს მთელი ცხოვრება ექნებაო.... შოკის მდგომარეობაში აღმოვჩნდით, სამუდამო დიაგნოზით და ნული ინფორმაციით.

ამ დროს ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ წარმოვიდგინეთ როგორი რთული იქნებოდა დიაგნოზთან ერთად ცხოვრება. არავინ გვითხრა, რომ ეს განაჩენი არ არის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირველად როგორ მოგაწვდიან ინფორმაციას. თუ კარგად მართავ, დიაბეტით ცხოვრება ჩვეულებრივ მიდის. მიუხედავად იმისა, რომ იმ ექიმმა თქვა, რომ ბავშვი მთელი ცხოვრება ინსულინდამოკიდებული იქნებაო, ჩვენ ეს ელენესთვის არ გვითქვამს. გვჯერა, რომ როდესაც ზრდასრული იქნება, გამოიგონებენ რაღაც პრეპარატს, რომელიც ინსულინზე დამოკიდებულებას მაინც მოუხსნის პირველი ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებს. ახლა ელენე 12 წლის არის, რაც დრო გადის პრობლემები იკლებს, ვსწავლობთ დიაბეტთან ერთად ცხოვრებას. 10 დღე საავადმყოფოში რომ ვცხოვრობდით, იქ გვამზადებდნენ, მშობელთა სკოლასავით იყო, გვასწავლიდნენ, როგორ უნდა გვემართა კლინიკის დატოვების შემდეგ დიაბეტი. ყველაზე მეტი ცოდნა მაინც პრაქტიკას მოაქვს. პრობლემაა ისიც, რომ ქართულ ენაზე ძალიან მწირი რესურსებია ინტერნეტში, ახლა ყველა პროდუქტზე ვითვლით ნახშირწყლებს. ასევე საკმაოდ რთულია ინსულინის დოზირება, პირველი ტიპის დიაბეტის დროს..."