მაშინ, როცა სამსახურებში, უნივერსიტეტებში, სკოლებსა თუ ტრენინგებზე ჩვეულ რეჟიმში დავდიოდით, საღამოობით ხალხმრავალ წვეულებებს ვუერთდებოდით და კვირაში ორჯერ სპორტდარბაზშიც ვხარჯავდით ზედმეტ კალორიებს, ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში უცნობი ვირუსი გაჩნდა, რომლის შესახებაც საინფორმაციოები იუწყებოდნენ.
ვერ წარმოგვედგინა, რომ ასე შორს, ერთ ქალაქში გაჩენილი ვირუსი ჩვენს ყოველდღიურ რუტინას დაარღვევდა. კრიზისში აღმოჩნდა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა, არამედ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკებიც, მათ შორის აშშ და დასავლეთი ევროპა. პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა ადამიანის ქცევა.
კორონავირუსის პანდემიის პერიოდი ეკონომიკურ ჭრილში ბევრი მწერლისა და პუბლიცისტის ინსპირაცია გახდა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია „Post კორონა“ , რომელშიც სკოტ გელოუეი COVID-19-ის ბიზნესზე გავლენის შესახებ საუბრობს. ავტორი გვიამბობს, როგორ გამოიყენა შესაძლებლობად კოვიდ პანდემია ოთხმა მსოფლიო გიგანტმა Amazon-მა, Google-მა, Apple-მა და Facebook-მა. მომხმარებლები მათს პროდუქტებსა და სერვისებზე კიდევ უფრო დამოკიდებულები გახდნენ, რამაც კომპანიები უფრო და უფრო გააძლიერა.
„Post კორონა“ მალევე იქცა ბესტსელერად, რადგან ავტორმა აღწერა ის გზები, რამაც ამ ტექნოლოგიური გიგანტებისა და უმსხვილეს რითეილერების მიერ შექმნილ პროდუქტზე კიდევ უფრო მაღალ მოთხოვნას დაუდო დასაბამი.
წიგნი თანაბრად საინტერესოა, როგორც გამოცდილი ბიზნესისთვის, ისე დამწყები მეწარმეებისთვის. ავტორმა, ასევე, განიხილა დარგის დომინანტი ოთხეულის სექტორს მიღმა არსებული ინოვაციური შესაძლებლობებიც და ფორმებიც, რომელთაც წარმატების პერსპექტივა აქვთ, ისაუბრა განათლების მიღების გზების ცვალებადობაზე და მომავალზე, რომელიც სულ სხვანაირი იქნება.
“Post კორონა“ ქართულ ენაზე პროექტმა „ლურჯმა ოკეანემ“ თარგმნა და მკითხველთა ფართო წრისთვის გაყიდვაში უკვე ჩაუშვა. წიგნის წინასიტყვაობა ეკუთვნის „კავკასიის უნივერსიტეტის“ ბიზნეს სკოლის დეკანს ელენე ჯღარკავას, რომელიც ნამუშევართან დაკავშირებით რამდენიმე გარემოებას გვიზიარებს:
„საინტერესოა ის გარემოება, რომ წიგნის წერისას ჯერ კიდევ უცნობი იყო, თუ როდის შეძლებდა მსოფლიო დაბრუნებოდა ნორმალურ ცხოვრებას და როგორ გადალახავდა ბიზნეს სექტორი კრიზისს. მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების მაგალითზე ავტორს აღწერილი აქვს, თუ როგორ უნდა გადალახო პანდემიისგან შექმნილი კრიზისი და აქციო ის შესაძლებლობად. პროფესორი გელოუეი წიგნში გვთავაზობს ორ მთავარ თეზისს: პირველი, პანდემიის ყველაზე ხანგრძლივი ეფექტი მისი კატალიზატორის როლი იქნება; მეორე, ნებისმიერ კრიზისში არსებობს შესაძლებლობაც, რაც უფრო მასშტაბური და დამანგრეველია კრიზისი, მით მეტია შესაძლებლობებიც“, - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, წიგნი ბიზნეს სექტორში დასაქმებულ ადამიანს დაეხმარება უფრო გლობალურად დაინახონ, რა მოხდება პოსტკოვიდურ სამყაროში, ვინ გადარჩება, ვინ რეპოზიციონირდება და ვინ გადანადგურდება.
„როგორც მსოფლიოში, ადგილობრივი ბიზნესიც დგას პანდემიის მიერ შექმნილი გამოწვევების წინაშე, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. წიგნში, ცხადია ვერ იქნება ზუსტად მათზე მორგებული გადაწყვეტები, თუმცა დიდი სურათის დანახვის მიზნით მნიშვნელოვანია, რადგან კრიზისის და ამავდროულად შესაძლებლობების მართვის საინტერესო მაგალითებია“, - განმარტა ელენე ჯღარკავამ.
ვინ გადარჩება პოსტ კოვიდურ ეპოქაში? როგორ ვიცხოვრებთ 2030 წლისთვის? რა მოთხოვნები მექნება მე, როგორც მომხმარებელს და როგორ დააკმაყოფილებს მათ ბიზნესი? - ამ კითხვებზე პასუხის გაცემას სკოტ გელოუეი „Post კორონაში“ სხვადასხვა მაგალითის, არგუმენტისა და სტატისტიკური მონაცემების მოყვანის გზით ეცადა, თუმცა იმის ფონზე, რომ მსოფლიოს COVID-19 ჯერ კიდევ არ დაუმარცხებია, შესაძლოა, დასკვნების გაკეთება ჯერ კიდევ ნაადრევი იყოს.
წიგნის შეძენა შესაძლებელია საიტზე