"10 წლის იყო როცა, მისი სახლი ზვავმა მოიყოლა. ოჯახის სამი წევრი სტიქიამ იმსხვერპლა. თვითონაც თოვლიდან ამოიყვანეს. იმ დროს სოფელში ჯერ კიდევ ცხოვრობდა რამდენიმე ადამიანი, გაჭირვების დროს ერთმანეთს ეხმარებოდნენ. ახლა არათუ დამხმარე, ხმის გამცემიც არავინ ჰყავს. 2001 წლიდან ხახაბოს ციხე-სოფელში სულ მარტო ცხოვრობს" - ასე იუწყებოდა პრესა 2018 წელს, 36 წლის პაატა ხახიაურის შესახებ.
ახლახან პაატა ხახიაურმა თბილისელ, მშვენიერ ნინო ბარნაბიშვილზე იქორწინა, რომელიც იტალიური ენის სპეციალისტია. თუ როგორ გრძელდება წყვილის ულამაზესი ცხოვრება სოფელ ხახაბოში, ამის შესახებ თავად ქალბატონი ნინო გვესაუბრება:
- ქალბატონო ნინო, რამდენად რთული იყო ეს ნაბიჯი, თბილისში დაბადებულმა და გაზრდილმა მუდმივად ხახაბოში ცხოვრება რომ გადაწყვიტეთ?
- რა თქმა უნდა ვფიქრობდი, განსხვავებულ პირობებზე, სრულიად განსხვავებული ყოფა რომ დამხვდებოდა, ვიდრე აქამდე მიცხოვრია... ალბათ ბევრი დამეთანხმება და ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გვერდით, როგორი პიროვნება გეყოლება. დღევანდელი გადმოსახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ ერთი წამითაც არ შევმცდარვარ ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში... აქ არაფერი არ მიჭირს, იმდენად გვერდით მიდგას და ყველანაირად მეხმარება ჩემი მეუღლე.
- როგორც ვიცი ევროპაში ცხოვრობდით...
- დიახ, ევროპაში, იტალიაში ვცხოვრობდი სამი წელი. ძალიან მიყვარს იტალია, მაგრამ მაშინაც ძალიან მენატრებოდა ჩემი ქვეყანა და ერთი სული მქონდა როდის დავბრუნდებოდი. მადლიერი ვარ იმ მხრივ, რომ იტალიაში ცხოვრებით დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე.
- დღეს სადაც იმყოფებით, არ არის მაღაზია, აფთიაქი, გზა, ასე შემდეგ...არ შეგშინებიათ?
- დიახ, არაფერი არ არის, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ შინაგან განწყობაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. რა თქმა უნდა თადარიგი დაჭერილი გვაქვს და მომარაგებული გვაქვს ის მედიკამენტები, რაც ზოგადად შეიძლება ადამიანს დასჭირდეს. რაღაც კონკრეტული, ქრონიკული დაავადება თუ არ აწუხებს, გარკვეული წამლები გვაქვს, მაგრამ უფრო იმის იმედი გვაქვს რომ არანაირი წამალი არ დაგვჭირდება..
გზაც არ არის და ერთადერთი რაც აქ გვაქვს, ინტერნეტია... ეს არის მედიკამენტიც, გზაც და ყველაფერი. მეგობრები და ძალიან ბევრი ადამიანია, რომლებმაც ჩვენზე სიუჟეტი ნახეს, ხელშეწყობას გვპირდებიან. თუ რამ დაგვჭირდება, გვყავს საიმედო ადამიანები, რომლებსაც შევეხმიანებით და ვიცი აუცილებლად მოგვეშველებიან.
- როგორია თქვენი ყოველდღიურობა, ალბათ ხევსურეთში უკვე ძალიან ცივა..
- ძალიან არ ცივა, მაგრამ ახლა აგიზგიზებულ ღუმელთან ვზივარ და იმდენად კარგია, სურვილი გამიჩნდა აქვე იყოთ და ვსაუბრობდეთ. მართალია პირველყოფილი გარემოა, მაგრამ თავის ხიბლი და სითბო აქვს ამ ყველაფერს... ხახაბოში გვაქვს მეურნეობა, ძირითადად ეს არის ბაღჩა... დათესილი გვაქვს კარტოფილი, ჭარხალი, ნიორი, ოხრახუში, ქინძი, კამა.
- მანამდე გქონიათ რამე შეხება მეურნეობასთან?
- არანაირი შეხება არ მქონია. წელიწადში ერთხელ მაინც რომ აქტიურად მემუშავა, ესეც კი არ ყოფილა. ვარკეთილში, სადაც ვცხოვრობდით, გვქონდა პატარა ნაკვეთი, მაგრამ იქ ძირითადად ხეხილი იყო და დანარჩენი რაც მოჰყავდათ, სულ უფროსები ფუსფუსებდნენ, არანაირი საჭიროება არ იყო, რომ მივხმარებოდი... დედის მხრიდან მაქვს სოფელი - ლასტისციხე, სადაც ამჯერად სულ ნასახლარია. ადრე სამხედრო ვაგონი იყო პაპას ჩატანილი და სანამ ეს ვაგონი არსებობდა, დეიდა ხშირად მიდიოდა, ჩვენც შეძლებისდაგვარად... მამის მხრიდან მაქვს სოფელი, კასპის რაიონი სოფელი - ბარნაბიანთკარი... იქაც წელიწადში ერთხელ ჩავდიოდით, მაგრამ მიწასთან მუშაობა არ მიწევდა, რადგან ბიძები და ბიძაშვილები ყველაფერს აგვარებდნენ...
- ასეთ პირობებში ნამყოფმა რომ ხევსურეთში ზამთარ- ზაფხულ ყოფნა გადაწყვიტეთ, როგორ შეხვდნენ ამას თქვენი ოჯახის წევრები და ახლობლები?
- ვერ ვიტყვი, რომ მათთვის უცნაური არ იყო... თუმცა მიჩვეული არიან ჩემგან, რომ არ მიყვარს სტანდარტული ცხოვრება. მაინტერესებს და მიზიდავს, რაც არაორდინარულია. სტანდარტი მღლის და შესაბამისად, თავს კარგად ვერ ვგრძნობ. სადაც ვსწავლობდი, ან ვმუშაობდი, ვჩერდებოდი მანამ, სანამ ჩემთვის საინტერესო იყო... ყოველთვის რაღაც განსხვავებულს ვეძებდი და არა იმიტომ, რომ ვინმეს ყურადღება მიმექცია, ვინმესთვის თვალში საცემი ყოფილიყო. უბრალოდ მე თვითონ ვცდილობ ჩემთვის საინტერესო გარემო ვნახო და იქ ვიმუშაო, ვისწავლო, ვიცხოვრო...
- როგორც ვიცი ხახაბოში საოჯახო სასტუმრო გაქვთ...
- დიახ, პატარა სასტუმრო გვაქვს, ოთხნომრიანი... პაატამ ჯერ კიდევ ჩვენს დაოჯახებამდე ააშენა. პროექტი " აწარმოე საქართველოში" დაეხმარა იმ მხრივ, რომ დააფინანსა ინვენტარი, კერძოდ შეუძინა - საწოლები, მატრასები, სამზარეულო...
- ხახაბო განსაკუთრებულად ულამაზესია, მაგრამ სტუმრებს რა ღირსშესანიშნაობებს აცნობთ?
- გარშემო ძველი ციხე-სოფლებია, ცოტა უფრო მივიწყებული ვიდრე შატილი და მუცო... სოფელი - არდოტი ბოლო პერიოდში უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნო. არდოტი, ანდაქი ჩვენიდან 7 კილომეტრშია... ცხენები გვყავს - ხუთი ცხენი და ორი კვიცი... ვისაც სურვილი აქვს ცხენებით მოიაროს ეს სოფლები, წინასწარ გვითანხმებენ და პაატას მიჰყავს...იმდენად საოცარი ბუნებაა სოფლის შორის დამაკავშირებელ ბილიკებს რომ მიუყვები, გარემო იმდენად თვალწარმტაცია, მერწმუნეთ ღირსშესანიშნაობებს არ ჩამოუვარდება...
- თქვენს მეუღლეზე უდიდესმა ტრაგედიამ გავლენა არ მოახდინა, მის ხასიათზე არ აისახა?
- ორივე ძალიან სიმართლის მოყვარული და პირდაპირი ადამიანები ვართ... ცოტა ხნის წინ სტუმრები გვყავდნენ - ერთი ამერიკიდან, ორი ბელორუსიიდან და ერთი ინდოელი. მათაც ვუყვებოდი, რომ ძალიან გაკვირვებული ვარ, პაატას ბუნებით. მიუხედავად ამხელა ტრაგედიისა, რაც 11 წლის ბავშვს თავს დაატყდა, მის ხასიათზე არანაირად არ ასახულა... ცოტა უხერხულია ოჯახის წევრის ქება, მაგრამ მართლაც უკეთილშობილესი ადამიანია და ამიტომაც ძალიან დიდ პატივს სცემენ...
- თქვენ მეუღლისგან გაიგეთ ამ ტრაგედიის შესახებ?
- დიახ, მისგან გავიგე, შემდეგ ინტერნეტში ვნახე ძველი სტატია და იქ უფრო დეტალურად იყო ყველაფერი გადმოცემული... ზვავი ჩამოწვა გვერდით და წნევამ ახლომდებარე სახლი დაანგრია. გარდაიცვალა პაატას დედა, და, რომელიც აკვანში იწვა და კიდევ მასზე ცოტა პატარა ძმა... გადარჩნენ პაატა, პაატას მამა და უფროსი და...პაატას მამა სამწუხაროდ ცოცხალი აღარ არის და პაატას და დაოჯახებულია, სოფელ არჭილოში ცხოვრობს. არჭილო ნასახლარია და ეს ოჯახი აცოცხლებს იქაურობას, კიდევ ბევრ რამეს აპირებენ აქტიურად სოფლის გამოსაცოცხლებლად.
- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
- ვფიქრობთ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ აქაურობა, ოღონდ ისე რომ ტრადიციული და ძველებური სახე შენარჩუნებული ჰქონდეს ამ ყველაფერს. ხახაბოში სამი უბანი ყოფილა, ეს უბნები კოშკებისგანაა შემდგარი, რომელიც ახლა ნახევრადდანგრეულია. ერთ დროს ხახაბო შატილის შემდეგ ყველაზე დიდი დასახლება იყო, მუცოზე და არდოტზე დიდიც... ჩვენი ძალიან დიდი სურვილია სახელმწიფო მოგვეშველოს და შევინარჩუნოთ ის, რაც შემორჩენილია, აღდგეს კიდევაც... მეურნეობის გაფართოებასაც ვგეგმავთ, საქონლის , ფრინველის მომრავლებას და ძალიან გვინდა მეზობლებიც გვყავდეს.
სტატიაში გამოყენებულია თინათინ მოსიაშვილის ფოტოები