ავტორი:

"ჩემთვის მიუღებელია კადრების გავრცელება, რომელიც ღირსების და პატივის შემლახველია... სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია" - პრეზიდენტი

"ჩემთვის მიუღებელია კადრების გავრცელება, რომელიც ღირსების და პატივის შემლახველია... სააკაშვილი განსაკუთრებული პატიმარია" - პრეზიდენტი

"ჩემთვის მიუღებელია კადრების გავრცელება, რომელიც ღირსების და პატივის შემლახველია..." - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ გავრცელებული კადრების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის სახელი დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და აუცილებელია, რომ მისი ღირსება იყოს დაცული.

"ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ყოფილი პრეზიდენტის დაკავება დიდი გამოწვევაა. ყოფილი და აწ უკვე მსჯავრდებული პრეზიდენტის დაპატიმრება კანონის წინაშე თანასწორობასა და სამართლიანობას ეფუძნება. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და შესაბამისად, მისი დაკავებაც კანონის უზენაესობის პრინციპებიდან გამომდინარეობს. ეს მას გააზრებული ჰქონდა და მიუხედავად ამისა, ჩამოვიდა, თანაც უკანონოდ.

კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სასჯელის აღსრულების დროს ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტი ვერ იქნება რიგითი რიგითი. იგი განსაკუთრებული პატიმარია. ყველა აკვირდება მის მდგომარეობა და მოითხოვს უმაღლესი სტანდარტების შესრულებას. ჩვენი ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოვეპყრობით მას და როგორ იქნება დაცული მისი ღირსება ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

პირველ რიგში, დაცული უნდა იყოს ყოფილი პრეზიდენტის ღირსება, მისივე ქცევის მიუხედავად. ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი. ამდენად, იმ კადრების გავრცელება, რომელიც ღირსების და პატივის შემლახველია, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია" - აღნიშნა პრეზიდენტმა.