ავტორი:

"წელს კორონავირუსით გარდაცვლილი 18 ორსული გვყავს - მივმართავ მომავალ დედებს და მელოგინეებს, დაუყოვნებლივ აიცრან" - პაატა ჟორჟოლიანი

"წელს კორონავირუსით გარდაცვლილი 18 ორსული გვყავს - მივმართავ მომავალ დედებს და მელოგინეებს, დაუყოვნებლივ აიცრან" - პაატა ჟორჟოლიანი

"მიმდინარე წელს კორონავირუსით გარდაცვლილი 18-მდე ორსული გვყავს, ეს საკმაოდ დიდი ციფრია - მივმართავ მომავალ დედებს და მელოგინეებს, რომ დაუყოვნებლივ აიცრან“, - ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ჟორჟოლიანმა განაცხადა.

როგორც მან "მედიაცენტრ მთავარში“ საუბრისას აღნიშნა, ორსულობის მეორე ნახევარში გართულებების ტემპი და სიმძიმე უფრო მეტია, ვიდრე პირველ ნახევარში.

"ლეტალობის მაჩვენებელი საკმაოდ დიდია. მიმდინარე წელს ჩვენ კორონავირუსით გარდაცვლილი 17-18 ორსული გვყავს, ეს საკმაოდ დიდი ციფრია. ასეთი მონაცემები ჩვენ 2009, 2010 წელს გვქონდა "ღორის გრიპის“ დროს. ძალიან მაღალი ლეტალობა იყო მაშინაც, 34-მდე გარდაცვლილი გვყავდა. შემდეგ ვაქცინაციამ და მედიკამენტებით მართვამ ეს რაოდენობა შეამცირა. მომატებულია ინფიცირება ორსულებში. გართულებების ტემპი და სიმძიმე ორსულობის მეორე ნახევარში გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე პირველ ნახევარში. აქედან გამომდინარე, კიდევ მეტი ყურადღება გვჭირდება. მივმართავ მომავალ დედებს და მელოგინეებს, რომ დაუყოვნებლივ აიცრან, რათა დავიცვათ არამარტო საკუთარი თავი, არამედ მომავალი თაობაც“, - აღნიშნავს პაატა ჟორჟოლიანი.

მისივე ინფორმაციით, ორსულის ინფიცირების შემთხვევაში ნაყოფის ზრდას მუდმივი მონიტორინგი სჭირდება. ჟორჟოლიანის თქმით, კვლევების თანახმად ინფიცირების შემთხვევაში ნაყოფის ზრდის ჩამორჩენა აღინიშნება.

"ინფიცირების დროს იზრდება დედის სომატური პრობლემა. კვლევა იმის თაობაზე, რომ იწვევს ნაადრევ აბორტს ან სიმახინჯეს, არ არის. კვლევებით ვნახულობთ, რომ არის ნაყოფის ზრდის ჩამორჩენა“,- აღნიშნავს ჟორჟოლიანი.