საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაიას ინფორმაციით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.
როგორც ბასილაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, აღნიშნულ ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატმა პენიტენციური სამსახურისგან მიიღო და შემდეგ მას შეატყობინა.
ბასილაია პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდებს.
"კომუნიკაცია გვაქვს სახალხო დამცველის აპარატთან, რომელმაც გვითხრა, რომ პენიტენციურ სამსახურის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სააკაშვილის მდგომარეობა დასტაბილურდა. მეტი დეტალი არ ვიცი, უბრალოდ რადგან 1 საათის წინ უმძიმესი მდგომარეობა ვნახეთ და მთელი ქვეყანა დაზაფრულია ეს ინფორმაცია რომ არ ვთქვათ ამის მორალური უფლება არ გვაქვს. მოვუწოდებ პენიტენციურ სამსახურს ოფიციალურად თქვან როგორ არის მიხეილ სააკაშვილი, ძალიან მძიმე სურათი იყო და მადლობა ღმერთს თუ მდგომარეობა დასტაბილურდა. გვინდა ვიცოდეთ უფრო მკაფიოდ და ნათლად რა მოხდა", - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გლდანის მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულებაში გონება დაკარგა. ბასილაიას ინფორმაციით, სააკაშვილი საკაცით გაიყვანეს.