ავტორი:

"რეანიმატოლოგი იქ შემთხვევით ​რომ არ ყოფილიყო, სააკაშვილის გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა - თუ განმეორდა, ინსულტის საშიშროებაა" - დეკანოიძე

"რეანიმატოლოგი იქ შემთხვევით ​რომ არ ყოფილიყო, სააკაშვილის გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა - თუ განმეორდა, ინსულტის საშიშროებაა" - დეკანოიძე

რენიმატოლოგი შემთხვევით რომ არ ყოფილიყო დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მისი გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განუცხადა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, დღეს რომ ციხეში შემთხვევით ექიმი-რეანიმატოლოგი არ ყოფილიყო, სააკაშვილის გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა.

"თუ ასეთი კრიზი განმეორდა, ინსულტის საშიშროებაა. რეანიმატოლოგმა, რომელსაც გავესაუბრეთ, თქვა, რომ მოცულობითი ტაქიკარდია იყო. ძალიან მძიმე სურათია და შემდეგ ასეთ დარტყმას, კოლაფსში ჩავარდნას მიხეილ სააკაშვილი ვერ გადაიტანს. მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ ეს ადამიანი იყო აქ და გაუწია პირველადი დახმარება. გარდა ამისა, აქვს ჰიპერტონული კრიზი მუდმივად, იმ დღესაც როდესაც მე ვიყავი, გუშინაც და ასევე დღესაც მითხრა - დილიდან იმდენად ცუდად ვიყავი, რომ ექიმი შემოვიდა, გამაღვიძა, რადგან ვიყავი ცუდადო.

ძალიან მცირე დრო გვაქვს. პარლამენტის წევრები აქ იმყოფებიან, გადავეკვეთეთ ერთმანეთს, ისინი ესაუბრებიან ნიკა ყიფშიძეს, მას აქვს იგივე პოზიცია რაც სხვა ექიმებს. შეშფოთებულია ძალიან. ასევე ჩემი ვიზუალური ხედვით, რაც მასთან გასაუბრებით ვნახე, ძალიან სუსტადაა. კონტაქტურია, მაგრამ საუბარი არ შეუძლია. კალიუმის ნაკლებობა იწვევს ტკივილებს, სტკივა კუნთები, ფეხები, გულის არეში, ცუდადაა. თუ ასეთ კოლაფსამდე კიდევ მივა, მიშას ალბათ, ძალიან ცოტა ხანი აქვს დარჩენილი. მითხრა, რომ ცხოვრებაში პირველად დაკარგა გონება. რეანიმატოლოგმა თქვა, რომ გონების დაკარგვა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა“,- განაცხადა დეკანოიძემ.

ამასთან, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში იუსტიციის მინისტრი და დეპუტატები იმყოფებიან, რომელთაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ესაუბრა. დეკანოიძის თქმით, მათი პოზიციაა, რომ სურთ, გამოსავალი მოძებნონ.

„გადავეკვეთეთ და ვესაუბრებოდი პარლამენტის წარმომადგენლებს, ექიმებს, სერგეენკოს და ხუნდაძეს. ვუთხარი ჩემი პოზიცია, რომ ამ დაწესებულებაში მისი დიდხანს გაჩერება არ შეიძლება. ასევე იმყოფებიან იუსტიციის სამინისტროდან. ეს ადამიანი გადასაყვანია, ამას შელამაზება აღარ უნდა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.