"მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ არის კატასტროფული, თუმცა, საყურადღებოა და ეს ყურადღება გრძელდება. ლაბორატორიული მონაცემებით მდგომარეობა დღეს არის დასტაბილურებული, თუმცა, საჭიროებს დამატებით სპეციალისტების კონსულტაციებს, ჩვენ შევთანხმდით, რომ ასეთი კონსულტაციები გაკეთდება" - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძე მე-18 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი საჭირო გახდება ყოფილი პრეზიდენტის სხვა კლინიკაში გადაყვანა, ამაზეც არ იტყვიან უარს.
როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, შესაძლოა კონკრეტული ჯგუფების ინტერესებშია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდეს.
"შევთანხმდით იმაზე, რომ ყველა საჭირო კვლევა, ეს იქნება ინსტრუმენტული, ლაბორატორიული თუ სხვა, რა თქმა უნდა, არაფერზე არ უნდა ითქვას უარი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საზიანოდ. შეფასდება კონკრეტული საკითხები, რისი გაკეთება შეიძლება ადგილზე, რისი გაკეთება შეიძლება იმის ხარჯზე, რომ დაემატოს რესურსი, მაგრამ თუ საჭიროება დადგა, მისი გადაყვანის სხვა კლინიკაში ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არც ამაზე ვიტყვით უარს, მაგრამ აქვე, უნდა დაგვეხმარონ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებიც, რომელთა ნაწილი თავისი შეძახილებით ახალისებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა არ შეწყვიტოს შიმშილობა - შესაძლოა და მრჩება ეჭვი, რომ ზოგიერთის ინტერესში შედის ვითარების კიდევ უფრო მეტად დამძიმება, ამიტომ, ყველამ უნდა მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ერთადერთ მნიშვნელოვან დაზღვევაზე გადის - მიხეილ სააკაშვილის, ისევე როგორც ნებისმიერი მსჯავრდებულის, ჯანმრთელობა და სიცოცხლე იქნას შენარჩუნებული. ყველაზე მეტად დღეს ჩვენს ინტერესშია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იქნას დაცული“, - განაცხადა მან.
ამასთან, როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, პირადად მიხეილ სააკაშვილი არ უნახავთ, რადგან არ სურდათ ამით მისი მდგომარეობის დამძიმება.
"პირადად მიხეილ სააკაშვილი არ მინახავს. მიზეზსაც გეტყვით - ჩვენი შესვლა შეიძლება ზედმეტი დაძაბულობის მიზეზი გამხდარიყო. ჩვენ პაციენტის ინტერესების გამო შევედით და მოვერიდეთ ამ დაძაბულობას. სრული სურათის წარმოსადგენად საკმარისი იყო ლაბორატორიული მონაცემების გაცნობა, ექიმებთან გასაუბრება, მათ შორის მის პირად ექიმთანაც“, - აღნიშნა ხუნდაძემ.