ავტორი:

"რუსული ოცნება" - მოძრაობა „სირცხვილია“ პარლამენტთან აქცია-პერფორმანსს მართავს

"რუსული ოცნება" - მოძრაობა „სირცხვილია“ პარლამენტთან აქცია-პერფორმანსს მართავს

პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილია” აქცია-პერფომანსს მართავს. მათი განცხადებით, ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ საქართველომ საგარეო პოლიტიკის კურსი რუსეთის მიმართულებით აიღო. აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას.

აქციაზე წარმოდგენილი აქვთ ტრანსფარანტები წარწერით - “არ მოგაკვლევინებთ”, “საქართველო 90-იანი წლების მშფოთვარე წარსულს უბრუნდება”, “თუ დამოუკიდებელი სასამართლოსი გეშინიათ, ევროკავშირში თქვენი ადგილი მაინც არ არის”. “საქართველოს მთავრობა დასავლეთს ზურგს აქცევს”.

ამასთან, აქტივისტებმა აქციაზე მიიტანეს პლაკატი, რომელზეც გამოსახულნი არიან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, “ქართული ოცენების” დეპუტატები, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია და ამავე პარტიის წევრი ნათია მეზვრიშვილი. პლაკატს აწერია “რუსული ოცნება #სირცხვილია”.

მათი თქმით, სწორედ პლაკატზე გამოსახულ ადამიანებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა ქვეყნის საგარეო კურსზე.

“ქართული ოცნება” დემოკრატიობანას გვეთამაშება. თუმცა, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ყოველდღე აკეთებენ განცხადებებს, რომ ქვეყანამ საგარეო კურსი შეიცვალა. ეს არის ის, რასაც “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი პუტინის დაკვეთით ასრულებენ”, - აცხადებს “სირცხვილიას” წევრი ნოდარ რუხაძე.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.