"რისკები მხედველობაში უნდა მივიღოთ, "ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერზე წავა სისხლისღვრის ჩათვლით, აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ - როგორც სამედიცინო მოსაზრებები, ისე უსაფრთხოების საკითხი" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილებას ამ საკითხზე შესაბამისი უწყებები მიიღებენ.
"ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებენ შესაბამისი ორგანოები და უწყებები და რა თქმა უნდა, საფუძველი იქნება როგორც სამედიცინო, ისე უსაფრთხოების მხარე, ორივე არის თანაბრად გასათვალისწინებელი. რაც შეეხება უსაფრთხოების და პოლიტიკურ ნაწილს - ცდილობენ საზოგადოებაში შექმნან აღქმა, თითქოს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანით სპექტაკლი და უბედურება დასრულდება, ასეთი აღქმა გაჩნდა საზოგადოების ნაწილში, თუმცა, მთელი უბედურება დაიწყება სწორედ გადაყვანის დღიდან. ეს არის პოლიტიკური და უსაფრთხოების მხარე, ამიტომ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ყველაფერი, ვიდრე შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზული რისკებია, ყველას გვესმის, რომ მათი მხრიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა არ არის უბრალო ახირება, ამის უკან დგას კონკრეტული მიზანი და ეს კარგად ვხვდებით, რაც არის. მიზანი არის ის, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შექმნან გარკვეული შანსები მისი გათავისუფლების და ამისთვის ყველაფერზე წამსვლელები არიან. ვიცით, რომ ზოგადად ეს პილიტიკური ძალა არის ყველაფრის მკადრებელი. ეს რისკები მხედველობაში უნდა მივიღოთ, ისინი ყველაფერზე წავლენ სისხლისღვრის ჩათვლით, შემიძლია მკაფიოდ განვაცხადო. აქედან გამომდინარე ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენ რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი ვართ ადამიანების სიცოცხლეზე, რაც შეიძლება დადგეს თუნდაც, ძალიან მალე მას შემდეგ, რაც ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება იქნას მიღებული. არავინ არის დაზღვეული იმისგან, რომ შეიძლება ადამიანების სიცოცხლე დადგეს რისკის ქვეშ. ისინი ამას გააკეთებენ, რადგან ეს არის ამ პოლიტიკური ძალის ბუნება. გახსოვთ, რამდენი ადამიანი იმსხვერპლა ამ პოლიტიკურმა ძალამ, როცა მისი რეჟიმი ბატონობდა 9 წლის განმავლობაში. ჩვენ ბუნებრივია, პასუხისმგებელი ვართ იმაზე, რომ ამის შესაძლებლობა მათ არ მივცეთ, აქედან გამომდინარე, როცა შესაბამისი უწყებები მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას, ან სხვადასხვა ეტაპზე იმსჯელებენ ამ საკითხზე, ორივე მოსაზრება იქნება გათვალისწინებული - სამედიცინო მოსაზრებები და უსაფრთხოების,"- განაცხადა კობახიძემ.