ავტორი:

„გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“ - კონკურსი, რომელიც საბავშვო ლიტერატურისა და ახალი ქართველი ავტორების პოპულარიზაციას უწყობს ხელს

„გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“ - კონკურსი, რომელიც საბავშვო ლიტერატურისა და ახალი ქართველი ავტორების პოპულარიზაციას უწყობს ხელს

კონკურსი „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“ გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ახალი პროექტია, რომლის მიზანი საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაცია და ახალი ქართველი ავტორების ხელშეწყობაა. მიზეზიც მარტივია: დიდ ლიტერატურამდე მისასვლელი გზა სწორედ საბავშვო ლიტერატურაზე გადის და, შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია ამ გზაზე პატარებს ხარისხიანი, გემოვნებიანი, ინფორმაციულად დატვირთული და მაღალმხატვრულ დონეზე შესრულებული ნაწარმოებები დავახვედროთ.

ამდენად, გამომცემლობა პალიტრა L -ის კონკურსი „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“ ღირებული შეთავაზება და, გნებავთ, გამოწვევა აღმოჩნდა თანამედროვე ქართველი მწერლებისთვის. ამაზე მეტყველებს ის დიდი გამოხმაურება, რომელიც ამ კონკურსს მოჰყვა - მასში არაერთმა გამოცდილმა და ახალბედა ავტორმა მიიღო მონაწილეობა. საბოლოოდ, კომპეტენტურმა ჟიურიმ 6 გამარჯვებული გამოავლინა. ესენი გახლავთ:

  • ლელა ცუცქირიძე - „ფისო ფიო-ფიო“
  • თუთა ჯგუშია - ლექსების კრებული
  • ვასო გულეური - „ამბები კატა-კოტოსი“
  • დავით ალთუნაშვილი - „უფარფლებო თევზი“
  • თამრი ფხაკაძე - „ბებე - მაწანწალების უფლისწული“
  • ნინო მანძულაშვილი - „სახლი ტყის პირას“

გამარჯვებული ნაწარმოებების გამოცემაზე გამომცემლობა უკვე მუშაობს.

„გახდი საბავშვო ბესტსელერის“ ავტორის ჟიურის წევრები კარგად იცნობენ თანამედროვე ქართულ მწერლობას და აღნიშნავენ, რომ საბავშვო ლიტერატურის ავტორებს შორის აღმოაჩინეს ისეთი ნიჭიერი მწერლები, რომელთა უყურადღებოდ დატოვება ქართული ლიტერატურისთვის დიდი დანაკლისი იქნებოდა. ამდენად, განსაკუთრებულად აღნიშნავენ ამ საქმეში გამომცემლობის როლს, რომელიც გარდა იმისა, რომ ქართული საბავშვო ლიტერატურის ავტორთა მთავარ მამოტივირებელ ძალად - სტიმულად იქცა, სოციალური პასუხისმგებლობის საუკეთესო მაგალითიცაა, რაც დასაფასებელია.

კონკურსის ჟიურის წევრის, მწერალ დათო გაბუნიას განმარტებით, საბავშვო ავტორების მხარდაჭერა ჟანრის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია და ეს სამომავლოდ პირდაპირ უწყობს ხელს ბავშვის ქართული და საზოგადოდ, ლიტერატურის მკითხველად ჩამოყალიბებას.

დათო გაბუნია: „ამაზე ახლა თუ არ ვიზრუნებთ, მალე გვეყოლება თაობა, რომელიც არ იქნება ქართული ლიტერატურის კითხვას მიჩვეული. ამიტომ მგონია, რომ ნებისმიერი ასეთი კონკურსი, თუნდაც პატარა მცდელობა, ქართული ლიტერატურის განვითარებისთვის გაღებული უდიდესი ინვესტიციაა. ამის საუკეთესო მაგალითი კი „პალიტრა L“-ის მიერ საბავშვო ბესტსელერის გამოსავლენად ჩატარებული კონკურსია.

თანამედროვე მწერლებისთვის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე საუბრობს „გახდი საბავშვო ბესტსელერის“ ავტორის ჟიურის კიდევ ერთი წევრი მასწავლებელი და პუბლიცისტი ინა იმედაშვილი: „თავისთავად მწერლები ენთუზიაზმით ქმნიან ნამუშევრებს, მაგრამ ბევრად უფრო იზრდება ლიტერატურის შექმნის ინტერესი, როდესაც ეს პროცესი კონკურსის ფორმატში ექცევა. ადამიანებს გარკვეული მოტივაცია და ბიძგი ყოველთვის გვჭირდება. შესაბამისად, კონკურსმა შეიძლება ბევრი კარგის შექმნასა და აღმოჩენას შეუწყოს ხელი. უაღრესად ფასდაუდებელი და საჭიროა ასეთი პროექტები, სხვანაირად თანამედროვე სამყაროში ლიტერატურული პროცესები ვერ განვითარდება. ამ კონკურსით „პალიტრა L“ -მა უკვე ბევრი ნიჭიერი და საინტერესო ავტორი აღმოაჩინა და მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი უწყვეტად მიმდინარეობდეს. მწერლები და ავტორები გამომცემლობას იმედის თვალით შეჰყურებენ, რადგან სწორედ მათზეა დამოკიდებული წიგნის გამოცემა და მისი პოპულარიზაცია. ამდენად, მიმაჩნია, რომ გამომცემლობა „პალიტრა L“ ფასდაუდებელ საქმეს აკეთებს. გამომცემლობას რამდენი კარგი საბავშვო ავტორიც ჰყავს აღმოჩენილი, იმაზე გაცილებით მეტი ბავშვი ჰყავს გაბედნიერებული.

ჩვენ გვჭირდება წიგნიერი თაობა, ხოლო ამ თაობას სჭირდება ისეთი ლიტერატურა, რომელიც თანამედროვეობასთან არის ახლოს. რა თქმა უნდა, ძველ ტექსტებსაც აქვთ თავისი ხიბლი და ისინიც უაღრესად საჭიროა, მაგრამ ამ ეპოქის ტექსტებიც უმნიშვნელოვანესია. ჰოდა, ეს უმნიშვნელოვანესი საქმის განხორციელება „პალიტრა L”-მა იტვირთა და მშვენივრადაც გაართვა თავი“.

„გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორის“ ჟიურის წევრი გახლდათ მწერალი დიანა ანფიმიადი, რომელიც კონკურსს ასე აფასებს: „ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ქართული ლიტერატურის წახალისებისთვის არის გადადგმული, ფასდაუდებელია. ნათარგმნი ლიტერატურა ძალიან მნიშვნელოვანია პატარა მკითხველისთვის, მაგრამ როდესაც ის ეცნობა ისეთ ნაწარმოებებს, რომლებშიც მისთვის ნაცნობი სივრცე, საკუთარი სახელები თუ ტოპონიმები და ისეთი სამყაროა აღწერილი, როგორშიც იზრდება, გაცილებით ბუნებრივად გრძნობს თავს. ასეთი ლიტერატურა მისი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, მან ბავშვი მკითხველად უნდა ჩამოაყალიბოს. და რაოდენ სასიხარულოა, რომ „პალიტრა L“-ის კონკურსის ფარგლებში რამდენიმე ისეთი ნიჭიერი და საინტერესო ავტორი აღმოვაჩინეთ, რომელთა ნამუშევრებს პატარა ქართველი მკითხველი ვერ მოწყდება. პატარა მკითხველების საყვარელ გამომცემლობებს შორის მოწინავეა „პალიტრა L“ ისედაც მოწინავეა, თუმცა ქართული ლიტერატურის უფრო მეტი ხელშეწყობის ტენდენცია ძალიან მომწონს და ეს განსაკუთრებულად აღსანიშნავი და დასაფასებელია. გარდა ამისა, რასაც „პალიტრა L“ აკეთებს“, ერთგვარი სოციალური პასუხისმგებლობაცაა - მხარს უჭერ და ავითარებ შენი ქვეყნის მწერლობას,“ - აღნიშნავს დიანა ანფიმიადი.

კონკურსის ჟიურის კიდევ ერთი წევრი ლიტერატორი თეონა ბექიშვილი აღნიშნავს, რომ კონკურსი ბევრ ავტორს დაეხმარება, კიდევ უფრო აქტიურად იმუშაონ და ახალი საინტერესო ნამუშევრები შემოგვთავაზონ.

თეონა ბექიშვილი: „მნიშვნელოვანია, რომ „პალიტრა L“ წიგნის გამოცემის შემდეგ ძალიან კარგად ახერხებს მის პოპულარიზაციას. სასიხარულოა, რომ ძველ ავტორებთან ერთად ახლებიც ჩნდებიან და გამომცემლობა მათი საზოგადოებისთვის გაცნობის საქმეს თავის თავზე იღებს და ეს პროცესი ბოლომდე მიჰყავს“.

პატარა მკითხველი კონკურსის ფარგლებში გამოვლენილ ახალ, საინტერესო ნამუშევრებს მალე წიგნებად იხილავს. გამომცემლობა „პალიტრა L“ კი თანამედროვე ნიჭიერი მწერლების აღმოჩენასა და მხარდაჭერას კვლავაც გააგრძელებს, რაც იმავდროულად მისი უმთავრესი მიზნის - მაღალმხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაცია - მნიშვნელოვანი ნაწილია.