ავტორი:

"გორელებო, გამოგადგათ ჩემი აშენებული ჰოსპიტალი... რაც მე მაგის მშენებლობაზე მტვერი მაქვს ნასუნთქი" - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი?

"გორელებო, გამოგადგათ ჩემი აშენებული ჰოსპიტალი... რაც მე მაგის მშენებლობაზე მტვერი მაქვს ნასუნთქი" - რას წერს ირაკლი ოქრუაშვილი?

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გეგმას ეხმაურება.

"ინდე გორელებო, თუ არ გამოგადგათ ჩემი აშენებული ჰოსპიტალი. "რათ გვინდა გოსპიტალი და სამხედრო ბაზები ჩვენაო, ბაზარი და სტალინის ძეგლი გვინდაო" რომ მეუბნებოდით. ძლივს დაუბრუნა ჰოსპიტალმა ქალაქს სიცოცხლე და პოლიტიკური მნიშვნელობა. დაიწყება ახლა ჰოსპიტალის შესასვლელთან ჟურნალისტების ჩართვები ადგილობრივებიდან "ალჯაზირა-სიენებებიანათ", მოაწყდება ქალაქს ათასი შპიონი, ნასედკა თუ ფორმიანი, ოჯახებიანათ თუ არა თანაშემწეებიანად კვირაში ორჯერ მაინც გესტუმრებიან "თალკომდინხუები" (თალაკვაძე, კობახიძე, მდინარაძე, ხუნდაძეები), მაგათ დაუმატეთ ექიმები, ექსპერტები, საელჩოები, ნაცები, კაი ბიჭები, რუსების აგენტურა და მრავალი სხვა.

გადაივსება რესტორნები და მაღაზიები, ბაზარში მოიმატებს მუშტარი და გაყიდული პროდუქტი. ხაზარძეც ერთი-ორ ვალუტნი ბუტკას ჩადგავს იქვე ჰოსპიტლის შესასვლელთან. მიშა იქიდანაც ისეთ ქარბორბალას დაატრიალებს, რომ ბათუმის, თბილისის, ზუგდიდის და დანარჩენი სამყაროს ყურადღება სულ გორისკენ იქნება.

ქალაქში დროდადრო ცირკის დათვივით ხინჩეგაანთ ლადოს და ტრუსიკმაიკიან და ბოქსის ფელჩატკებიან კანდელაკს ჩამოატარებთ ხოლმე და ექსკურსიაზე ჩამოსული ბავშვების რიგები დადგება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შურით გასკდებიან კასპელები და ხაშურელები.

ინდე თუ არ გამოგადგათ ჰოსპიტალი, მარტო ის გახსოვთ ჩემი, ხაშურის ბორდელებს როგორ ვარბევდი. არადა რაც მე მაგ ჰოსპიტალის მშენებლობაზე კასპის ცემენტის და საჩხერის ქვიშის მტვერი მაქვს ნასუნთქი" - წერს ოქრუაშვილი.

ცნობისთვის, ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა დღეს შესთავაზა. როგორც ცნობილია, ექსპრეზიდენტს წინააღმდეგობა არ აქვს გორის ჰოსპიტალზე, თუმცა გარკვეული პირობა აქვს.

"მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტილება და არჩევანი არ ყოფილა საქართველოში, რომელიმე ჰოსპიტალში მოხვედრა. იქიდან გამომდინარე, რომ შიმშილობით გამოხატულ პროტესტს შეუერთდა ბევრი ადამიანი, ის განიცდის ამ ადამიანების მდგომარეობას, განსაკუთრებით ელენეს მდგომარეობას და რთულად აქვს უკვე ჯანმრთელობის მდგომარეობა. ითვალისწინებს ამ პოზიციას და სურს, რომ დააკმაყოფილოს ხალხის მოთხოვნა, რომელიც გარეთ დგას და ითხოვენ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას.

არც გორი და არცერთი სხვა ლოკაცია არ შეცვლის მის მთავარ განზრახვას, მისი საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ის აგრძელებს ბრძოლას, ერთადერთ, რაც შეიძლება იყოს შემაფერხებელი, ამ ღონისძიების გასატარებლად, არის შემდეგი: მას აქვს ერთი პირობა, რის გამოც დაიბარა უკრაინის კონსული და პირადი ადვოკატი, ნიკა გვარამია, - მათთან ერთად გაივლიან ამ ტექნიკურ დეტალებს და შემდეგ ნიკა გვარამია მოგახსენებთ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. მას წინააღმდეგობა არ აქვს გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით, არა იმიტომ რომ მოხარულია ამ ლოკაციით, მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სად გადაიყვანენ. მისთვის მნიშვნელობა აქვს ბრძოლა როგორ გაგრძელდება ამ ქვეყანაში. ამიტომ, ის ტექნიკური დეტალი, რომელიც ამ ეტაპზე მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ წუთებში წყდება იქ და უნდა დაველოდოთ ნიკას გამოსვლას“, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ.