საქართველოს პარლამენტის 9 ოპოზიციონერმა დეპუტატმა შიმშილობა შეწყვიტა. აღნიშნულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა პარლამენტის შენობაში ჟურნალისტებს განუცხადა.
მინაშვილის განმარტებით, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას დათანხმდა.
"მთავარი საზრუნავი საკითხი, რომელიც ჰქონდა თითოეულ ჩვენგანს და ეხებოდა პარტიის ლიდერის ჯანმრთელობას, ამ ეტაპისთვის გადაწყდა სასიკეთოდ, ამიტომ ჩვენ ვწყვეტთ შიმშილობას. პოლიტიკური ბრძოლის ამ ეტაპზე ეს არის წარმატება. ეს წარმატება მოიტანა იმ პრინციპულობამ და შემართებამ, რაც მთელმა საზოგადოებამ გამოიჩინა ბოლო პერიოდის განმავლობაში. პირველ რიგში, ამ წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი აქვს მიხეილ სააკაშვილს თავის გამბედაობით და ბრძოლის მაგალითით. ასევე, მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ელენე ხოშტარიას და პაატა ბურჭულაძეს, რომელიც არის საქართველოს სახე ქვეყნის გარეთ. მისი მონაწილეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე მადლობა იმ ადამიანებს ვინც საქართველოს მასშტაბით შიმშილობდნენ და გამოხატავდნენ სოლიდარობას პრეზიდენტის მიმართ“, - აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.