სახელმწიფო კონსილიუმის წევრის, სანდრო ცისკარიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის კუთხით „საფრთხე ძალიან ბევრია, მათ შორის სხვადასხვა ორგანოთა სისტემის გართულების მხრივ“.
ამის შესახებ სანდრო ცისკარიძემ ჟურნალისტებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში განუცხადა, სადაც ის კონსილიუმის წევრებთან ერთად მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შევიდა.
„დღეს პირველად შევდივართ ამ ჰოსპიტალში. ვიცით, რომ ექიმები უკვე აქტიურად მუშაობენ. ჩვენ ვართ კონსილიუმი, რომელიც მესამე პრეზიდენტის შიმშილობის დაწყებიდან ვმუშაობთ და ვაგრძელებთ მუშაობას. შევდივართ, ვნახულობთ პაციენტს და შემდეგ კოლეგებთან ერთად შევთანხმდებით პროცედურებზე, ეს იქნება დიაგნოსტიკური, თუ სხვა. ვიზიტი შეთანხმებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან და სამინისტროა მისი ერთ-ერთი ინიციატორი.
ანალიზების შესახებ ჩვენ ამ წუთში ინფორმაცია არ გვაქვს. ამ ყველაფერს ადგილზე ვნახავთ. ძალიან რთული სათქმელია რა დრო დასჭირდება რეაბილიტაციას. ჩვენ გამოვდივართ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან და ახლაც ასე იქნება.
„რეფიდინგის“ პროცესი ძალიან საპასუხისმგებლოა და გულისხმობს აქტიურ მონიტორინგს. საფრთხეები ძალიან ბევრია, მათ შორის სხვადასხვა ორგანოთა სისტემის გართულების მხრივ. ამიტომ „რეფიდინგს“ სჭირდება ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი სპეციალისტის აზრის შეჯერება“, - განაცხადა სანდრო ცისკარიძემ.