ავტორი:

"იმ ექიმებს, რომლებიც სააკაშვილს მკურნალობენ, შესწევთ უნარი მისი სრულყოფილი რეაბილიტაციის" - რას წერს ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრი

"იმ ექიმებს, რომლებიც სააკაშვილს მკურნალობენ, შესწევთ უნარი მისი სრულყოფილი რეაბილიტაციის" - რას წერს ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრი

სახალხო დამცველის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხთან დაკავშირებით შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრი, ექიმი გიორგი პაპიაშვილი მიიჩნევს, რომ იმ ექიმებს, რომლებიც ახლა ექსპრეზიდენტს მკურნალობენ, პაციენტის სრულყოფილად რეაბილიტაციის უნარი შესწევთ.

ამის შესახებ პაპიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"მიკავშირდებიან ჟურნალისტები და მთხოვენ, ჩემი მოსაზრების გამოხატვას გუშინ ბატონი ნიკოლოზ ყიფშიძის მიერ გამოთქმული წინადადების შესახებ პაციენტის თავისუფალ მკურნალობასთან დაკავშირებით.

მიმაჩნია, რომ ამისთვის სამედიცინო საფუძველი არ არსებობს. ჩვენი ჯგუფი შეიქმნა ერთადერთი მიზნით, რომ შეგვეფასებინა გლდანის მე-18 დაწესებულებაში მყოფი პაციენტის მდგომარეობა და რისკები იქ დარჩენის და შიმშილობის გაგრძელების შემთხვევაში.

ჩვენმა გუნდმა ეს გააკეთა პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რის შედეგადაც მოხერხდა ის, რომ დღეს პაციენტი არის გორის ჰოსპიტალში კვალიფიციური სამედიცინო გუნდის ხელში, მას შეწყვეტილი აქვს შიმშილობა და მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს მკურნალობის აღდგენის პროცესში, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ იმ ექიმებს, ვინც მას ამჟამად მკურნალობენ, შესწევთ უნარი პაციენტის სრულყოფილი რეაბილიტაციის", - წერს გიორგი პაპიაშვილი.

  • ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილს ხანგრძლივი რეაბილიტაცია ესაჭიროება.

"მკურნალობის პროცესი კარგად მიმდინარეობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეფიდინგის პრობლემას თუ მოვუარეთ, მიშა სააკაშვილი ჯანმრთელი იქნება. ამის გარანტიას მე გაძლევთ, რომ არ იქნება ჯანმრთელი. მას სჭირდება ხანგრძლივი რეაბილიტაცია სხვადასხვა ორგანოების, თავის ტვინის, ღვიძლის და ა.შ. ამიტომ მე შემომაქვს ასეთი კითხვა - იქნებ გავათავისუფლოთ ეს ადამიანი, იმკურნალოს ნორმალურად",- აღნიშნა ყიფშიძემ გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

მისი თქმით, ის კონსილიუმის დასკვნას იზიარებს.

"კონსილიუმის წევრები გამოვიდნენ და უკვე გითხრეს მისი მდგომარეობის შესახებ. ვეთანხმები მათ დასკვნებს. რასაკვირველია, თვითონ პრეზიდენტი სუსტად არის, მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა წნევის პრობლემები. ასევე, გარკვეული პრობლემები მოხდა დილას ბადრაგთან დაკავშირებით. არ მისცეს ფანჯრის გახსნის უფლება და აშ. ეს მოგვარდა, მაგრამ მაინც, რაღაც, ეს სიტუაცია გრძელდება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ დღეს, მის ნევროლოგიურ მდგომარეობას. ამის შესახებ სანდრო ცისკარიძემ უკვე მოგახსენათ და ალბათ, შემდეგ დღეებში შევხედავთ როგორ იქნება საქმე. რაც შეეხება კვებას, უკვე დაიწყო კვება, ეს პროცესი ნორმალურად წავიდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით, არავინ იცის რა მოხდება, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს ჩვენი პრეზიდენტი“.- აცხადებს ყიფშიძე,