ავტორი:

"ყველაზე მეტად პირველი 3 დღის გვეშინოდა" - რას ამბობს ექიმი გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ

"ყველაზე მეტად პირველი 3 დღის გვეშინოდა" - რას ამბობს ექიმი გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ

სახელმწიფო კონსილიუმის წევრმა ექიმებმა, ელენე გიორგაძემ და ინეზა სულამანიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს.

როგორც ექიმმა ელენე გიორგაძემ მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და ამ ეტაპზე რაიმე სახის გართულებები არ აღენიშნება.

"როდესაც ადამიანი შიმშილობას წყვეტს, პირველი 3 დღე კრიტიკულად ითვლება, მერე 2 დღე არის საყურადღებო. დღეს ჩვენ გვაქვს მეორე დღე. მოგეხსენებათ, მე და ქალბატონი იზოლდა მთელი დღე აქ ვიყავით. მისი მდგომარეობა სტაბილურია. ხვალ დილიდან ისევ აქ ვიქნებით“,- განაცხადა გიორგაძემ.

მან აღნიშნა, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილს წნევა აღენიშნებოდა, რომელიც ამჟამად დარეგულირებულია.

"დღეს წნევა სტაბილური ჰქონდა, არც ერთხელ არ დაგვჭირდა არანაირი პრეპარატის დამატება. დღეს აქ მოდის მისი პირადი ექიმი, მას აქვს გაცილებით უფრო მეტი უფლება ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით. ვინაიდან, ჩვენ ვართ ექიმები, რომლებიც მის მკურნალობაში ვმონაწილეობთ, არ შეგვიძლია დაწვრილებით ვისაუბროთ მის ანალიზებზე. ამის უფლება მარტო პირად ექიმს აქვს“,-განაცხადა გიორგაძემ.

მან აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად საშიში პირველი 3 დღე იყო.

"ყველაზე მეტად პირველი 3 დღის გვეშინოდა, ახლა გართულებები ნამდვილად არ აქვს“,-განაცხადა გიორგაძემ.

ექიმმა აღნიშნა ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილი ექიმების მითითებებს ასრულებს.

"პირველი დღიდან ექიმების მიმართ პაციენტს აქვს არაჩვეულებრივი დამოკიდებულება, ძალიან დიდი პატივისცემა და მასთან არც ერთხელ არ გამჭირვებია შეხვედრა. მთავარია, ამ ადამიანს აუხსნა, რატომ და რისთვის კეთდება, მერე რომ არ მოსწონდეს რასაც აკეთებ, მაინც მოგყვება, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“,-განაცხადა გიორგაძემ.