ავტორი:

"არანაირი გართულება ამ 2 დღის განმავლობაში არ ყოფილა... ის ყველა დატვირთვას იტანს, რასაც ვაძლევთ" - რეანიმატოლოგი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"არანაირი გართულება ამ 2 დღის განმავლობაში არ ყოფილა... ის ყველა დატვირთვას იტანს, რასაც ვაძლევთ" - რეანიმატოლოგი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის კუთხით შექმნილი კონსილიუმის წევრის, რეანიმატოლოგ ინეზა სულამანიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილის ლაბორატორიული პარამეტრები გაუმჯობესებულია.

როგორც მან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი მონახულების შემდეგ განმარტა, მიხეილ სააკაშვილი ექიმების მითითებებსა და რეკომენდაციებს ითვალისწინებს და მათი დახმარებით მადლობელია.

"მისი მდგომარეობა არის სტაბილური, ის ყველა დატვირთვას იტანს, რასაც ვაძლევთ. შესაბამისად, არანაირი გართულება ამ 2 დღის განმავლობაში არ ყოფილა. რასაკვირველია, დაკვირვება გრძელდება ელენე (გიორგაძის) მეთვალყურეობით, ის აკონტროლებს ყველა ულუფას, საათობრივად, შემადგენლობას, დამზადების ტექნოლოგიას და ა.შ. რამდენიმე დღე რასაკვირველია, საყურადღებოა, მაგრამ შეგვიძლია დამაჯერებლად გითხრათ, რომ ამ ეტაპამდე მას გართულება არ ჰქონია. შეიძლება ითქვას, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულიც არის. გაუმჯობესებულია მის თვითშეგრძნებაც. ის ძალიან მადლობელია იმ დახმარებით, რასაც იღებს, არის ძალიან დამჯერი პაციენტი, მისი ლაბორატორიული პარამეტრები გაუმჯობესებულია. დიდი იმედი გვაქვს, რომ შემდეგი დღეებიც გართულების გარეშე ჩაივლის“,-განაცხადა სულამანიძემ.

მან აღნიშნა, რომ ყველაფერი მშვიდ რეჟიმში ტარდება.

"ბატონი მიხეილ სააკაშვილი ამ ყველაფრით კმაყოფილია. დღეს უკვე ყველაფერი რიგზეა, მისი ემოციური მდგომარეობაც რიგზეა, ის არ აფორიაქებულა და არ აღელვებულა არანაირ პროცედურაზე, რომელიც კი ჩაუტარდა“,-განაცხადა სულამანიძემ.

მან განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილს ფანჯრის გაღების საშუალებაც აძლევენ და დისკომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს.