ხაშურის N35 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, იმედო ლაცაბიძე, კორონავირუსით გარდაიცვალა. იმედო ლაცაბიძე ხაშურის საარჩევნო კომისიას 2004 წლიდან ხელმძღვანელობდა. ახალგაზრდა კაცი რამდენიმე კვირის განმავლობაში ებრძოდა სიკვდილს.
ჯერ კიდევ 2 ნოემბერს შვილთან ერთად, ინტერნეტსაუბრისას გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებდა და წერდა:
"აუცილებლად ვიბრძოლებ სიცოცხლისთვის ღმერთი მოწყალეა, დაგიბრუნდებით, მამა...“
იმედო ლაცაბიძის დეიდა ქალბატონი მაია ლაცაბიძე ჯერ კიდევ ორი დღის წინ სოციალურ ქსელში წერდა, რომ მამაკაცის მდგომარეობა დამძიმდა და ცესკო - ს მიმართავდა.
"უმორჩილესად გთხოვთ, ჩაერიეთ, გაარკვიეთ, გადაარჩინეთ იმედოს სიცოცხლე, იმედო ხომ თქვენი საუკეთესო თანამშრომელია, იმედო ხომ ქვეყნის სამსახურში დგას და ყველაფერს უმაღლეს დონეზე აკეთებს. არ შეიძლება მეგობრებო, მისი სიკვდილი, კიდევ ბევრი წელი უნდა ემსახუროს ქვეყანას.
ყოველდღე რატომ უარესდება მდგომარეობა თუ როგორც ექიმი გვეუბნება ყველაფერს უკეთებენ, მოგვხედეთ, გვიშველეთ, ბატონო გოგა ჯავახიშვილი, თქვენ ხმას მეტად გაიგონებს მთავრობაც და ჯანდაცვის სამინისტრო, ვიდრე ჩემსას. მოგვეხმარეთ, გვიშველეთ, ყოველ დღე ხელიდან გვეცლება იმედო!“
"მეგობრებო, ეს ვერაგი კორონა ვირუსი ნამდვილად არსებობს და ძალიან გაუფრთხილდით ერთმანეთის სიცოცხლეს. ა ი ც ე რ ი თ !!!
ქვეყანაში უმართავი სიტუაციაა, მარტივი მისახვედრია, რომ ასეთ მძიმე ვითარებაში ქეიფობის დრო არ არის, სირცხვილია თუ კიდევ ვინმე ხართ აუცრელი. სავადმყოფოები დადაჭედილია, რეამინაციაში სიცოცხლისთვის იბრძვის აპარატზე შეერთებული ხალხი, არავინ იცის, ვინ გადარჩება და ვინ არა, უფლის რწმენით ვუძლებთ ამ დიდ გასაჭირს. ექიმები არანაკლებ გატანჯულები და გადაღლილები არიან უმძიმესი პაციენტების უშედეგო მკურნალობით, უფრთხილდით, ხალხო, ეს ბოროტი ვირუსია, არ მინდა, ვინმეს ვხედავდე ჩემი იმედოსავით გაწამდეს ტკივილით, ვერ სუნთქავენ, იხრჩობიან ადამიანები. ჩემო მეგობრებო, დამიჯერეთ, კლავს აუცრელობა და კორონა ვირუსი ადამიანებს...“
იმედო ლაცაბიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ საღამოს გარდაიცვალა. მამაკაცს მეუღლე და ორი გოგონა დარჩა.