ავტორი:

თალიბებმა ავღანეთში ტელევიზიებს იმ ფილმების ჩვენება აუკრძალეს, რომელშიც ქალები მონაწილეობენ

თალიბებმა ავღანეთში ტელევიზიებს იმ ფილმების ჩვენება აუკრძალეს, რომელშიც ქალები მონაწილეობენ

ავღანეთის თალიბთა მმართველობამ ქვეყნის სატელევიზიო არხებს უბრძანეს, არ აჩვენონ ფილმები, რომლებშიც ქალები მონაწილეობენ, ხოლო ქალი ტელეჟურნალისტები ვალდებული არიან ისლამური წესით - ჰიჯაბით შეიმოსონ. რვაპუნქტისგან შემდგარი "რელიგიური სახელმძღვანელო პრინციპები,“ რომელიც "სათნოების ხელშეწყობის და მანკიერების აღკვეთის სამინისტრომ" გამოსცა, თალიბანის მერ დაწესებული ერთ-ერთი ბოლო შეზღუდვაა.

სამინისტრომ ასევე უბრძანა ტელეარხებს, არ აჩვენონ ისეთი ფილმები, კომედიები ან გასართობი პროგრამები, რომლებიც "შეურაცხყოფენ“ ადამიანებს და ეწინააღმდეგებიან ისლამური სამართლის ან ავღანური კულტურის თალიბანისეულ წესებს.

ნებისმიერი ფილმი და პროგრამა, რომელშიც ნაჩვენებია წინასწარმეტყველი მოჰამედი ან სხვა პატივცემული პირები, ასევე აიკრძალა. დაუშვებელია ამავე დროს ტელეპროგრამებში კაცების ჩვენება, თუ მათ არ აცვიათ თალიბანის სტანდარტის შესაბამისი სამოსი.

სამინისტრო ირწმუნება, რომ მითითებები არ არის სავალდებულო და მას მხოლოდ რეკომენდაციის სახე აქვს.

"ეს არ არის წესები, არამედ რელიგიური მითითება“, - განაცხადა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰაკიფ მოჰაჯირმა.

თალიბანის მიერ ავღანეთის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის განდევნის შემდეგ, თალიბებმა განაცხადეს, რომ უფრო ზომიერი პოლიტიკა ექნებოდათ, ვიდრე მათი ადრინდელი, 1996-2001 წლის მმართველობის დროს, როცა "ზნეობის პოლიცია“ ისლამური სამართლის მკაცრ კანონებს აღასრულებდა.