ავტორი:

"პუტინი დასავლეთს გამოცდას უწყობს და ცდილობს, აშშ და ევროკავშირი წონასწორობიდან გამოიყვანოს" - რას გეგმავს კრემლი?

"პუტინი დასავლეთს გამოცდას უწყობს და ცდილობს, აშშ და ევროკავშირი წონასწორობიდან გამოიყვანოს" - რას გეგმავს კრემლი?

ცნობილ ამერიკულ გაზეთ "უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal) გამოქვეყნდა სტატია: "ვლადიმერ პუტინისთვის მთავარ პრიზს ყოველთვის უკრაინა წარმოადგენდა“, ქვესათაურით - "რუსეთის პრეზიდენტი ამაყობს იმით, რომ ცივი ომის შემდეგ აღადგინა თავისი ქვეყნის ძალაუფლება და ავტორიტეტი, მაგრამ ის არ ჩათვლის თავის მემკვიდრეობას დასრულებულად, ვიდრე კიევი კვლავ მოსკოვის თანამგზავრი არ გახდება“ (ავტორები - კარნეგის ფონდის თანამშრომლები: იუჯინ რუმერი და ენდრიუ ვაისი).

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, მიმდინარე წელს, უკვე მეორედ, დასავლურმა სპეცსამსახურებმა უკრაინის საზღვრებთან, პრორუსულად განწყობილ დონბასის რეგიონთან ახლოს, რუსეთის ჯარების თავმოყრა და გადაადგილებები დააფიქსირეს. ამასთან დაკავშირებით, ამერიკისა და ევროპის ოფიციალურმა პირებმა შეშფოთება გამოხატეს - ვაითუ, ეს რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრას მოასწავებსო. ჯარების ამგვარი მანევრები ერთადერთი მიზეზი არ არის, რის გამოც დასავლელ ლიდერებს ღამით მშვიდად არ სძინავთ.

"რუსულ გაზზე ფასების მატებით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისი, რუსების მიერ კოსმოსური თანამგზავრების საწინააღმდეგო რაკეტის გამოცდა, ბელარუსის მიერ რუსეთთან შეთანხმებით ხელოვნურად შექმნილი მიგრაციული კრიზისი პოლონეთის საზღვარზე და სხვა პრობლემები აშშ-სა და ევროპის ქვეყნების მეთაურებისათვის თავის ტკივილს წარმოადგენს“, - წერენ ავტორები.

"როგორც ჩანს, რუსეთის პრეზიდენტი დასავლეთს გამოცდას უწყობს და ცდილობს, აშშ და ევროკავშირი წონასწორობიდან გამოიყვანოს. მათთვის, ვინც 1999 წლიდან ხელისუფლებაში ვლადიმერ პუტინის კარიერულ აღმასვლას აკვირდებოდა, საიდუმლო არაა, რომ მას იმედი აქვს სასურველ მიზანს ამგვარი გამბიტებით მიაღწიოს. ვლადიმერ პუტინი ისწრაფვის, რომ რუსეთის ირგვლივ მისი სატელიტი ქვეყნები იყვნენ - ისევე როგორც საბჭოთა კავშირის დროს. რუს ლიდერს განსაკუთრებით აღიზიანებს უკრაინის გასვლა რუსეთის გავლენის სფეროდან. კიევის დაუმორჩილებლობა მისთვის არნახულ მარცხს ნიშნავს. პუტინი ვერ ურიგდება იმას, რომ უკრაინა უკვე ორჯერ წააგო - პირველად 2004 წელს, როცა "ნარინჯისფერი რევოლუცია“ მოხდა და მეორედ - 2014 წელს, "მაიდნის“ შედეგად, როცა კიევმა დასავლური კურსი აიღო.

რასაკვირველია, ვლადიმერ პუტინისათვის ასეთი რეალობა მიუღებელი იყო, მან მოქმედება დაიწყო ყირიმის ანექსიით და მოსკოვმა ხელი შეუწყო დონბასის კონფლიქტს, რის შედეგადაც 14 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ასი ათასობით კი ლტოლვილად იქცა. რუსი ლიდერი არ გამორიცხავს კონფლიქტის მოგვარებას, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ხელს მოაწერს ისეთ შეთანხმებას, რომლითაც რუსეთი უკრაინის საგარეო პოლიტიკაზე გავლენას მოახდენს.

პრეზიდენტი პუტინი მალე 70 წლისა გახდება და ის, ალბათ, ფიქრობს იმაზე, თუ როგორ მემკვიდრეობას უტოვებს თანამემამულეებს. აშკარაა, რომ პუტინს და მის მრჩევლებს კარგი განწყობის საფუძველი მართლაც აქვთ: ისინი მიიჩნევენ, რომ სწორედ პუტინის მმართველობის დროს წამოდგა "მუხლებზე დაჩოქებული“ რუსეთი და დასავლეთს ადრე მიყენებული დამცირებისთვის ახლა სამაგიეროს უხდის. მათ მოსწონთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს "ღირსეული მეტოქე“ უწოდა.

"დროა ევროპის ქვეყნები და აშშ მიეჩვიონ იმას, რომ რუსეთი სუსტი სახელმწიფო არ არის, რომელსაც ვიღაც თავის აზრს მოახვევს. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მითები "სუსტ“ რუსეთზე გაფანტა და დასავლეთი აიძულა კრემლის მიერ შემუშავებულ თამაშის წესებზე დათანხმებულიყო“, - აღნიშნულია სტატიაში.

ავტორების აზრით, რუსეთის ლიდერმა არმიის მოდერნიზაცია განახორციელა, ფაქტიურად, გაანადგურა ოპოზიცია ქვეყნის შიგნით, აღრმავებს ენერგოგავლენას ევროპაზე, ავითარებს ურთიერთობას მსგავსი ინტერესების მქონე მეზობლებთან (ჩინეთთან და ბელარუსთან), მან მესიჯი გაუგზავნა ნატოს, რომ ელოდება ალიანსის გადაწყვეტილებას - უარის თქმას აღმოსავლეთით გაფართოებაზე.

"რუსეთის პრეზიდენტს ამჟამად მხოლოდ ერთი საქმე რჩება დაუმთავრებელი - უკრაინასთან დამოკიდებულება. იმ ადამიანისათვის, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლას მეოცე საუკუნის კატასტროფად მიიჩნევს, მთავარი პრიზი უკრაინისა და მისი დედაქალაქის კიევის დაბრუნება იქნებოდა - კიევისა, რომელიც ოფიციალურ ისტორიოგრაფიაში რუსეთის სახელმწიფოებრიობის აკვნად არის მიჩნეული“.

ავტორების აზრით, სწორედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან უკრაინასთან თანამშრომლობის გაღრმავებამ გამოიწვია ის, რომ "რუსეთმა მეზობელი სახელმწიფო რუსეთის ნაპირებთან მდგარ ნატოს ავიამზიდად აღიქვა“.

სტატიაში გახსენებულია რუსეთის ლიდერის მიერ გაკეთებული გამაფრთხილებელი განცხადება 14 წლის წინ:

"დასავლეთის ქვეყნებმა, სამწუხაროდ, სრულად და სერიოზულად ვერ აღიქვეს ვლადიმერ პუტინის განცხადება 2007 წლის მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე და მომდევნო 2008 წლის აპრილში, ნატოს ბუქარესტის სამიტზე, საქართველოსა და უკრაინას ნატოში მიღება აღუთქვეს. ამ მოვლენიდან დაახლოებით სამ თვეში ვლადიმერ პუტინმა საქართველოს ხაფანგი მოუწყო: ერთ-ერთი კონფლიქტის ზონაში - სამხრეთ ოსეთში სიტუაციის ესკალაცია მოხდა და რუსეთის არმია საქართველოში შეიჭრა და თავისი ჯარი თბილისიდან 50 კილომეტრის დაშორებით შეაჩერა. ამრიგად, საქართველოს ოცნება ნატოს წევრად მიღებაზე დაინგრა. 14 წლის შემდეგ დასავლელი ლიდერების წინაშე კითხვა წამოიჭრა: ხომ არ ელოდება იგივე ბედი უკრაინასაც?“ - ნათქვამია პუბლიკაციაში.

"ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია შეეცადა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას, რათა ვაშინგტონს მეტი დრო და შესაძლებლობა ჰქონოდა ჩინეთის ამოცანის გადასაწყვეტად. მაგრამ ვიდრე პრეზიდენტი პუტინი უარს აცხადებს უკრაინის დაკარგვის აღიარებაზე, მანამ რუსეთი კვლავაც გააგრძელებს პრობლემების შექმნას“, - ხაზგასმულია პუბლიკაციის დასასრულს.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ