ავტორი:

"ჩაიარა იმ ციკლმა, როცა სუპერგმირივით იყო... როგორც უგულავა, მერაბიშვილი ისხდნენ ციხეში, როგორც ბაჩო ახალაია ზის ახლა, ასე მოუწევს სააკაშვილსაც" - თამარ ჩერგოლეიშვილი

"ჩაიარა იმ ციკლმა, როცა სუპერგმირივით იყო... როგორც უგულავა, მერაბიშვილი ისხდნენ ციხეში, როგორც ბაჩო ახალაია ზის ახლა, ასე მოუწევს სააკაშვილსაც" - თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას“ დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "ნიუსრუმში“ განაცხადა, - სააკაშვილი უნდა შეეგუოს, რომ ის არ არის ერთადერთი ლიდერი.

"რა მოხდა ამ 50 დღეში, რაც მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა, ის დაიჭირეს, ამან მოახდინა "ქართული ოცნების“ ამომრჩევლის კონსოლიდაცია, "ნაციონალურ მოძრაობას“ კი მისმა ჩამოსვლამ 18 000 ხმა შემატა, სწორედ ამდენით მეტი ხმა მიიღეს, ვიდრე 2020 წლის არჩევნებზე.

დაიწყო შიმშილობა, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით, ამ მოთხოვნის საწინააღმდეგოც არაფერი მქონდა, მაგრამ ამ მიზნით შიმშილობის დაწყების წინააღმდეგი ვიყავი. შიმშილობების პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამას აკეთებ მაშინ, როდესაც დასაკარგი არაფერი გაქვს, არადა, "ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგე ოპოზიციას ბევრი რამ გვაქვს დასაკარგი. ჩვენ უბრალო უმრავლესობა გვაქვს ხელში, არ შეიძლება ამ ვითარებაში იმის ძახილი, რომ უბრალო უმრავლესობა გვიჭირავს ხელში, არჩევნები გაყალბდა, არ გამოგვივიდა და ახალ რევოლუცია გვინდაო, რევოლუციისთვის კიდევ უფრო დიდი რიცხობრივი უპირატესობა გჭირდება. მაგ საქმეზე ყველა არ მოგყვება, დავინახეთ, რომ აქციაზე არ გამოდის ყველა ის ადამიანი, ვინც ივანიშვილის წინააღმდეგ ხმას აძლევს. ეს მოცემულობა ჩანდა ოპოზიციური არხების ეგზიტპოლების შედეგებშიც.

არანაირი რეალისტური საფუძველი არ არსებობდა, რომ ივანიშვილს მიშა გაეთავისუფლებინა ან ამაში რომელიმე დასავლელ აქტორს დაეჭირა მხარი. გლდანში გადაყვანამდე დასავლეთისგან დიდი რეაქცია არც ყოფილა“, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

მისი თქმით, დასავლეთისთვის სააკაშვილი დიდი ხანია საიმედო პარტნიორი აღარ არის.

"მას რაღაცებზე უთანხმდებიან, მერე ის აგდებს, ამასთანვე ღირებულებებთან პრობლემები დაეწყო. თავისი თავი გახდა იდეა, ნაცვლად იმისა, რომ დემოკრატიული იდეალებისთვის ებრძოლა და თვითონ უფრო თავმდაბლად მოქცეულიყო. ამიტომაც გაუჩნდა პრობლემები დასავლეთთან“, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

მისივე განცხადებით, საბოლოო ჯამში შიმშილობის მოთხოვნა იქცა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა მაშინ, როდესაც სულ რომ არ ეშიმშილა ეს სულაც არ გახდებოდა საჭირო.

"ჩვენ დავარტყით დიდი წრე. ვირბინეთ და რა არის შედეგი? ხალხი შიმშილობდა იმიტომ, რომ სააკაშვილს შეეწყვიტა შიმშილობა, ასეთი უაზრო სიტუაცია მივიღეთ“, - განაცხადა მან.

ჩერგოლეიშვილის აზრით, დამტკიცდა, რომ სააკაშვილი გამაერთიანებელი ფიგურა აღარ არის: "ყველაზე დიდი პროტესტი იყო გავრილოვის ღამეს, როდესაც ადამიანები იდეამ გააერთიანა".

ჩერგოლეიშვილის თქმით, საწინააღმდეგო აზრის გაგონება, სააკაშვილს არ სურს.

"ის მხოლოდ ღვთაებრივი იდეიდან ამოდის, ის არის მესია, მან უნდა უშველოს, ვინც ამას არ იზიარებს, ის არის მოღალატე... უნდა შეეგუოს, რომ ის არ არის ერთადერთი და არის ერთ-ერთი ლიდერი... უნდა შეეგუოს რომ ჩაიარა იმ ციკლმა, როცა სუპერგმირივით იყო და წმინდა გიორგივით რომ მოგვევლინა... ის რეალობას უარყოფს 2012 წლიდან. უნდა მორჩეს რეალობის უარყოფას. რეალობა არის ის, რომ ის არის პატიმარი ბიძინა ივანიშვილის ციხეში. როგორც გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი, ნიკა მელია ისხდნენ ციხეში, როგორც ბაჩო ახალაია ზის ახლა, ასე მოუწევს სააკაშვილსაც", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა "პალიტრანიუსის" ეთერში.

  • იხილეთ ინტერვიუ სრულად