კენეთ ჯუდმა 3780 კილომეტრი მხოლოდ 26 დღეში "გაიარა" და მსოფლიო ჩემპიონატში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ეს ნიშნავს, რომ მას 24 საათის განმავლობაში, საშუალოდ 144 კილომეტრი უნდა გაევლო, რაც 1 დღეში შესასრულებლად ახალგაზრდებისთვისაც კი რთული მისია იქნებოდა, მით უმეტეს, რომ მომდევნო 25 დღე იგივე მანძილი უნდა დაეფარა.
"მსოფლიოს გზა მოხუცებისთვის“ 6 სექტემბრიდან 1 - ელ ოქტომბრამდე მიმდინარეობდა და ველორბოლაში 5.000-ზე მეტი ხანდაზმული იღებდა მონაწილეობას. უკვე მეოთხე წელია, რაც მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის მაცხოვრებელ ხნიერ ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ, ერთმანეთს 26 - დღიან მარათონში შეეჯიბრონ.
კენეთ ჯუდი ველოსიპედის ტარებისას, დიდი ბრიტანეთის მშობლიური მხარის, იორკშირის ხედებით ტკბებოდა იმის მიუხედავად, რომ ის ადგილიდან არც კი იძვროდა და მოხუცთა სახლში, მაღალტექნოლოგიურ ველოსიპედზე ამოძრავებდა პედლებს. საქმე ის არის, რომ მოხუცებს შეჯიბრში მონაწილეობისთვის შინიდან გასვლა არც კი სჭირდებათ.
"მოტივიუს“ თანამედროვე ველოსიპედები, რომლებსაც ნორვეგიული კომპანია ამზადებს, უერთდება კომპიუტერს ან ტელევიზორის მონიტორს, რაც მოხუცებს საშუალებას აძლევს, ველოსიპედის ტარებისას სხვადასხვა ხედებით დატკბნენ და თავი ისე იგრძნონ, თითქოს ნამდვილად ქალაქის ქუჩებს მიუყვებიან.
ამგვარი მოწყობილობები დარბაზებსა და სახლში ვარჯიშის მოყვარულთათვის დიდი ხანია რაც ხელმისაწვდომია, თუმცა, ნორვეგიაში წარმოებული ეს ველოსიპედები სპეციალურად ხნიერ ადამიანებზეა გათვლილი, მათ შორის მათზე, ვისაც დემენცია აქვს.
მოხუცთა სახლის პერსონალს შეუძლია, ვარჯიშისას მათ რაიმე მუსიკა ჩაურთოს, რათა უფრო მეტი მოტივაცია მისცეს ხნიერ მრბოლელებს.
ბატონი ჯუდისთვის ეს უკვე რიგით მეორე შეჯიბრია, ის 2020 წლის ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზე იყო და წლევანდელი შეჯიბრისთვის იანვრიდან დაუწყია მზადება: "მინდოდა წელს შარშანდელზე უკეთესი შედეგი მქონოდა, ამიტომ გამოვითვალე, დღეში რამდენი კილომეტრი უნდა გამევლო, რომ წარმატებისთვის მიმეღწია.“
მოამზადა ანა სიბოშვილმა