სამი წლის წინ, პირველად საქართველოს ინტერნეტსივრცეში, შეიქმნა მედიაპლატფორმა "მედ რუმი“, რომელმაც ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა, ბევრ ადამიანს გაუწია დახმარება და ბევრი მათგანის სიცოცხლეც კი იხსნა. რატომ შეიქმნა და რა მიზანს ემსახურებოდა ეს ჯგუფი, ამაზე სამედიცინო პლატფორმა "მედ რუმის“ დამფუძნებელი, ექიმი მარი ხანიკაევი ისაუბრებს.
- სამედიცინო პლატფორმა "მედ რუმი“ შეიქმნა 2018 წელს, მაშინ, როდესაც პანდემია საერთოდ არ იყო. "მედ რუმი“ გახდა ონლაინსივრცეში დამაკავშირებელი ხიდი ექიმსა და პაციენტს შორის. ჯგუფის მიზანი იყო, მოსახლეობისთვის სამედიცინო მიმართულებით ინფორმაციის მიწოდება.
- დღეს რამდენი ადამიანი მართავს ამ ჯგუფს?
- ჩვენი ჯგუფის ადმინისტრირებაში ჩართულია 7 ადამიანი, ჩვენთან შემოდის კითხვები და თითოეულ დადასტურებულ კითხვაზე ინიშნება, ასევე, ჩვენი გუნდის ექიმი. ჩვენს ჯგუფში 400-მდე კვალიფიციური ექიმია გაერთიანებული, რომლებიც მზად არიან, უანგაროდ დაეხმარონ პაციენტებს.
- უანგარო დახმარებაში რა იგულისხმება, მხოლოდ კონსულტაცია, თუ ამ პაციენტების მიღებაც?
- როდესაც პაციენტი კითხვას სვამს, მისი გადამისამართება ხდება კონკრეტულ ექიმთან. ინიშნება ექიმი, ინიშნება ის ადგილი, სადაც ის ექიმი მუშაობს და შემდეგ ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ადამიანს შესაძლებლობა არ ჰქონდა და ექიმს სრულიად უანგაროდ მიუღია კონსულტაციაზე. ასევე იმართება სრულფასოვანი ვიდეოკონსულტაციები კომენტარებით, პირადში მიმოწერით.
- თქვენ თქვით, რომ თქვენთან ოთხასამდე ექიმია გაერთიანებული...
- იმ ექიმთა რაოდენობა, რომელთაც "მედ რუმის“ გუნდის წევრი შეიძლება ვუწოდოთ, 400-მდეა, ზოგადად კი, ჩვენს ჯგუფში რამდენიმე ათასი სამედიცინო განათლების მქონე პირია გაერთიანებული. ეს იყო ახალი სიტყვა სოციალურ ქსელში, პირველი სამედიცინო პლატფორმა, დაინტერესდნენ ჩემი კოლეგები, მეგობრები, ერთი ადამიანისგან აეწყო ასეთი პირამიდა. როდესაც პანდემია დაიწყო, ერთმა ექიმმა - დერმატოლოგმა ნატა კორსანტიამ მომწერა, რომ მზად იყო, მოსახლეობისთვის უფასო კონსულტაციები გაეწია. ეს ინფორმაცია განვათავსეთ ჩვენს ჯგუფში, რასაც სამედიცინო სფეროს უამრავი წარმომადგენლის გამოხმაურება მოჰყვა. ექიმები და ექთნები - ყველა მზად იყო, ჩართულიყო კამპანიაში, და მაშინ ამ კამპანიას ვუწოდეთ: "ექიმი გმირია“. ამ დღიდან დაწყებული, დღემდე, გვემატებიან.
- და ეს გმირი ექიმები რამდენ ადამიანს დაეხმარნენ და რამდენი გადაარჩინეს?
- კამპანია "ექიმი გმირიას“ დაწყებიდან რომ მოვყვეთ, დღის განმავლობაში ჯგუფში შემოდის 150 -180 პოსტი, მათ უმრავლესობას სჭირდება ექიმის კონსულტაცია. ვერ დავთვლი, რამდენ ადამიანს გაეწია დახმარება. ექიმები დღე და ღამეს ასწორებენ ამ ადამიანებისთვის. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პანდემია დაიწყო. პირველ პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა მომართვიანობა, მაშინ გადავწყვიტეთ, ექიმებთან ერთად წამოგვეწყო საინფორმაციო კამპანიები, მოსახლეობაში პანიკის შესამცირებლად. კამპანიის - "დარჩი სახლში“ დროს დავიწყეთ ლაივჩართვების ციკლი სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან. ასევე, კოორდინაციას ვუწევდით მათ, ვისაც საავადმყოფოებში გადაყვანა ესაჭიროებოდა.
- გარკვეული დროის შემდეგ ალბათ პანიკა მინელდა და უფრო პრიორიტეტული საკითხები წამოვიდა წინ, მაგალითად, ვაქცინაცია...
- რადგან, ასე თუ ისე, ვისწავლეთ კოვიდის მართვა, პანიკა შენელდა, მაგრამ მეორე პრობლემა გაჩნდა, ვაქცინის გამოჩენა სიხარულის მიზეზი უნდა ყოფილიყო მსოფლიოსთვის, თუმცა საზოგადოება ორდ გაიყო და საზოგადების ნაწილი მას უნდობლად შეხვდა.
ჩვენ აქტიურად და ღიად ვუჭერთ მხარს ვაქცინაციის პროცესს, ამის ერთ - ერთი მაგალითი იყო კამპანია "მე ავიცერი“, როდესაც ექიმები ფოტოებს ტვირთავდნენ სოციალურ ქსელში. ამან ძალიან დადებითად იმოქმედა ადამიანებზე, მათაც მიეცათ სტიმული, აცრილიყვნენ.
მას შემდეგ, ამ დრომდე, მუდმივ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას ვაქცინაციის საკითხებზე. გვინდა, რომ ხალხმა შიში დაძლიოს, ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და ჩვენი გუნდის დახმარებით ამას მეტ-ნაკლებად ვახერხებთ. ჩვენთან ურთიერთობის შემდეგ ბევრი ადამიანი აიცრა. უნადა ვიცოდეთ, რომ როდესაც ადამიანს ეშინია, ის არ არის ანტივაქსერი, მას სჭირდება სწორი კომუნიკაცია, ექიმთან დაკავშირება და შიშის მოხსნა, რომ დაიცვას საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ასეთ ადამიანებს ჩვენ თავად მივყვებით ასაცრელად ვაქცინაციის პუნქტში და ჩვენთან ერთად იცრებიან.
ხშირად გვეკითხებიან, როგორ ვმუშაობთ ენთუზიაზმით - ეს არ არის მუშაობა ენთუზიაზმით, ეს არის მუშაობა თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად. რეალურად ყოველი ინტერვიუ, პოსტი, საინფორმაციო შეხვედრა, საინფორმაციო კამპანია, ერთით მეტი აცრილი ადამიანი, ჩვენთვის დიდი ბედნიერებაა, ეს არის ჩვენი ვალი და უკუკავშირით, ჩვენ ვიღებთ ბევრ გამოჯანმრთელებულ ადამიანს და გადარჩენილ სიცოცხლეს, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო "მედ რუმის“ ჯგუფის წევრებს: ანა კირკიტაძეს, თათა ჭარელს, ნინო მაღრაძეს, სალომე მოსიავას, სალი ჩუგოშვილს, ელენე პაპიძეს, თამარა გოგოჩაშვილს, რომლებიც 24/7 მუშაობენ და ეხმარებიან ადამიანებს. მათთან ერთად გამძლეობა მინდა ვუსურვო ექიმებს, რომლებიც, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მაინც ახერხებენ, დაეხმარონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს და, ასევე, ემიგრანტებს, რომლებიც ასე შორს არიან ჩვენგან და რომელთაც განსაკუთრებით უჭირდათ ამ პერიოდში. ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ყველას - აუცილებლად უნდა ავიცრათ ჩვენთვის, ერთმანეთისთვის და ამით გადავარჩინოთ თითოეული ადამიანის სიცოცხლე. აცრა გვიცავს სიკვდილისგან და ეს კარგად უნდა გავითავისოთ.