ავტორი:

"მრცხვენია ამის თქმა, მაგრამ ამერიკაში იმიტომ წამოვედი, რომ საჭმლის ფული არ მქონდა... ახლა გადაზიდვების კომპანიაში ვმუშაობ" - კობა სუბელიანი

"მრცხვენია ამის თქმა, მაგრამ ამერიკაში იმიტომ წამოვედი, რომ საჭმლის ფული არ მქონდა... ახლა გადაზიდვების კომპანიაში ვმუშაობ" - კობა სუბელიანი

ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი კობა სუბელიანი საქართველოდან 2017 წელს წავიდა. როგორც ამბობს, გადაწყვეტილება ეკონომიური მდგომარეობის გამო მიიღო.

"ტვ პირველთან" საუბარში ექსმაღალჩინოსანი ჰყვება, რომ მაშინ ოჯახს საჭმლის ფულიც არ ჰქონდა, რის გამოც ამერიკაში წავიდა და ამჟამად ერთ-ერთ გადამზიდავ კომპანიაში მძღოლად მუშაობს.

"წავედი იმიტომ, რომ ელემენტარული საარსებო არ მქონდა. სამი შვილი მყავს და ოჯახს შენახვა უნდოდა. მრცხვენია ამას რომ ვამბობ, მაგრამ საჭმლის ფული არ მქონდა. არჩევანის წინაშე ვიყავი 2012 წელს - ან უნდა გადავბარგებულიყავი ბიძინა ივანიშვილის გუნდში, ან წავსულიყავი იმ ნაბიჯზე, რაზეც წავედი. წინასწარ ვიცოდი რომ ეს ნაბიჯი სიღარიბით დასრულდებოდა.

აქაურობა სავსეა ქართველებით. იცით, რა დონის პროფესიონალები არიან აქ? წლები ქვეყანას რომ ემსახურებოდნენ, ივანიშვილმა ისინი სამსახურებიდან გამოყარა და წამოვიდნენ ემიგრაციაში.

მეც ასე ვიყავი, ან უნდა მემათხოვრა ახლობლებისთვის, მეგობრებისთვის თანხები, ან უნდა წამოვსულიყავი. ვერ წარმოიდგენ, რამდენი ადამიანი მიკავშირდება და მთხოვენ, რომ ვასწავლო გზები, თუ როგორ წამოვიდნენ აქ. ლუკმა პური უჭირს ხალხს. გარბიან ქვეყნიდან. ივანიშვილის დაპირება იყო, რომ ემიგრანტებს დააბრუნებდა ქვეყანაში და პირიქით, გასამმაგდა ემიგრაცია.

ამჟამად გადაზიდვების კომპანიაში ვმუშაობ. კალიფორნიის შტატიდან მომაქვს გზავნილი, 5-6 დღიანი მარშრუტია. ასე ვარჩენ ოჯახს. ასეა ქართველების უმრავლესობა, ზოგი ტაქსზე ზის, ზოგი მშენებლობაზე მუშაობს... ემიგრაციას ახლავს ძალიან დიდი სევდა. ჩვენ ივანიშვილმა გამოგვაქცია ქვეყნიდან და დაცალა საქართველო ქართველებისგან" - აღნიშნა სუბელიანმა.