ავტორი:

"ანბანდიდი“, "გრაგნილი“ და "მედეა“ - უძველესი ქართული ხელნაწერების საფუძველზე შექმნილი შრიფტები: რას ჰყვება კალიგრაფი, რომელმაც მათ შექმნაზე იმუშავა

"ანბანდიდი“, "გრაგნილი“ და "მედეა“ - უძველესი ქართული ხელნაწერების საფუძველზე შექმნილი შრიფტები: რას ჰყვება კალიგრაფი, რომელმაც მათ შექმნაზე იმუშავა

უძველესი ქართული ხელნაწერების საფუძველზე ანბანის სამი სახეობის შრიფტი – "ანბანდიდი“, "გრაგნილი“ და "მედეა“ შეიქმნა, რომელსაც საზოგადოებას 30 ნოემბერს წარუდგენენ.

მათზე კალიგრაფმა დავით მაისურაძემ იმუშავა. ასომთავრულს საფუძვლად დაედო IX საუკუნის გამორჩეული ხელნაწერი "ანბანდიდი სახარება“, ნუსხურს – XV საუკუნის კონდაკი "იოანე ოქროპირის ჟამისწირვა“, მხედრული შრიფტი კი XVII საუკუნის ძეგლის "იაზონისა და მედეას ამბავის“ მიხედვით შეიქმნა. შრიფტები ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის სრულიად უსასყიდლოდ იქნება ხელმისაწვდომი.

  • ბატონი დავითის მიერ არაერთი შრიფტია შექმნილი, რომელიც დღეს აქტიურად გამოიყენება. საერთოდ, რა არის კალიგრაფია და ვინ არის კალიგრაფი, - ამაზე საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე დავით მაისურაძე გვესაუბრება.

- კალიგრაფი ანბანის დიზაინერია, რომლის მთავარი ფუნქცია არის, მკითხველს ისეთი ვიზუალის ანბანი შესთავაზოს, რომელიც შესაბამის ტექსტს შეესატყვისება და ის ამ თუ იმ კალიგრაფიით არის გადაწერილი. არსებობს სხვადახვა მიმართულების კალიგრაფია, მაგალითად, წიგნის, რომლის მთავრი ფუნქცია, მარტივად, სწრაფად კითხვადი და თვალისთვის ნაკლებად დამღლელი შრიფტების შემუშავებაა. მათ შორის, კომპიტერული შრიფტების შექმნაც კალიგრაფების ამოცანაა.

არის კიდევ მხატვრული კალიგრაფია. მნახველს პრაქტიკულად ანბანით ხატვას ვთავაზობთ - ანბანით მხატვრულ ნამუშევარს ვქმნით. წაროიდგინეთ, ვიღებთ რაღაც ნაწარმოებს და მისი შინაარსიდან გამომდინარე, ავტორის ემოციას ვკითხულობთ. ჩვენეულ ხედვას უკვე მოხაზულობებში გადმოვცემთ.

- დიდი ხანია, ამ დარგში საქმიანობთ?

- ეს სფერო ბავშვობიდან მაინტერესებდა და 2010 წელს უკვე სკოლაც დავაარსე, სადაც კალიგრაფიას ახალგაზრდებს და ზრდასრულებსაც ვასწავლი.

- რაში იყენებენ ადამიანები ამ ცოდნას?

- ნებისმიერ ჩვენგანს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხვდება კალიგრაფის ნამუშევარი, რასაც შეიძლება, ყურადღებას არც აქცევს. ეს არის მაგალითად, ლოგოები, გარეკნები, პლაკატები, სარეკლამო ბანერები, ამ ყველაფერზე კალიგრაფი შრომობს, რომ თვალისთვის ყურადღების მისაქცევად ეფექტური წარწერა შექმნას. შეიძლება ეს უბრალოდ კომპიუტერული შრიფტიც იყოს, რომელიც კომპიუტერში გვაქვს და ამ შრიფტით ყოველდღიურად ტექსტებს ვკრეფთ.

მოკლედ, ამ ყველაფრის უკან დგას ადამიანი, კალიგრაფი, რომელიც ჯერ ფანქრით მოხატავს მომავალ ნამუშევარს, მერე კალმით ასრულებს, სადაც ტუშს და მელანს იყენებს. საბოლოოდ ეს ნაშრომი ციფრულდება და ელქტრონულ სახეს იღებს.

- შრიფტების გარკვეული რაოდენობა კომპიუტერულად არსებობს, დანარჩენ შრიფტებს, რასაც კალიგრაფები ქმნიან, სად არის დაცული? ამისთვის რა ბაზა არსებობს?

- ეს კლიგრაფიის მეორე მიმართულებაა, მხატვრული, რაც უკვე ვახსენეთ. მაგისთვის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ძველი ხელნაწერების მთელი საცავი გვაქვს, იქ ინახება მეხუთე საუკუნიდან მოყოლებული, რაც კი XIX საუკუნის ჩათვლით საინტერესო ქართული ხელნაწერი შეიძლება არსებობდეს. რაც შეეხება თანამედროვე კალიგრაფების ნამუშევრებს, ეს არის კერძო კოლექციებში, ზოგიერთი საზღვრებს გარეთაც არის, მაგალითად, ჩემი გადაწერილი "ვეფიხისტყაოსანი“ სამი წლის წინ გაეროში გაიგზავნა და ნიუ-იორკში როგორც ხელოვნების ნიმუში, ისე ინახება.

- მოკლედ, სკურპულოზური, მინიატიურული, საკირკიტო დარგია და ფაქტია, რომ ეს საქმე ძალიან გიყვართ...

- ყურადღების კონცენტრაციას და დიდ ნებისყოფას მოითხოვს. შესაძლებელია ერთ ნამუშევარზე წლები იმუშავო. XXI საუკუნეში შეიძლება ყოველდღიურად მუზა არ გქონდეს, რომ ამ ყველაფერზე სრული კონცენტრაცია მოახდინო, რთულია. მით უმეტეს, აქტიური იურისტი გახლავართ, თსუ-ში ვმუშაობ.

- ე.ი. თქვენი ორი პროფესია ასე ეთავსება ერთმანეთს?

- დიახ. იურიდიული სამყარო ძალიან მშრალია იმისთვის, რომ იქ ადამიანმა თავი კომფორტულად იგრძნოს. ამიტომ მას სჭირდება რაღაცებით დაბალანსება, მაგალითად, ხელოვნების მიმართულებით ამა თუ იმ პროფესიაში საქმიანობით. როდესაც ეს ორი საქმე გაქვს, ცხოვრება უფრო საინტერესო ხდება.

  • როგორც ბატონი დავითი აღნიშნავს, მას ოჯახთან ერთად, ამ სფეროში ქვემო ქართლში კალიგრაფიის კონკურსიც დაუარსებია, რომელიც 10 წელია ტარდება. ამ კონკურსის მთავარი ამოცანაა, კალიგრაფიის ხელშეწყობა, მაგრამ მეორე მხრივ, ამ კონკურსის მიზანი მისივე თქმით, ქვემო ქართლის ეთნიკურად მრავალფეროვანი ახალგაზრდობის დაახლოება-დამეგობრებაა.

- კარგი შედეგები გვაქვს, ყოველწლიურად მეტი მსურველი მოდის, ნამუშევრების ხარისხი მატულობს და დაინტერესებულთა შორის ასაკოვანი შეზღუდვა არ გვაქვს. კონკურსში 80 წლის ქალბატონებიც მონაწილებენ.

- კომპიუტერმა ბოლო ათწლეულებში ხელით წერა გააიშვიათა... კარგია, რომ ეს კონკურსი ადამიანებს ახსენებს, რომ ხელით წერა მნიშვნელოვანი რამ არის...

- დიახ, ეს გამოხატვის თავისუფლებასაც უწყობს ხელს. კომპიუტერი შტამპია და იქ მხოლოდ ამკრეფი ხარ, შენს გაწყობას, ემოციას ვერ გამოხატავ. ხელნაწერში ჩანს ბევრი რამ და ის ფსიქლოგიურადაც საინტერესოა.

- როგორც ვიცი, ხელნაწერთა დახმარებით, ადამიანის ფსიქოტიპის დადგენაც შეიძლება... ბოლო სამი შრიფტის გარდა, რაზეც ვისაუბრეთ, კიდევ რა შრიფტებზე გაქვთ ნამუშევარი?

- ეს პროექტი 2015 წლიდან დავიწყეთ. მაშინ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავებში დაცული დოკუმენტების საფუძველზე, 10 ქართველი საზოგადო მოღვაწის შრიფტი შეიქმნა. შემდეგ კიდევ 10 მოღვაწის. დღეს უკვე 40 სახელოვანი ადამიანის შრიფტი არსებობს. ამისთვის საბაზისოდ მათი კალიგრაფიაა აღებული, რაც შრიფტებადაა ქცეული. საინტერესო ისაა, რომ ძალიან ავთენტურია. როდესაც მას იყენებ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თითქოს მართლა ხელით წერ.

შემდეგ პროექტს „ჯეპრაც“ შემოუერთდა და მისი თაოსნობით, ოთხი საზოგადო მოღვაწის - ნიკო ნიკოლაძის, იაკობ გოგებაშვილის, ზვიად გამსახურდისა, მერაბ კოსტავას შრიფრები დასრულდა... ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება და ბოლო პროექტზე მუშაობისას უფრო მკაფიო გახდა, რომ ასომთავრული შრიფტების დეფიციტი გვაქვს. რაც არსებობს, იქიდან თითოეულია ავთენტური და ნამდვილად შესატყვისი, დანაჩენი ცოტა უცხო. სკოლაშიც ნაკლებად ისწავლება. ამიტომ, არსებულიდან ვეცადეთ, მაქსიმალურად ახლოს ყოფილიყო IX საუკუნის ხელნაწერი, ზუსტად რომ აესახა იმ ეპოქის ხელნაწერის სტილი. მეორე შრიფტი "გრაგნილი“ კი, ზუსტად ასახავს XV საუკუნის ხელწერას და არქივში დაცულ ხელნაწერებს ეფუძნება. მესამე ხელნაწერი "მედეა“, ასევე ხელნაწერს ეფუძნება და მასში მოთხრობილია იასონისა და მედეას ისტორი. ამიტომ გადაწყდა მისთვის მედეას დაგვერქმია.

  • "საქართველოს ეროვნული არქივი, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, "ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის“ ნომინაციის მომზადებაში აქტიურად იყო ჩართული. ნომინაციის გამარჯვებიდან 5 წლის საიუბილეოდ ჩვენ სიამოვნებით მივიღეთ მონაწილეობა პროექტში, რომელიც ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის თვალსაჩინო მაგალითია. ქართული ხელნაწერების იმ მდიდარი კოლექციიდან, რასაც ეროვნული არქივი ინახავს, შეირჩა სხვადასხვა ეპოქისა და შინაარსის გამორჩეული კალიგრაფიით შესრულებული ნიმუშები,“ - დასძენს საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების უფროსი ქეთევან ასათიანი.