ავტორი:

"სააკაშვილის მდგომაროება უმჯობესდება და სამედიცინო გუნდი აკმაყოფილებს მოთხოვნებს“ - კონსილიუმის წევრი თენგიზ წულაძე

"სააკაშვილის მდგომაროება უმჯობესდება და სამედიცინო გუნდი აკმაყოფილებს მოთხოვნებს“ - კონსილიუმის წევრი თენგიზ წულაძე

სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, წინა გასინჯვასთან შედარებით, გაუმჯობესებულია, სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია. ცოტა სუსტად არის, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო , - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ექსპერტთა ჯგუფის წევრმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს საუბარი და სიარული შეუძლია.

"მდგომარეობა სტაბილურია, წინა გასინჯვასთან შედარებით, გაუმჯობესებულია, სასიცოცხლო პარამეტრები ნორმაშია. ცოტა სუსტად არის, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო. ყველა პარამეტრი მთლად ნორმალიზებული არ არის, განსაკუთრებით ნევროლოგიური პარამეტრები, მაგრამ მგონი, გაუმჯობესების პროცესშია. ნევროლოგიური სტატუსი მთლად გაუმჯობესებული არ არის, არცაა მოსალოდნელი. ძირითადად სისუსტეა გამოხატული, თვალის მამოძრავებელი პრობლემები არსებობს კიდევ, რაც მაშინაც იყო გამოხატული და შესაძლებელია რამდენიმე კვირა დასჭირდეს ამის გაუმჯობესებას. სიარულიც შეუძლია და მეტყველებაც, ოღონდ სუსტად არის“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება შეკითხვას, შეძლებს თუ ვერა, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დასწრებას, რომელიც 29 ნოემბერს არის ჩანიშნული, თენგიზ წულაძემ განაცხადა, რომ ამის წინასწარ პროგნოზირება რთულია.

"29-მდე არის კიდევ 6 დღე და შეიძლება მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდეს. შესაძლებელია, რომ გაუმჯობესდეს და დაესწროს, მაგრამ ეს ნათქვამი 100%-იანი არ არის. დღეს შეიძლება ვურჩიო, რომ არ დაესწროს, მაგრამ 6 დღის მერე, შესაძლოა გაუმჯობესდეს. რომ გითხრათ, რომ მძიმე, შეუქცევადი მდგომარეობა არის მოსალოდნელი, არა.

რაც ვნახე, ჩემი აზრით, ნორმალურია, გუნდი მუშაობს. გამომდინარე იქიდან, რომ პარამეტრები დასტაბილურდა და გაუმჯობესდა, ფაქტები თავისთავად ლაპარაკობს, რომ მდგომაროება უმჯობესდება და სამედიცინო გუნდი აკმაყოფილებს მოთხოვნებს“, - აღნიშნა ექიმთა კონსილიუმის წევრმა.