ავტორი:

"საბავშვო ბაღში ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო ვანო ჩხარტიშვილის შვილი. მიშას ეს არ სიამოვნებდა, არ მგონია სწორი, რომ ამ დონეზე დაიყვანო პოლიტიკა" - ედუარდ სააკაშვილი

"საბავშვო ბაღში ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო ვანო ჩხარტიშვილის შვილი. მიშას ეს არ სიამოვნებდა, არ მგონია სწორი, რომ ამ დონეზე დაიყვანო პოლიტიკა" - ედუარდ სააკაშვილი

"რადიო თავისუფლებამ" ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვაჟთან ედუარდ სააკაშვილთან, რომელიც ამჟამად ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში ცხოვრობს და სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობს. როგორც ცნობილია, ის ხელოვნურ ინტელექტს იკვლევს.

"ეს გადაცემა ედუარდზეა და არა მიშაზე..." - ამბობს სიუჟეტის ავტორი გოგი გვახარია. გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან, რომლის ჩაწერისას მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ შიმშილობდა...

ედუარდ სააკაშვილი: " აქამდე ბერლინში ვიყავი, იქ ვმუშაობდი და ბერლინი გიგანტური ქალაქია. ეს ქალაქი მყუდროა, პატარა... მშობლიური გრძნობები მაქვს ბავშვობის გამო, ენა ვიცი კარგად. მე და ნიკუშა ერთმანეთში ახლაც ჰოლანდიურად ვლაპარაკობთ. საერთოდ როდესაც ოჯახის ერთი წევრი სხვა ენის წარმომადგენელია, როგორც წესი პირველი შვილი კარგად სწავლობს ხოლმე ამ ენას და მეორე ნაკლებად. ნიკუშა რომ გაჩნდა მე 10 წლის ვიყავი და ვიცოდი უკვე ამ ფენომენის შესახებ. მე ვიცი მხოლოდ სანდრას ჰოლანდიური, ერთმანეთშიც ჰოლანდიურად ვლაპარაკობთ. მიშამ ცუდად იცის ენა. ერთხელ სუფრაზე ვიყავით და მკითხეს, ქართველი ხარ თუ ჰოლანდიელიო. ვუთხარი ქართველი - მეთქი, რაც სანდრას ძალიან გაუკვირდა...

იქ უფრო ჩემია, ჰოლანდიის პოლიტიკაში რა ხდება წარმოდგენა არ მაქვს... ნაკლებად შემტკივა გული.

მიშა რომ 2013-ში ამერიკაში წავიდა ვერ გაძლო, მე ძალიან გამიხარდებოდა, რომ მაგ გზით წასულიყო და იქ ყოფილიყო, მაგრამ არ არის ეს მისი სტილი".

ედუარდი ამბობს, რომ სკოლის მეგობრებთან აგრძელებს მეგობრობას და საქართველოში ჩასვლისას, მათ ხშირად ნახულობს. ის იხსენებს რამდენიმე ისტორიასაც.

"შეიძლება არ უნდა ვთქვა, მაგრამ საბავშვო ბაღში ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, ვანო ჩხარტიშვილის შვილი. მიშას ეს არ სიამოვნებდა, სანდრას პირიქით. არ მგონია სწორი, რომ ამ დონეზე დაიყვანო პოლიტიკა. როდესაც მიშა პოლიტიკაშია, ეს არის მისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხი და რთულია მისთვის ამის გაგება...

ერთხელ მეშვიდე კლასში ვიყავი, დროშა ეკიდა ხუთჯვრიანი და ერთმა კლასელმა ჩამოხია, ეს "ნაცების" დროშააო. კამათში არ შევსულვარ, შეიძლება ვიღაცას ასე ეგონოს...

პოლიტიკაში მოსვლის სურვილი არ მქონია, ახლა ყველაზე ნაკლებად მაქვს. ბევრი უარყოფითია, თუნდაც პიროვნული ასპექტი. ამას თუ ოდესმე გავაკეთებ, ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იქნება. ეს სანდრას მაგალითიდანაც ჩანს. მე ძალიან წინააღმდეგი ვიყავი მისი პოლიტიკაში ჩართვის. ვურჩევდი, არ გადაედგა ეს ნაბიჯი", - ჰყვება ედუარდ სააკაშვილი.

მისი თქმით, მას და ნიკუშას ბაბუების სახელები დაგვარქვეს.

"არაფერ შუაში არ იყო ედუარდ შევარდნაძე, მაგრამ ალბათ გაუხარდა, პატარა რომ ვიყავი, ხომ მითხრა, პრეზიდენტი იქნებიო..." - ამბობს ექსპრეზიდენტის ვაჟი და აგრძელებს:

"სანდრას მე უფრო ვუყვები ხოლმე თბილისის ამბებს. მიშა როცა დაბრუნდა, მე ჰოლანდიაში ვიყავი. რეალურად ჩემთანაც იმავეს საუბრობს, რასაც "ფეისბუქლაივებში". "ქართული ოცნება“ რომ მოვიდა ხელისუფლებაში სტრესული მომენტი იყო, არ ვიცოდი, როდის დაიწყებდნენ დევნას, მაგრამ მიშამ გადააბარა ხელისუფლება, ძალიან მომეწონა. ალბათ მას ჰქონდა იმედი რომ საფუძველი ჩაეყრებოდა მშვიდობიან გადაბარებას და არ დაიწყებოდა დევნა. კოჰაბიტაციის გამო მეგონა, რომ აქეთ მიდიოდა საქმე და ეს მომწონდა... თვეები იძახდა მიშა, ჩავდივარ, ჩავდივარ... მეც რომ შევხვდი იგივე მითხრა. ახლა ვფიქრობ, როგორც შვილი, რომ რა კარგი იქნებოდა არ ჩასულიყო და ისევ უკრაინაში იყოს, შემეძლოს ვესტუმრო. დავფიქრდი და მივხვდი, რომ მას ურჩევნია იქ იჯდეს ციხეში, ვიდრე კიდევ დარჩენილიყო კიევში. მას უნდა იყოს ისტორიული ფიგურა, თავგანწირვა - ეს მისთვის ძალიან რეალურია. მაღიზიანებს რომ ამბობდნენ, არა, რა შიმშილობდა, ერთ კვირაში შეწყვეტსო. ამ დროს ბოლომდე დარჩება მისი დათქმის ერთგული. ურჩევნია გარისკოს. ეს ჩემთვის საშინელებაა. მესმის, რომ მას უნდა ეს, რაღაც დონეზე პატივი უნდა ვცე მის არჩევანს. ეს მისი გზა არის და ისიც მართალია, რომ პატიმარს აქვს ამის უფლება. მთელი ამ წლების განმავლობაში როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" იყო ხელისუფლებაში ბევრი რაღაც დაგროვდა, ლეგიტიმურად. მიშასთან ამაზე მისაუბრია. ახლა რა ხდება, ამ ყველაფერს იყენებენ იმისთვის, რომ განახორციელონ პოლიტიკური ანგარიშსწორება. ამ დროს ინტერესით მიქრება და ვეღარ ვფიქრობ ობიექტურად..." - ამბობს ედუარდ სააკაშვილი. იხილეთ ინტერვიუ