ავტორი:

ვარძია, ღვინის კულტურა, ადგილი, სადაც საუკუნეების წინ ყურძენს წურავდნენ და ვენახის უძველესი ტერასები - რას უყვება BBC-ი მსოფლიოს საქართველოზე

ვარძია, ღვინის კულტურა, ადგილი, სადაც საუკუნეების წინ ყურძენს წურავდნენ და ვენახის უძველესი ტერასები - რას უყვება BBC-ი მსოფლიოს საქართველოზე

BBC-ი უძველეს ქართულ მეღვინეობას სიუჟეტს უძღვნის, რომლის ავტორიც საზოგადოებას სამცხე-ჯავახეთისა და ადგილობრივი უნიკალური ღვინის კულტურის შესახებ უყვება, უძველეს გამოქვაბულებს ათვალიერებინებს, სადაც საუკუნეების წინ, ღვინოს ამზადებდნენ. ასევე აჩვენებს მე-12 საუკუნის დროინდელ ვენახისთვის განკუთვნილ ტერასებს, რომლის აღდგენასაც ახლა ადგილობრივები ცდილობენ.

"საქართველოში, მეღვინეობის კუთხით, ეს ძველად მთავარი ადგილი იყო, თუმცა მე-16 საუკუნეში ოსმალები შეიჭრნენ და ღვინის კულტურა გაანადგურეს. ადგილობრივები ახლა უძველესი, საუკუნეების წინანდელი მემკვიდრეობის აღდგენაზე მუშაობენ“, - ნათქვამია სიუჟეტში.

BBC-ის აღნიშნულ საკითხზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფი, თამარ ხარძიანი ესაუბრა:

“სამცხე ჯავახეთის ლანდშაფტი განსაკუთრებულია, რადგანაც ის ნამდვილად არის ერთობლივად შექმნილი ადამიანისა და ბუნების მიერ. ამის საუკეთესო მაგალითია ვარძიის სამონასტრო კომპლექსი ერუშეთის ქედზე.

  • მე-12 საუკუნეში გავრცელებული პრაქტიკა იყო ვენახებისთვის ტერასების გაკეთება. ამის მტკიცებულებაა ვარძიის ტერასები, რომელიც იყო ვარძიის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი.

  • მეღვინეობა განუყოფელი ნაწილი იყო ქართული იდენტობის. ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, ივანე ჯავახიშვილი ავითარებდა იდეას, რომ მტრებმა, დამპყრობლებმა იცოდნენ, რომ ქართული ეკონომიკის ძალა მეღვინეობა იყო. როგორც ის ამბობდა, როდესაც ვინმეს საქართველოს განადგურება სურდა, ის საქმეს ვაზის განადგურებით იწყებდა", - ამბობს თამარ ხარძიანი.

ბრიტანულ მაუწყებელს ქართული ღვინის კულტურის შესახებ ესაუბრა მეღვინე, გიორგი ნათენაძეც.

"ამ ადგილის ისტორიული სახელი ხიზაბავრას ღვინის ტერასებია. ეს არის პირველი ტერასები, რომელიც რეაბილიტირდა, აღდგა და დაირგო ვაზი. საქართველოში ეს ვენახის პირველი ტერასაა. ოსმალებმა რეგიონი მე-16 საუკუნეში დაიპყრეს და ამ პერიოდიდან აქ ღვინოს აღარ აკეთებდნენ.

ყველაზე ძველი ვაზი, რომელიც შეგიძლიათ ამ რეგიონში ნახოთ, ეს არის "ცხენის ძუძუ თეთრი“ - არის ორსაუკუნოვანი ვაზი“, - ამბობს გიორგი ნათენაძე. მანვე BBC-ის გადამღებ ჯგუფს ის ადგილი დაათვალიერებინა სადაც ძველად ყურძენს წურავდნენ.

"ყურძენს აქ წურავდნენ. ორი, ან სამი ადამიანი ფეხით წურავდა. წვენს ცხოველის ტყავში ათავსებდნენ და მისი საშუალებით ვარძიის მღვიმეების ქალაქში მიჰქონათ დასადუღებლად“, - ამბობს ნათენაძე.

BBC-ი აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მთელი საქართველოს მასშტაბით, სოფლები დაიცალა, ეს ტენდენცია შეეხო სამცხე-ჯავახეთის სოფლებსაც, რამაც მეღვინეობის განვითარებას ხელი შეუშალა, თუმცა ახლა ადგილობრივები ყოველივეს აღდგენას გეგმავენ და აქვთ გეგმა, რომ აღადგინონ სოფლები, ისტორიული ნაგებობებით, როგორც უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა.

წყარო: BBC.com