ავტორი:

"გიორგობის დღესასწაულზე რუსეთში საქართველოს ჰიმნი ავაჟღერეთ" - ქართველი სპორტსმენების მორიგი ტრიუმფი რუსეთში და დათო გაბელაიას კომენტარი

"გიორგობის დღესასწაულზე რუსეთში საქართველოს ჰიმნი ავაჟღერეთ" - ქართველი სპორტსმენების მორიგი ტრიუმფი რუსეთში და დათო გაბელაიას კომენტარი

ქართველი სპორტსმენების მორიგი ტრიუმფი და რუსეთში აჟღერებული ქართული ჰიმნი - ეკატერინბურგში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კლასიკურ წოლჭიმში, ქართველმა სპორტსმენებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვეს. ღია ასაკობრივი 93 კილო წონით კატეგორიაში ოქროს მედალი, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონმა, საქართველოს რეკორდსმენმა დავით გაბელაიამ მოიგო.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი გაბელაია პირველი ქართველი წოლჭიმელია, რომელმაც ამ კატეგორიაში მოიპოვა ევროპის პირველი ადგილი.

19-წლმდელებში ოქრო ჯაბა სეფიაშვილმა მოიპოვა, 23 წლამდელთა კატეგორიაში კი - ლუკა ორბელაშვილმა და ბაჩო რუხაძემ. ვეტერანთა შორის კი ევროპის ჩემპიონი, საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის გენერალური მდივანი ელგუჯა კვიკვინია გახდა.

ევროპის ჩემპიონატი ეკატერინბურგში 21 ნოემბერს გაიხსნა და ხვალ, 25 ნოემბერს ოფიციალურად დაუხურება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია ევროპის ჩემპიონატზე 6 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, საიდანაც 5-მა ოქროს მედალი აიღო. ეს კი ჯამში, მეორე გუნდური ადგილია წლევანდელ ჩემპიონატზე.

დავით გაბელაია:

"ასპარეზობაში მოვუგე რუსეთისა და თურქეთის წარმომადგენლებს და შესაბამისად, გავედი პირველ ადგილზე. ევროპის ჩემპიონატის ღია ასაკობრივ ჯგუფში საქართველოდან ასეთი წარმატება ჯერ არ დაფიქსირებულა. პირველი ასეთი შედეგი მე დავაფიქსირე. შესაბამისად, ეს ყველაფერი ძალიან შთამბეჭდავია და ვამაყობ საკუთარი თავითაც, ასევე, იმ ბრძოლითაც, რა ბრძოლაც ამ გზაზე გამოვიარე.

თავს არ ვზოგავდი იმისთვის, რომ გამარჯვება მომეპოვებინა და ასეც მოხდა. შრომა დამიფასდა. ყველაზე მეტად აღსანიშნავი ის არის, რომ გიორგობის დღესასწაულზე რუსეთში მოვიგე ევროპის ჩემპიონატი, საკმაოდ რთულ და დაძაბულ ბრძოლაში. ავაჟღერეთ აქ საქართველოს ჰიმნი და ეს იყო ძალიან დიდი წარმატება ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში. უზომოდ გახარებული ვარ. თავს არ ვზოგავდი, რომ გამემარჯვა და ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე მესახელებინა.“