ავტორი:

"აქ უცხოელი მასწავლებლები უყვართ, რადგან არ ვიყენებთ სახაზავით ცემას... ბავშვები დილის 6 საათზე იღვიძებენ" - ჩინეთში მოღვაწე ქართველი პედაგოგის საოცარი ნაამბობი

"აქ უცხოელი მასწავლებლები უყვართ, რადგან არ ვიყენებთ სახაზავით ცემას... ბავშვები დილის 6 საათზე იღვიძებენ" - ჩინეთში მოღვაწე ქართველი პედაგოგის საოცარი ნაამბობი

ახალგაზრდა, ქართველი პედაგოგი ლელა მოწყობილი მესამე წელია ჩინეთში მოღვაწეობს... იგი ჩინეთიდან გვესაუბრა და გვიამბო პანდემიის პირობებში რატომ გრძნობდა და გრძნობს ყველაზე დაცულად თავს იქ, საიდანაც ვირუსი მთელს მსოფლიოში გავრცელდა.

- ჩინეთში 2 წლის წინ, 2019 წლის სექტემბერში წამოვედი და პანდემიაც მალევე დაიწყო... საქართველოდან უფრო ადრე მეკითხებოდნენ, ხომ მშვიდობაა მანდ, ვირუსის შესახებ საუბრობენო, მაგრამ ჩემს ქალაქში 2020 წლის, 21 იანვრამდე არაფერი მიგრძვნია. 21 იანვარს, როცა უკვე ჩემი პროვინციის რეგიონში ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, მეორე დღეს ყველას ნიღბები გვეკეთა...

წამოსვლაზე არ მიფიქრია, რადგან ჩემი თანამშრომლები და კომპანიის ხელმძღვანელები აბსოლუტურად მშვიდად იყვნენ და მარწმუნებდნენ რომ უსაფრთხოდ ვიყავით, ჩვენი ქალაქი - იანანი კარგად კონტროლდებაო... პატარა ქალაქია, 3 მილიონი მოსახლეა სულ. საბედნიეროდ მე ვირუსი არ შემხვედრია. ამ დროს უზარმაზარ სკოლაში ვმუშაობდი და უამრავ მასწავლებელს რომ ვკითხე, არც მათ და არც მათ ახლობლებს არ შეხვედრიათ. ასე ამბობდნენ, ვირუსი აქ კი არა, ვუჰანშიაო, თითქოს ვუჰანი მარსზე ყოფილიყო და არა ჩინეთში. 2020 წლის თებერვალში მხოლოდ 6 შემთხვევა დაფიქსირდა და მას შემდეგ იქ ვირუსის შემთხვევა არ გვქონია...

თუმცა, მთელს ჩინეთში საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მუშაობა პირველ ივნისამდე შეაჩერეს. საშუალო და დაწყებითი სკოლები, ასევე ტრენინგ ცენტრები ონლაინ სამუშაო რეჟიმზე გადავედით. მხოლოდ ბაღებში დასაქმებული უცხოელი მასწავლებლები აღმოჩნდნენ პრობლემის წინაშე, რადგან ბაღები ონლაინ გაკვეთილებზე არ გადასულან ბავშვების ასაკიდან გამომდინარე... ახლა ვცხოვრობ სამხრეთ ჩინეთში, ქალაქ - ჩონჩინში და ბაღის პედაგოგად ვმუშაობ. იმ უბანში, სადაც ახლა ვარ, ერთი შემთხვევა დაფიქსირდა და მაშინვე მაღალი რისკის ტერიტორიად გამოცხადდა.

აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ვინც კი აქ ვცხოვრობთ და ვმუშაობთ, ტესტირება ჩაგვიტარდა და ბაღი 2 კვირის მანძილზე დაკეტილი იყო.... ჩინელებს მაღალი ნდობა აქვთ ხელისუფლების მიმართ და მშვიდად არიან. როცა პანდემია დაიწყო, ჩინურ სოციალურ ქსელში ვიჩატში (ფეისბუქის მსგავსია) მხოლოდ აქ დასაქმებული უცხოელები წერდნენ და ლოცულობდნენ პანდემიისგან ჩინეთის გადარჩენაზე, თორემ თავად ჩინელები კობი ბრაიანტის თავს დატრიალებულ ტრაგედიაზე პოსტავდნენ მხოლოდ. ჩემი ამჟამინდელი ქალაქი ჩონჩინი (მოსახლეობა 15 მლნ) გამოცხადდა მაღალი რისკის შემცველ ქალაქად 1 ნოემბერს და როცა ვიკითხე, რამდენი შემთხვევა გვქონდა ვირუსის, აღმოჩნდა რომ აქაც 6 შემთხვევა იყო მხოლოდ. 6 შემთხვევა აქ მაღალ ციფრს ნიშნავს, როცა კოვიდზეა საუბარი.

- ანუ ძალიან წესრიგია?

- დიახ, აქ წესრიგია, თავს მშვიდად ვგრძნობ და ფაქტობრივად, მესამე წელია ვირუსის გარეშე ვცხოვრობ. ალბათ, საინფორმაციო ვაკუუმში რომ ვიყო და არ ვიცოდე, რა ხდება ჩემს ქვეყანასა და ზოგადად მსოფლიოში, ვირუსის არსებობა დამავიწყდებოდა. როცა ჩინეთმა პანდემია დაამარცხა და სკოლები გაიხსნა, ჩემმა ერთ-ერთმა ჩინელმა კოლეგამ ნაწყენი ტონით მკითხა, თუ რატომ წერდა დასავლური პრესა ცუდ სტატიებს ჩინელებსა და ჩინეთზე... ეს ის დრო იყო, როცა ვირუსი უკვე ამერიკაში და ევროპაში გავრცელდა. იუმორით გეტყვით, დამაბნია მისმა გულუბრყვილო შეკითხვამ... ჩინელები, მსოფლიოში ვირუსის გავრცელების მიზეზად იმას თვლიან, რომ დასავლელ ხალხს გვიყვარს თავისუფლება და არ ვართ ისეთი კანონმორჩილები, როგორც თვითონ... როდესაც სამსახურებში სამთვიანი პაუზა გვქონდა, ეს მათთვის არ გამხდარა შფოთვის მიზეზი, პირიქით, ბედნიერები იყვნენ, რომ საშუალება მიეცათ 3 თვე ოჯახთან გაეტარებინათ. საშუალო სკოლის მასწავლებლები სკოლაში დილით 7-ის ნახევარზე უნდა გამოცხადდნენ და უმრავლესობა სამუშაო დღეს ღამის 10 საათზე ასრულებს. აქედან გამომდინარე, ალბათ არ იყო გასაკვირი მათი სიხარული.

- როგორი ვითარებაა აცრებზე?

- ვინც საგანმანათლებლო დაწესებულებებშია, ყველას მოგვთხოვეს აცრის ჩატარება. ახლა როგორ არის არ ვიცი, მაგრამ ერთი თვის წინ რომ ვიკითხე, ჩინეთში შემოსვლა რომელი ვაქცინით აცრილს შეეძლო, აღმოჩნდა რომ მხოლოდ ჩინურით და არა ფაიზერით ან მოდერნათი... როცა ვაქცინაციის საკითხი წამოიჭრა, ჩემი ჩინელი კოლეგები არ უყურებდნენ ამ საკითხს დადებითად, მითხრეს, არ იქნება საჭირო, რადგან უსაფრთხო ქალაქში ვცხოვრობთო, მაგრამ შემდეგ, როცა მთელს ჩინეთში სავალდებულო გახდა, აიცრნენ.... მე ვფიქრობ აქაური მედია კარგად მუშაობს ამ მიმართულებით, თორემ ჩინელები ისეთი ხალხია, ინექცია კი არა, წამალს არ სვამენ და ტკივილგამაყუჩებელი რა არის, ის ვერ გავაგებინეთ პეკინის უნივერსიტეტდამთავრებულ პედაგოგს. ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას ერთადერთი წამალი აქვს - ცხელი წყალი... თუკი ეტყვი, არ მიშველა ცხელმა წყალმაო, გეტყვიან, მაშინ უფრო მეტი ცხელი წყალი დალიეო...

- გვიამბეთ თქვენს შესახებ...

- ქობულეთიდან ვარ, დაახლოებით 2 წლის წინ გადავწყვიტე ჩინეთში წამოსვლა, რადგან ძალიან მაინტერესებდა ამ ქვეყნის კულტურა. ინგლისურის მასწავლებლად ვმუშაობ... 2 წელი ვიმუშავე საშუალო სკოლაში, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებს ვასწავლიდი. აქ ერთ კლასში 50 და მეტი მოსწავლე ზის. არის სკოლები, სადაც მასწავლებელს ერთ კლასში 80 მოსწავლე უზის. პირადად მე მყავდა დაახლოებით 1200 მოსწავლე, კვირაში 22-25 გაკვეთილს ვატარებდი. ბავშვებს ძალიან უყვართ უცხოელი მასწავლებლები, როცა გხედავენ, უკვე უყვარხარ. რადგან ჩვენ არ ვიყენებთ იმ ჩინურ სწავლების მეთოდებს, რასაც ჩინელი მასწავლებლები იყენებენ - სახაზავით ცემა, აურაცხელი საშინაო დავალებები, უამრავი ტესტირება...

ჩინელი მოსწავლეები არიან ძალიან კომუნიკაბელურები და თბილები, ყოველთვის სიყვარულს გამოხატავენ. როცა გაკვეთილზე შედიხარ, ტაშით გხვდებიან, გაკვეთილის ბოლოს მადლობას გიხდიან საინტერესო გაკვეთილისთვის. აქვთ საშინლად სტრესული რეჟიმი - დილით უნდა გაიღვიძონ 6-ის ნახევარზე, შემდეგ მასწავლებლებთან ერთად უნდა ირბინონ სტადიონზე 20 წუთის მანძილზე, შემდეგ ეწყებათ გაკვეთილები და ღამის 10-ის ნახევარზე სრულდება მათი სასწავლო დღე. ღამის 10-ზე უკვე უნდა დაიძინონ.

სკოლაში, სადაც ვმუშაობდი, ბავშვები ღამით, სკოლის საცხოვრებელში რჩებოდნენ. მხოლოდ თვეში ერთხელ მიდიოდნენ სახლებში. თავიდან ვიფიქრე, რომ ეს სკოლა უზრუნველყოფდა ფინანსურად ნაკლებად უზრუნველყოფილი ბავშვების განათლებას, მაგრამ რეალობა აღმოჩნდა საპირისპირო - სკოლაში ყველა ბავშვი იყო ძალიან მდიდარი ოჯახებიდან და მშობლების მიერ შვილების სკოლაში საცხოვრებლად მიყვანა ემსახურებოდა ერთ მიზანს, რომ ბავშვებს მაქსიმალურად კარგად ესწავლათ კონტროლის პირობებში, რადგან სახლში, ტელეფონის და კომპიუტერის გამო ისინი კარგად ვერ იმეცადინებდნენ. პანდემიამდე, ჩემი სკოლის მოსწავლეები სკოლას მიჰყავდა ექსკურსიებზე ლოს-ანჯელესში, ახალ ზელანდიასა და ტოკიოში. მშობლები აფინანსებდნენ ამ მოგზაურობას.

სკოლებს აქვთ სტანდარტული, უზარმაზარი სტადიონები. სტანდარტული ზომის საკალათბურთო მოედნები, სპორტს დიდ ყურადღებას აქცევენ. ფიზკულტურის გაკვეთილების გარდა, ბავშვებმა უნდა ირბინონ დღეში 2-ჯერ 20-20 წუთი - დილით და შუადღეს. სკოლაში არის უამრავი კლუბი, 50-ზე მეტი... ისტორიის, თანამედროვე ტექნოლოგიების, მზარეულის, ინგლისურის, ფიზიკის, ბადმინტონის და ა.შ. მოსწავლეები სხვადასხვა კლუბებში ნაწილდებიან. ბავშვები ფიზაქტივობას ისე არიან შეჩვეულები, გაკვეთილებს შორის შესვენების დროს (10 წუთი) ყველა კალათბურთს, ჩინურ ჭადრაკს თამაშობს...

მიუხედავად მრავალი დადებითისა, დიდი მინუსი არის ის, რომ სკოლაში ასეთი აურაცხელი დავალებების, სტრესის და ზეწოლის გამო თინეიჯერ მოსწავლეებში, სამწუხაროდ, არც ისე იშვიათია თვითმკვლელობა. როგორც მითხრეს, მოსწავლეების მხოლოდ 50% შეძლებს უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა, დანარჩენი ბავშვები პროფესიულ სასწავლებლებში გადანაწილდებიან. ყველა მშობელს უნივერსიტეტში სურს შვილი იხილოს, ამიტომ ისინი მოითხოვენ, მათ შვილებს მაღალი ქულები ჰქონდეთ. თუ ქულები არ გეყო დიდი ქალაქის უნივერსიტეტისთვის და მის ნაცვლად რომელიმე პატარა ქალაქის უნივერსიტეტში მოხვდი, სხვა ქალაქში ვერასდროს იმუშავებ.