ავტორი:

"რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ ფუტკარაძეს, რიჟვაძის მამის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ" - რას პასუხობს ბრალდებას თორნიკე რიჟვაძე

"რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ ფუტკარაძეს,  რიჟვაძის მამის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ" - რას პასუხობს ბრალდებას თორნიკე რიჟვაძე

ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციაში განაცხადეს. როგორც პარტიის წევრი გიორგი კირთაძე აცხადებს, მათ შესაბამის მტკიცებულებად აუდიო ჩანაწერი აქვთ.

"ყველამ კარგად იცით, რა შედეგებით დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბათუმში. "ქართული ოცნება" ოპოზიციაში გადავიდა, 19 წევრი ოპოზიციამ და 16 კი "ქართულმა ოცნებამ" გაიყვანა. ამის შემდეგ ღარიბაშვილისა და კობახიძის ვიზიტი იყო ბათუმში და დაგვიანონსეს, რომ "ქართულ ოცნებას" ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ექნებოდა. გაცხადებულად პირდაპირ ნიშნავდა, რომ საკრებულოს წევრებზე არნახული მასშტაბის ზეწოლა იწყებოდა. პირველი შეძლეს გახარიას წევრებზე ზეწოლა და ამის შემდეგ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციიდან ერთი ადამიანის გადაყვანა მათთან და უმრავლესობით ყოფილიყვნენ, წარმოდგენილი ბათუმის საკრებულოში. ჩვენი ფრაქციის წევრებზე მიმდინარეობდა ზეწოლა და ერთ-ერთი პირველი, ვისზეც ზეწოლა და მოსყიდვა დაიწყეს, იყო ნუგზარ ფუტკარაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს. ბატონ ნუგზართან დაკავშირებით, თორნიკე რიჟვაძის მამის დავით რიჟვაძის დავალებით სათავეში ჩაუდგა, ასლან აბაშიძის მმართველობის დროინდელი ყოფილი მაღალჩინოსანი ძალოვანი, ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე. ვაჟა თაბაგიძე ასლან აბაშიძის დროს სამძებროს უფროსის პოზიციას იკავებდა და ბადრი ბაკურიძე კი უშიშროების უფროსი იყო. ორივე მათგანს რევოლუციის შემდეგ აჭარიდან წასვლა მოუწია და ივანიშვილის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ჩვენს ქალაქში დაბრუნდნენ.

მათ ნუგზარ ფუტკარაძესთან არაერთი შეხვედრა გამართეს, ჩვენ ამის შესახებ საქმის კურსში ვიყავით. როცა ეს გაუსაძლის ამბავს და ხასიათს იძენდა, ბატონმა ნუგზარმა თვითონვე გააკეთა ჩანაწერები და დარწმუნებული ვარ, მეორე მხარეც ამ ჩანაწერებს აკეთებდა. ბატონ ნუგზარმა ეს ჩანაწერი პირადად მე მომაწოდა, ჩანაწერი აუდიო სახის არის და მას წარმოგიდგენთ. ვაჟა თაბაგიძე, ამავდროულად არის ხელვაჩაურის ახლად არჩეული მერის, ზაზა დიასამიძის ბიძა, მისი სახელითაც არიან მისული ბატონ ნუგზართან. ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე ნუგზარ ფუტკარაძეს 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ",- აცხადებს გიორგი კირთაძე.

ზეწოლასა და მოსყიდვასთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ჩანაწერში მისი ოჯახის წევრი არ ფიგურირებს, ბოდიშის მოხდას მოითხოვს. მისივე თქმით, ნუგზარ ფუტკარაძის ხსოვნას თანაგუნდელებმა პატივი უნდა სცენ და მის სახელს მოუფრთხილდნენ.

"კიდევ ერთხელ მინდა მიუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახის წევრებს. ამ ადამიანის ხსოვნა და მისი სახელის მოფრთხილება ითვალისწინებს, რომ მეტად ღირსეულად მოექცნენ მათივე თანაგუნდელები. წინასწარ დაანონსებული ჩანაწერების შინარსზე მე ვერ გავაკეთებ კომენტარს. მერწუნეთ, რომ თუ ჩემი ოჯახის წევრი რომელიმე ჩანაწერში არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას",- აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

ინფორმაციისთვის, ბათუმის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" არჩეული დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.