ავტორი:

"რეგიონში ამ პროფესიის ადამიანს ვერ იპოვით... თავიდან ოჯახმაც არ აღმიქვა სერიოზულად" - ექიმი ქალის გზა დურგლობამდე და ავტოფარეხში დაწყებული ბიზნესის ამბავი

"რეგიონში ამ პროფესიის ადამიანს ვერ იპოვით... თავიდან ოჯახმაც არ აღმიქვა სერიოზულად" - ექიმი ქალის გზა დურგლობამდე და ავტოფარეხში დაწყებული ბიზნესის ამბავი

ქალი დურგალი სამეგრელოდან - თავს ასე გაცნობს და ძალიან მოსწონს, რომ მისი იდენტიფიცირება სწორედ ასე ხდება.

"კი, დურგალი ვარ, ხის ოსტატი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სტატუსით უფრო მეტმა ადამიანმა გამიცნოს. დაიჯეროს თავისი შესაძლებლობების და რაც მე გამომივიდა, სხვასაც შეუძლია, გამოუვიდეს. ამასთან, ნებისმიერ პროფესიას დაეუფლოს, რასაც მოისურვებს," - გვეუბნება ციცინო შენგელია, ზუგდიდელი ქალბატონი, რომელიც პირველი პროფესიით ექიმია. შემდეგ ცხოვრებამ მოიტანა და სამსახური ბანკშიც დაიწყო.

მერე კვალიფიციური სპეციალისტი რომ ყოფილიყო, სწავლა ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით გააგრძელა. ამ ეტაპზე არასამთავრობო ორგანიზაციაში არაერთ საინტერესო პროექტზეც მუშაობს, თუმცა დურგლობა მისთვის მაინც უმთავრესია.

მოკლედ, სამედიცინო სფეროსთვის გამზადებული ადამიანი ასე აღმოჩნდა ხის ოსტატი, რის გამოც ახლობლები ეხუმრებიან - ექიმი, მეწარმე, ლიდერი - ამაზე ციცინოს ეღიმება.

"ეს ბოლო სამი წელია, რაც ხის დეკორატიულ დამუშავებაზე აქტიურად გადავერთე. ისე, ბავშვობიდან სულ მიტაცებდა ხელსაქმე. ვცდილობდი, რაღაც გამომსვლოდა, მაგრამ ყველაფერი ყოველთვის ჰობის დონეზე იყო... სამი წლის წინ პირველად შევეხე ლაზერული ჭრის აპარატს და ფანერზე ვიმუშავე, მაგრამ მომეჩვენა, რომ ეს მასალა ცოცხალი არ იყო. ამიტომ მასალის შეცვლა მომინდა, ხის ნაკეთობები მომწონდა, მაგრამ გაირკვა, რომ მას მანქანა-დანადგარები სჭირდება, რომელიც არ მქონდა.

ყველა ხეს თავისებური დამუშავება უნდა. ამიტომ დავიწყე ინტერნეტში სხვადასხვა ვიდეოს ყურება, ხის დამუშავებაზე მასალებსაც ჩავუჯექი - ქართულად სამწუხაროდ ბევრი ლიტერატურა არ გვაქვს და ხელმისაწვდომ სივრცეებშიც არ არის. ერთ მშვენიერ დღეს დავჯექი და ჩემით რაღაც გავაკეთე,“ - გვიყვება ხის ოსტატი.

- პირველად რა შექმენით?

- ერთი პერიოდი ხის ჩანთები ისეთი მოდური და ტრენდული აქსესუარი იყო, რომ ძალიან მომინდა, მქონოდა, რასაც ჩემი ბიუჯეტი ვერ წვდებოდა. ამიტომ საკუთარი ხელით გავაკეთე. ის თექის ელემენტების შერწყმით შევქმენი - ერთმანეთთან დავაკავშირე. ჩემი პირველი ნამუშევრით ზუგდიდში თავი მოვიწონე. კარგი გამოხმაურება ჰქონდა. მეკითხებოდნენ - სად შევიძინე, რა გადავიხადე - კომპლიმენტებით კარგად გავერთე. მერე სხვებმაც მთხოვეს, გაგვიკეთე და გადავიხდითო. თან რამდენიმე მსურველი მოგროვდა. უკვე დავფიქრდი, - ამან შეიძლება, ეკონომიურად სარგებელიც მომიტანოს-მეთქი, გარდა იმისა, რომ ეს პროცესი სიამოვნებას მანიჭებდა.

- ე.ი. თავიდან ბიზნესსა და წარმოებაზე არ ფიქრობდით...

- არა - თავიდან უბრალოდ სტრესული გარემოსგან თავის დასაცავად ხეზე მუშაობით თერაპია მინდოდა მიმეღო... სხვათა შორის, ჩემი ოჯახის წევრებსაც ასეთი განწყობა ჰქონდათ - რამდენი ხანი იქნება ასე, მალე „გადაუვლის“, სერიოზულად ვერ აღიქვეს, რა დურგალი ქალი? რა ჩარხი? - ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ. მსგავსი განწყობა სხვებსაც ჰქონდა, ქალი და ხეზე მუშაობა არასერიოზულია. თან ისეა, რომ ეს სფერო სულ კაცებს აქვთ დაკავებული...

- ქალი დურგალი აქამდე არც შემხვედრია... მოკლედ, სტერეოტიპი დაამსხვრიეთ...

- მით უფრო, რეგიონში ამ პროფესიის ადამიანს ვერ იპოვით... ჩემთვის ესეც ძალიან მნიშვნელოვანი იყო... ტრენინგებზე ვასწავლი, რომ შეგიძლიათ, ბევრ რამეს მიაღწიოთ, შეცვალოთ, გააკეთოთ. ჰოდა, მივხვდი, რომ თუ თავს როგორც ქალი დურგალი დავაფიქსირებდი, ეს სხვა ქალებისთვის მაგალითი, სტიმული შეიძლება, ყოფილიყო. თუმცა მართლა ბევრი დაბრკოლებაა, როდესაც ქალი მეწარმეობაში ხარ.

- საბოლოოდ გარდამტეხი რა აღმოჩნდა, რომ მეწარმედ ჩამოყალიბდით და აქამდე მოხვედით?

- ალბათ ის, რომ პირველი წარუმატებელი მცდელობის მერე, როდესაც "აწარმოე საქართველოში" განაცხადი შევიტანე, იქაც ვერ აღიქვეს ქალი დურგალი და ჩარხი. კითხვები ჰქონდათ, - ვის სჭირდებაო? როდესაც განაცხადი მეორედ შევავსე და დაფინანსება მივიღე, მივხვდი, რომ უკვე ხელის ჩაქნევის უფლება არ მქონდა. არ უნდა გავჩერებულიყავი და უნდა მემუშავა. იმ პერიოდში აღმოვაჩინე, რომ შემიძლია, სამზარეულო ხაზის დამუშავება.

- დაფინანსება დანადგარების შესაძენად გჭირდებოდათ?

- კი, რომ მანქანა-დანადგარები, ჩარხი მეყიდა. ეს ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთან ხის წარმოებას სჭირდება სივრცე, მოკლედ, დაფინანსება იმაში დამეხმარა, რომ პრიორიტეტები დამელაგებინა. რაც შეეხება სივრცეს, ამისთვის ჩემი ავტოფარეხი გამოვყავი. ასე რომ, ეს ავტოფარეხში დაწყებული ბიზნესია. ოჯახის წევრები დამცინიან, რომ ყველა დიდმა მეწარმემ ასე ავტოფარეხში დაიწყო საქმიანობა. ვნახოთ, შენ რას იზამო?! დღეს უკვე ერთ ახალგაზრდა გოგონასთან ვთანამშრომლობ, რომელიც მეხმარება და თან, სადურგლო საქმეს სწავლობს.

- სამზარეულოს ხაზზე რას გვეტყვით...

- სამზარეულო ხაზს "აღადგინე ქართული სამზარეულო" დავარქვი. ვაკეთებ სხვადასხვა ზომის ხის კოვზებს, ხის ჩანგლებს, ყველაზე პოპულარულია ღომის ჩოგანი. ოჯახში სულ გვქონდა პრობლემა, შესაბამისი ფორმა ჰქონოდა ღომის ჩოგანს, ყოფილიყო მოსახერხებელი. ამიტომ ჩემი მკლავისა და ღომის ქვაბის ზომის შევქმენი (სამეგრელოში, მოგეხსენებათ, ყველას გვაქვს ღომის ქვაბი) და ის სასურველი აღმოჩნდა ყველასთვის. დიასახლისები კმაყოფილები არიან, მოსწონთ.

- შეიცვალა თქვენი საქმიანობის მიმართ ოჯახის წევრების დამოკიდებულება?

- თავიდან, როგორც გითხარით, სერიოზულად არ უყურებდნენ ამას, მოლოდინი ჰქონდათ, რომ "გამივლიდა". მერე მიხვდნენ, რომ ჩემი საქმიანობა უკვე სრულიად სხვა ეტაპზე გადავიდა, რადგანაც ინტენსიურად ვიყავი ამ ყველაფერში ჩართული. მიხვდნენ, ეს ამას მართლა არ ეშვება და ჯობია, მხარში ამოვუდგეთო... მეუღლე, ერთი შვილი, 15 წლის ბიჭი მყავს და დედა.

- ახლა რა არის თქვენთვის მთავარი?

- ვაკეთო ეს საქმე, რასაც დიდი სიყვარულით ვემსახურები. მომხმარებელს ყოველთვის ვცდილობ, თავლებში ვუყურო, დავაკვირდე, გავითვალისწინო მათი სურვილები. მივაწოდო პოზიტიური ენერგია. ჩემი ნახელავით კმაყოფილები იყვნენ. ზოგს საჩუქრად უნდა - სასიამოვნო პროცესია, ადამიანს ხელი შეუწყო, სხვა გაახაროს. ეს ყველაფერი სიხარულს მანიჭებს, ჩემს საქმე განსაკუთრებულად ვაფასებ.